IMF-ის თანახმად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე ეროვნული ბანკის „სწრაფმა და შესაბამისმა მოქმედებამ, მათ შორის ბანკების დავალდებულებამ, დამორჩილებოდნენ სანქციებს, ხელი შეუწყო [საქართველოს] ფინანსურ სექტორზე უკრაინაში რუსეთის ომის გავლენის შეზღუდვას“.
„შეშფოთებული ვართ ეროვნული ბანკის ბოლო განცხადების გამო, რომლითაც სანქციებთან თავის მიდგომას ცვლის“, - განაცხადა საქართველოში IMF-ის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა. მისი კომენტარი რადიო თავისუფლებას სავალუტო ფონდის პრესცენტრმა მიაწოდა.
ჯეიმს ჯონის განცხადებით, სავალუტო ფონდი „მოუთმენლად ელის ამ საკითხის ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან განხილვას“, და მხოლოდ ამის შემდეგ შეაფასებს უფრო სრულყოფილად ამ ნაბიჯს, - „მათ შორის, განიხილავს პოტენციურ შედეგებს IMF-ის საქართველოს მხარდამჭერი პროგრამისა და მის საკუთარ რელსებში დასაბრუნებლად მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ“.
მხარდამჭერი პროგრამა და თანამშრომლობა IMF-თან
2023 წლის ივლისში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის მეორე ტრანშის დირექტორთა საბჭოზე წარდგენა და, შესაბამისად, დამტკიცება „გადადო“.
მხარდამჭერ პროგრამაზე (Stand-by Arrangement) საქართველოს ხელისუფლება და სავალუტო ფონდი 2022 წლის აპრილში შეთანხმდნენ. სამწლიანი პროგრამა 289 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა - სესხის სახით. ტრანშის პირველი ნაწილი, 40 მილიონი, უკვე ათვისებულია.
2023 წლის მაისში გაიმართა მოლაპარაკებები მეორე ტრანშის გამოყოფის შესახებ. ამ მოლაპარაკებებისას საქართველოს ხელისუფლება და სავალუტო ფონდის მისია მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის დასრულებაზე შეთანხმდნენ - ტექნიკურ დონეზე.
„შეფასების გადადების“ მიზეზი „ნაწილობრივ არის საქართველოს ეროვნული ბანკის სტრუქტურაში განხორციელებულ ცვლილებებზე უთანხმოება“.
მოგვიანებით, სების მმართველ ნათია თურნავასთან მოლაპარაკებების შემდეგ, 21 ივლისს, IMF-მა განაცხადა, რომ საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის „პროგრესის გაგრძელებისთვის კვლავ არსებითია საქართველოს ეროვნული ბანკის (სების) დამოუკიდებლობისა და სანდოობის დაცვა“.
2023 წლის ზაფხულში „ქართულმა ოცნებამ“ კონფრონტაცია დაიწყო სავალუტო ფონდთან. სახელისუფლებო მედიაში გავრცელდა მორიგი შეთქმულების თეორია, რომლის თანახმადაც, სავალუტო ფონდს სურს, „საქართველო ისეთივე მძიმე ვითარებაში აღმოჩნდეს, როგორშიც დღეს უკრაინაა“.
გამონაკლისი ფარცხალაძისთვის
14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსანს, ივანიშვილების ოჯახთან დაახლოებულ „ქართველ-რუს ოლიგარქს“, ბიზნესმენ ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა.
საქართველოს საბანკო სექტორმა, რომელიც საერთაშორისო საფინანსო სანქციებს ემორჩილება, ფარცხალაძეზე დაკისრებული სანქციები გაითვალისწინა და მას ანგარიშებზე წვდომა შეუზღუდა.
თავდაპირველად, 17 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებმა) თქვა, რომ ეს ასეც უნდა ხდებოდეს და ზოგადი მითითება ყველა სანქცირებულ პირზე ვრცელდება.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ სების ამ გადაწყვეტილებას „არაკონსტიტუციური“ უწოდა. მისი თქმით, ფარცხალაძეს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ქვეყნის კონსტიტუცია და უდანაშაულობის პრეზუმფცია იცავს.
მეორე დღეს სების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ნათია თურნავამ ზუსტად ამ არგუმენტით გამოსცა ბრძანება და „გამონაკლისი“ დაუშვა.
ბრძანების თანახმად, კომერციულ ბანკებს სებისგან მოეხსნათ სანქციების გავრცელების ვალდებულება საქართველოს მოქალაქეზე, თუკი მას საქართველოს სასამართლო სისტემაში არ აქვს ბრალი დამტკიცებული.