Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შერიგება ბუკნარში - წლების განმავლობაში დაგროვილი ბრაზი და თმენა მუსლიმ თემში


სოფელ ბუკნარში 15 იანვარს ადგილობრივი მუსლიმების პარასკევის ლოცვამ მშვიდობით ჩაიარა და ვნებებიც ჩაცხრა. თუმცა პრობლემა, რომელიც გურიის ერთი სოფლის საზღვრებს სცდება, გადაჭრილი არ არის. წლებია, დაპირისპირება რელიგიურ თემებს შორის თავს ხან სად იჩენს და ხანაც სად.

არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველები მრავალი წლის განმავლობაში აკრიტიკებენ ხელისუფლებას იმის გამო, რომ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული რელიგიის პოლიტიკის გატარების ნაცვლად, სახელმწიფო, ეროვნული უსაფრთხოების დაცვის საბაბით, კონტროლისა და დაშინების ბერკეტებს იყენებს.

რა გახდა ერთი სამლოცველო?

მუსლიმი თემის წარმომადგენლებზე ფიზიკური ანგარიშსწორებისა და ბოლო დღეების ხმაურიანი დაპირისპირების შემდეგ, სოფელ ბუკნარში მცხოვრებმა მართლმადიდებლებმა და მუსლიმებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და მშვიდობიანი თანაცხოვრების პირობაც დადეს. მანამდე, მუსლიმებმა პარასკევის ლოცვაც მშვიდობიანად შეძლეს - არა მეჩეთში, არამედ სალოცავად შემოწირულებებით ნაყიდ, ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლში.

ხმაური მინელდა. ხელისუფლება პრობლემას ამოწურულად მიიჩნევს. „ქართული ოცნების დეპუტატმა“, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ არათუ გურიაში, არამედ მთელ საქართველოში „ქართველ და მუსლიმ ადამიანებს შორის არაფერი გასაყოფი არ არის“.

ქართველ მუსლიმებს ბუკნარში ეჭვი ეპარებათ, რომ სახელმწიფოს საფუძვლიანი ჩარევის გარეშე მშვიდობა განგრძობადი და მდგრადი იქნება.

ადგილობრივი მუსლიმები ამბობენ, რომ შეურაცხყოფისა და აგდებული დამოკიდებულების მოთმენა წლებია უწევთ.

47 წლის ადგილობრივმა მკვიდრმა, ნუგზარ ჭაღალიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბოლო წლებში სიტუაცია აირია და ლამის ყოველდღე ესმით სიტყვები - „ჩამოთრეულო“, „თათარო“ და ასე შემდეგ. უკვირს, რატომ უნდა ხდებოდეს ეს მაშინ, როცა საქართველო სხვებზე ნაკლებად არ უყვარს, ყველა ადამიანი რელიგიის არჩევაში თავისუფალია და თავად მუსლიმს, არც თავისი ორი შვილისთვის დაუშლია, რომ ქრისტიანული წესით მონათლულიყვნენ.

„ყოველდღე გადაძახილებია - შენ ამნაირი ხარ, შენ იმნაირი ხარ... ეს არის მიუღებელი ყოვლად. კონფლიქტი თავიდანაც იყო, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი მოჰყვა სამლოცველო სახლის ჩვენი სახსრებით შეძენას და გახსნას. იქ 10 თვეა ვლოცულობთ. ვიკრიბებით 50-60 კაცი... მეზობელი სოფლებიდანაც შემოგვიერთდნენ, ვისაც მაგალითად არ შეუძლია ნასაკირალში ჩასვლა...

დაგვიწყეს ახლა, ვითომ, სხვადასხვა სოფლიდან რატომ მოდისო ხალხიო... რატომ ღიზიანდებიან, არ ვიცი. ეკლესია რომ შენდებოდა ბუკნარში, მთელი სოფელი დავდექით და პურ-მარილი და რა არ მიგვქონდა... 2-3 ქვა იქ მეც მაქვს დადებული და პატარა ბარათიც ჩავატანე იქ, რომ ჩემი სახელიც ყოფილიყო - ღმერთის სახლი კეთდებოდა და... რა გახდა ეს სამლოცველო ასეთი, რომ ბავშვები ქვებით ჩაგვიქოლეს და კინაღამ სიცოცხლეს გამოასალმეს...

