Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვილმოკლული მშობლების შეხვედრა პანკისში სამომავლო გეგმების თაობაზე


ზაზა სარალიძე, მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზვიად კუპრავა სოფელ დუისში
ზაზა სარალიძე, მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზვიად კუპრავა სოფელ დუისში

თბილისში, ხორავას ქუჩაზე, მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, და სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში შეხვდნენ 2017 წლის 26 დეკემბრის ღამეს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს.

როგორც ზაზა სარალიძემ განაცხადა, სამართლიანობას ისინი სამართლებრივი გზებით ეძებენ:

„აქ კონკრეტული შეთავაზებები და გამოყოფილი გეგმები არ არსებობს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ორივე შვილმოკლული მშობლები, რომლებიც ვეძებთ სამართლიანობის აღდგენას. ვსაუბრობთ სამომავლო გეგმებზე, რა შეიძლება რომ გავაკეთოთ, როგორ შეიძლება სამართლებრივი გზით ისე ვებრძოლოთ ძალოვან უწყებებს, რომ გავიტანოთ ჩვენი სიმართლე“.

ზაზა სარალიძე, ზვიად კუპრავა, მალხაზ მაჩალიკაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საფლავზე
ზაზა სარალიძე, ზვიად კუპრავა, მალხაზ მაჩალიკაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საფლავზე

დღეს პანკისის ხეობაში მყოფმა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში მიმდინარე დაკითხვებზეც ილაპარაკა და თქვა, რომ, წესით, საქმის პროკურორი და გამომძიებელი დაკითხვების დასრულების შემდეგ უნდა დააკავონ.

„ძალიან კარგია, ეს კომისია რომ შეიქმნა. საზოგადოება პირდაპირ ხედავს, თუ როგორ არ აქვთ არც ერთ კითხვაზე არანაირი პასუხი პროკურორს და გამომძიებელს, ან, თუ აქვთ, - არაადეკვატური. პირდაპირ ჩანს, რომ ორივე მფარველობდა ამ საქმეს. წესით, თუ ჭკუა აქვთ, მაშინვე უნდა დააკავო ისინი, როგორც კი დამთავრდება მათი დაკითხვა, მაგრამ არა მგონია, მაგათ ჭკუა ჰქონდეთ, საერთოდ“.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მხრიდან კვლავ მთავარი მოთხოვნაა გარდაცვლილი შვილის უდანაშაულობის აღიარება და სპეცოპერაციაში მონაწილე პირების დასჯა. უფრო კონკრეტულად კი, მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ უნდა დაისაჯონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, მისი მოადგილე იოსებ გოგაშვილი და ის სპეცრაზმელი, რომელმაც თემირლანს ესროლა:

„ზაზას და ზვიადის მოსვლა არის სტუმარმასპინძლობა. ამის შემდეგ უნდა დავგეგმოთ, როგორი იქნება ჩვენი პოზიციები. ეს არის ბოლომდე ბრძოლა, სანამ თემირლანს არ აღიარებენ უდანაშაულოდ, სანამ არ იქნებიან დასჯილი გომელაური, გოგაშვილი და ის სპეცრაზმელი, რომელმაც ჩემს შვილს ესროლა. ამ საქმეს სპეცოპერაციას ეძახიან, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს იყო ტერაქტი და მინისტრი გახარიაც უნდა დაისაჯოს“.

დუისში გამართულ შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობა არ დასწრებია
დუისში გამართულ შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობა არ დასწრებია

დუისში გამართულ შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობა არ დასწრებია, თუმცა ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელმა, მექა ხანგოშვილმა, ტელეფონით საუბრის დროს გვითხრა, რომ პანკისის მოსახლეობა ისევ ერთსულოვანია თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის ობიექტური გამოძიების მოთხოვნაში და პროტესტი არ შეჩერდება რეალური შედეგის დადგომამდე:

„ხეობის მოსახლეობა ისევ ერთსულოვანია იმ მოთხოვნებში, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს ობიექტური გამოძიება და დასჯა იმ ადამიანების, ვინც ეს სისასტიკე ჩაიდინეს. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. აქ, რა თქმა უნდა, მთელი ხეობა ერთსულოვანია და ეს პროტესტი დღემდე გრძელდება. ასე იქნება მანამ, სანამ არ მოხდება ობიექტური გამოძიება და იმ ადამიანების დასჯა, ვინც ეს სისასტიკე ჩაიდინა“.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს სოფელ დუისში საპროტესტო აქცია გაიმართა. იქ შეკრებილებმა თემირლან მაჩალიკაშვილისა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხი ბიძინა ივანიშვილისგან მოითხოვეს, თუმცა თავად ივანიშვილი ამ თემას ამ დრომდე არ გამოხმაურებია.

სპეცოპერაცია პანკისში 2017 წლის 26 დეკემბრის ღამეს ჩატარდა, ხოლო მკვლელობა ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1 დეკემბერს მოხდა.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG