ინფექციური დაავადების გავრცელების გამო ლაგოდეხის მეორე საბავშვო ბაღის ერთ-ერთ ჯგუფში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ერთი თვით შეწყდა - ვითარების გართულების თავიდან ასაცილებლად კარანტინი გამოაცხადეს. ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. პარალელურად რეგიონში მიმდინარეობს წითელას საწინააღმდეგო აცრები, თუმცა მოქალაქეთა მიმართვიანობა დაბალია.
ლაგოდეხის ნომერ მეორე ბაგა-ბაღში, ერთ-ერთ ჯგუფში, ინფექციური დაავადება ჩუტყვავილას მასობრივი გავრცელების გამო კარანტინი გამოცხადდა და 5-6 წლის ბავშვების ჯგუფი ერთი თვით დაიხურა. ჯგუფში 25 აღსაზრდელი ირიცხება და, როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, მათგან 30 პროცენტს ჩუტყვავილა დაუდგინდა. ლაგოდეხის მერის, ჯონდო მდივნიშვილის, თქმით, იმისათვის რომ ინფექციური დაავადება მთელ სააღმზრდელო დაწესებულებაში არ გავრცელებულიყო, მედიკოსებმა, ბაღების გაერთიანებამ და მერიამ ერთი ჯგუფის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს, ჯგუფში კი სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარეს.
„მეორე ბაღის ერთი ჯგუფი დახურული იქნება 1 აპრილამდე. სადეზინფექციო სამუშაოებიუკვეჩატარებულია. ასევე ყველა ადამიანმა, ვისაც კონტაქტი ჰქონდა ბავშვებთან, - მათ შორის ძიძამ და აღმზრდელმაც, - გაიარა ექიმთან შემოწმება. ბაღის გამგე ყოველდღე კითხულობს პატარების მდგომარეობას. ისინი კარგად არიან,მაგრამ ბაღში სხვა ჯგუფები ჩვეულებრივ აგრძელებენ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს“, - განაცხადა ლაგოდეხის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონალური ოფისის მენეჯერის, ნელი ხიზანიშვილის, მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში კახეთში ჩუტყვავილას 130-მდე შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც ყველაზე მეტი - 44 შემთხვევა - ლაგოდეხზე მოდის. აღსანიშნავია, რომ ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრები არ არსებობს.
„მთლიანად კახეთში იანვარსა და თებერვლის განმავლობაში ჩუტყვავილას 128 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ყველაზე მეტი, 44 შემთხვევაა ლაგოდეხში. შემდეგ მოდის თელავი და გურჯაანი - 32-32 შემთხვევით. ახმეტაში და სიღნაღში ჩუტყვავილასარც ერთი შემთხვევა არ გვაქვს. ასევე მცირე რაოდენობის შემთხვევებია დედოფლისწყაროსა დასაგარეჯოში“.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის ოფისში გვითხრეს, რომ წითელა უფრო სერიოზული და საშიში დაავადებაა, ვიდრე ჩუტყვავილა. ამიტომ სტატისტიკურ მონაცემებს წითელას შესახებ ყოველდღე აგროვებენ.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კვლავ წითელას ეპიდაფეთქებაა, რეგიონში კი მიმდინარე წელს წითელა 269 ადამიანს დაუდგინდა. მწვავე ვირუსული ინფექციის შედარებით მაღალი მაჩვენებლებია საგარეჯოში, დედოფლისწყაროში, თელავსა და გურჯაანში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის, ნელი ხიზანიშვილის, თქმით, რეგიონში წითელას შემთხვევების ზრდა არ ფიქსირდება.
„ბოლო სამი კვირაა, სტაბილურად 20, 23, 24 შემთხვევა ფიქსირდება თითო კვირის განმავლობაში. 19 იანვრიდან მიმდინარეობს მასობრივი აცრები. დღემდე 8 ათას 400-მდე ადამიანია აცრილი კახეთის რეგიონში, თუმცა აცრები გვინდა, რომ კიდევ გავააქტიუროთ. აცრები უფასოა და წამლების მარაგიც ყველგან გვაქვს“.
16 მარტის მონაცემებით, საქართველოში წითელას 2 385 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში ავადობის დინამიკა შემცირებულია.