ამაში თუ არ ჩაერია სახელმწიფო, ზემდგომი ორგანოები, საპატრიარქო, სამუფტო, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ამ სიტუაციას ასე უბრალო მოლაპარაკებით არ ეშველება. საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ეს (შეურაცხმყოფელი) წამოძახილები... ადგილზე მოლაპარაკება არაფერს უშველის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ჭაღალიძემ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, 12 იანვარს ბუკნარის მკვიდრმა კაცმა 17 წლის ორ მოზარდს თავის არეში დაზიანება ქვის გამოყენებით მიაყენა. დამნაშავე დაკავებულია. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტი რელიგიურ ნიადაგზე დაწყებულ კონფლიქტს უკავშირდება, სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ ძალადობის მუხლით აღიძრა - „გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს და 6 თვიდან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.

რადიო თავისუფლებამ 15 იანვარს უწყებისგან ვერ მიიღო დადასტურებული პასუხი შეკითხვაზე - ხომ არ შეცვლილა ანდა მოსალოდნელია თუ არა საქმის კვალიფიკაციის შეცვლა?

მეჩეთსა და მინარეთზე არც უნდა იფიქრონ

როგორც ადგილობრივმა პედაგოგმა, მარიამ ხელაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ქრისტიანი მოსახლეობის მღელვარება მუსლიმების მიერ მინარეთის მშენებლობასთან დაკავშირებული ამბის გავრცელებამ გამოიწვია და პროცესები, შესაძლოა, აგრესიული პროვოკატორების ჩარევით გამწვავდა. თუმცა, სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, დაძაბულობა სოფელში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში შეინიშნებოდა.

მეზობელ მუსლიმებთან დაპირისპირებული ბუკნარელების კომენტარებიდან ჩანს, რომ კერძო სახლში ლოცვა პრობლემა არაა, მაგრამ ლაპარაკი ზედმეტია მინარეთის აშენების თუნდაც თეორიულ შანსზე - ამას ადგილობრივი ქრისტიანები არ დაუშვებენ.

აქვთ თუ არა მუსლიმებს მინარეთის ანდა მეჩეთის მშენებლობაზე ფიქრისა და თავისუფალი აღმსარებლობისთვის აუცილებელი პირობების შექმნის უფლება სეკულარული სახელმწიფოში?

ამ შეკითხვაზე ადამიანის უფლებების ყველა სტანდარტისა და საქართველოს კონსტიტუციის პასუხია - კი. მაგრამ რეალობა სხვაა.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) ინფორმაციით, ბუკნარელები რამდენიმე წლის წინ წინააღმდეგობას წააწყდნენ და, შედეგად, მოუწიათ მეჩეთის მშენებლობის სურვილის დათმობა. ხოლო ბოლო დღეებში, კონფლიქტის ჩაცხრობის მიზნით, ისინი ცდილობდნენ, ყველა საინფორმაციო საშუალებისთვის შეეტყობინებინათ, რომ - სოფელში არავითარი მინარეთის მშენებლობას არ გეგმავდნენ.

ის, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა

ადამიანის უფლებათა დამცველები რელიგიურ ნიადაგზე მუსლიმი თემის მისამართით ჩადენილ არაერთ დანაშაულს იხსენებენ. განსაკუთრებით გამოირჩეოდა 2012-2016 წლები. როგორც „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ (TDI) გამგეობის წევრმა, მაკო ღავთაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, იმ პერიოდში ჩადენილი დანაშაულის 8 ფაქტიდან, სახელმწიფოს რეაგირება მხოლოდ ერთს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში - 2013 წელს მომხდარ დანაშაულს მოჰყვა.

წლების განმავლობაში გახმაურებული ფაქტების უმრავლესობა მუსლიმთა სამლოცველოების გარშემო დაპირისპირებებს უკავშირდება:

  • ლანჩხუთის რაიონის სოფელი ნიგვზიანი - 2012 წელს;
  • დედოფლისწყაროს რაიონის სოფელი წინწყარო - 2013 წელს;
  • დედოფლისწყაროს რაიონის სოფელი სამთაწყარო - 2013 წელს;
  • ადიგენის რაიონის სოფელი ჭელა - 2013 წელს;
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ციხისძირი - 2013 წელს;
  • ქობულეთი - 2014 წელს;
  • ადიგენის რაიონის სოფელი მოხე - 2014 წელს;
  • ადიგენის რაიონის სოფელი ადიგენი - 2013 და 2016 წლებში.

რელიგიის თავისუფლება - „უსაფრთხოების“ მსხვერპლი

TDI-ის წარმომადგენელი, მაკო ღავთაძე გვეუბნება, რომ ბუკნარში განვითარებული მოვლენები სწორედ დაუსჯელობისა და სახელმწიფოს „დისკრიმინაციული და არასეკულარული“ პოლიტიკის შედეგია. მისი შეფასებით, უსაფრთხოების მიზნების მოშველიებითა და სუს-ის კონტროლით, სახელმწიფო იგნორირებას უკეთებს საქართველოს მოქალაქეებისთვის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს.

