პოლიციამ ერთი პირი დააკავა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტი რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტს უკავშირდება, ჯერჯერობით სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ ძალადობის მუხლითაა აღძრული.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ „სოფელ ბუკნარში მცხოვრებმა გ.ს.-მ მიმდინარე წლის 12 იანვარს, ურთიერთშელაპარაკების დროს, თანასოფლელებს - 2003 დაბადებულ ნ.ი.-ს და 2003 წელს დაბადებულ მ.ი.-ს ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა“.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანი მუსლიმი თემის წარმომადგენელია.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ქრისტიანების და მუსლიმების უთანხმოება უკავშირდება ერთ-ერთ სახლს, რომელსაც მუსლიმები საკულტო ნაგებობად და სალოცავად იყენებენ.
ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ აზრთა სხვადასხვაობის და დაპირისპირების გამო სოფლის მცხოვრებთ უკვე სამი კვირაა ხვდებიან როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთად და ეს პროცესი დღესაც გაგრძელდება.