„სახელმწიფოს პოლიტიკა და რიტორიკა ორიენტირებულია არა ადამიანის უფლებებზე - რელიგიისა და აღმსარებლობის თავისუფლებაზე, არამედ - კონტროლზე.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მუშაობაც ამას ადასტურებს, რომ სახელმწიფო ადამიანის უფლებების ხარჯზე აძლიერებს კონტროლის მექანიზმებს. სახელმწიფო მუსლიმების რელიგიურ ცხოვრებაში, მათ შორის, ამ სააგენტოს საშუალებით ერევა.

თვითონ მუსლიმები ამბობენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს-ი) ჩაერია სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელი პირების არჩევაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვას იმიზეზებს, თუმცა, სინამდვილეში, ასეთი ქმედებებით პირიქით - დიდ საფრთხეებს ქმნის“.

მუსლიმთა რელიგიურ თავისუფლებაში სუს-ის ჩარევაზე ლაპარაკია რადიო თავისუფლებისა და სტუდია „მონიტორის“ საგამოძიებო პროგრამის - „თავისუფლების მონიტორის“ მიერ 2020 წლის ნოემბერში მომზადებულ ფილმშიც. სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაზა ვაშაყმაძემ ბრალდებები უარყო. თუმცა უხეშ ჩარევაზე, ზეწოლასა და დაშინებაზე ფილმში საქართველოს ყოფილი შეიხი, ვაგიფ აქპეროვიც მოგვითხრობს. ის იძულებული გახდა, დაეტოვებინა თანამდებობა და როცა მოგვიანებით გამოძიება მოითხოვა, ვერაფერს მიაღწია.

რადიო თავისუფლებამ 15 იანვარს ვერ შეძლო პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებულ სტრუქტურასთან - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან დაკავშირება. თუმცა სააგენტოს ვებგვერდის დათვალიერებისას, 15 იანვრის საღამომდე, ვერ აღმოვაჩინეთ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული თუნდაც ერთი განცხადება.

თავად პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, 15 იანვარს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ მთავრობა ყოველთვის იყო თითოეული მოქალაქისთვის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უფლებების შესრულების გარანტი, ასე იქნება მომავალშიც და პროვოკატორებიც აუცილებლად დაისჯებიან - ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ საქართველოს მოქალაქის უფლებები რაიმე სახით იყოს შეზღუდული“.

ამ დღეებში ბევრმა უფლებადამცველმა გაიხსენა იმავე პრემიერ-მინისტრის მიერ შარშან გაზაფხულზე გაკეთებული განცხადება, რომ საქართველო მართლმადიდებლური სახელმწიფოა.

უფლებადამცველები სეკულარული სახელმწიფოსთვის შეუფერებლად თვლიან მსგავს განცხადებებს და იმის მსგავს ფაქტებსაც, რომ სახელმწიფომ არ გაითვალისწინა, მაგალითად, მათი ინტერესები, ვინც საქართველოში შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს და პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მხოლოდ 7 იანვარს, მართლმადიდებლური შობის ღამეს მოხსნა.

ბრაზი და თმენა

15 იანვარს სოფელ ბუკნარში ვნებათაღელვა ჩაცხრა და ყველა იმედოვნებს, რომ ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ამ სოფლის მკვიდრთა არაჩვეულებრივ, კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ამ დღეებში ჟურნალისტებთან ქრისტიანებიც ლაპარაკობდნენ და მუსლიმებიც.

თუმცა, როგორც EMC-ის წარმომადგენელმა, თამთა მიქელაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, საქართველოში მუსლიმ თემს ძალიან ბევრის მოთმენა უწევს.

მიქელაძე არ გამორიცხავს, რომ პროცესებში გარე ძალებიც იყვნენ ჩართული, მაგრამ ბოლო დღეებში ახალგაზრდების მხრიდან გამოხატულ უარყოფით ემოციებს, მისი აზრით, დიდწილად სწორედ დაგროვილი პრობლემები განაპირობებს.

„რაღაცნაირად, ყელში ამოსვლის მდგომარეობა აქვთ მუსლიმებს და ახალგაზრდებში ბუნებრივად ეს ემოციები უფრო ძლიერია. იგივე მეჩეთის (მშენებლობისთვის ხელის შეშლის) ამბავი, წინა კონფლიქტები, განათლების სისტემა და ასე შემდეგ... ჩანს, რომ ყელში ამოუვიდათ ის, თუ როგორ არის ორგანიზებული რელიგიის პოლიტიკა აჭარაში. ეს რომ ბრაზის მიზეზია, არ მიკვირს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბუკნარში ჩასულმა თამთა მიქელაძემ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG