Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შარშან საქართველოს რუსეთში დენი არ უყიდია - ეს გამონაკლისია თუ ტენდენცია?


ოფიციალური დოკუმენტებით, 2023 წელს საქართველოში რუსეთიდან 786.5 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შემოვიდა, რომელიც თითქმის სრულად დაიხარჯა აფხაზეთში.
ოფიციალური დოკუმენტებით, 2023 წელს საქართველოში რუსეთიდან 786.5 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შემოვიდა, რომელიც თითქმის სრულად დაიხარჯა აფხაზეთში.

2023 წელს საქართველოს რუსეთში დენი არ უყიდია. მხოლოდ ოკუპირებული აფხაზეთისთვის შემოიტანა, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიას კი შარშან  იმპორტირებული ელექტროენერგია არ დასჭირვებია. 

როგორც წესი, ქვეყანა ზამთარში ელექტროენერგიას ძირითადად რუსეთისგან და აზერბაიჯანისგან ყიდულობს. ბოლო წლებში რუსეთიდან დენის იმპორტი გაზრდილიც არის.

მაშ, რაზე მიუთითებს 2023 წლის გამოცდილება? - ქვეყანა ცდილობს შეამციროს რუსეთზე დამოკიდებულება თუ ეს მხოლოდ გამონაკლისია, რომელიც წესს ადასტურებს?

შარშან იმპორტს ქვეყანამ თავი რამდენიმე მიზეზის გამო აარიდა. ერთ-ერთი თბოსადგურებია, რომლებსაც ბოლო ორი წელია სახელმწიფო უფრო მეტად ამუშავებს.

დენის მისაღებად თბოსადგურებიც იმპორტირებულ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, თუმცა არა საბაზრო ფასად ნაყიდ, არამედ ე.წ. სოციალურ გაზს. ანუ იაფ ბუნებრივ აირს, რომელსაც ქვეყანა თურქეთში აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტის სანაცვლდ იტოვებს.

საინვესტიციო ბანკის Galt & Taggart-ის ინფორმაციით, შარშან თბოსადგურების მიერ გამომუშავებული დენის ფასი კვტ.სთზე 3 - 5 ცენტს შორის მერყეობდა, ელექტროენერგიის იმპორტის საშუალო ფასი კი 7 - 7.5 ცენტი იყო. ფასს შორის განსხვავება აჩვენებს, რატომ იყო მომგებიანი ქვეყნისთვის ელექტროენერგიის იმპორტის ნაცვლად თბოსადგურების დატვირთვა.

მეორე მიზეზი, რის გამოც 2023 წელს იმპორტი აღარ გახდა საჭირო, დენის მოხმარების კლებაა.

პანდემიურ 2020 წელს თუ არ ჩავთვლით, ქვეყანაში დენზე მოთხოვნა იზრდებოდა, შარშან კი თითქმის 8%-ით ნაკლები ელექტროენერგია დაიხარჯა, რაც რამდენიმე მიზეზმა გამოიწვია: ოკუპირებულმა აფხაზეთმა და მსხვილმა ბიზნესმა, მეტალურგიულმა და მაინინგკომპანიებმა, ნაკლები ელექტროენერგია დახარჯეს.

ოფიციალური დოკუმენტებით, 2023 წელს საქართველოში რუსეთიდან 786.5 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შემოვიდა, რომელიც თითქმის სრულად დაიხარჯა აფხაზეთში. თუმცა ამ დენის ფულს სავარაუდოდ საქართველოს ხელისუფლება არ იხდის. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ კითხვაზე, ვინ იხდის რუსეთიდან აფხაზეთისთვის ნაყიდ ელექტროენერგიაში ფულს, გვიპასუხა, რომ ოკუპირებულ რეგიონს ქართული მხარე ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის გამომუშავებულ ელექტროენერგიას აძლევს.

მთავრობის პროგნოზით, 2023 წელთან შედარებით წელს ელექტროენერგიის მოხმარება 13.8 მილიარდ კვტ.სთ-მდე გაიზრდება, ანუ ქვეყანას 990 მლნ კვტ.სთ-ის იმპორტი დასჭირდება.

ამ პროგნოზის გათვალისწინებით, შეძლებს საქართველო, წელსაც უარი თქვას რუსული დენის იმპორტზე და თუ კი - როგორ?

„გრძელვადიან პერიოდში რომ შევხედოთ, [ელექტროენერგიის] მოხმარება ისევ თუ გაიზარდა, ჰესების გამომუშავება ვერ დაეწევა მოხმარებას. … თუ განახლებადი ენერგიების ახალი წყაროები არ აშენდა, დეფიციტი უნდა შეივსოს ან თბოსადგურებით, ან იმპორტით”, - ამბობს Galt & Taggart-ის ანალიტიკოსი მარიამ ჩახვაშვილი.

დღეს ქვეყანაში 1181 მეგავატის სიმძლავრის თბოსადგურებია, შარშან ხელისუფლებამ 430 მეგავატის სიმძლავრის თბოსადგურების მშენებლობა დააანონსა, ტენდერიც გამოაცხადა, თუმცა რამდენიმე გადავადების გამო ჯერ კიდევ ინვესტორის შერჩევის ეტაპზეა.

XS
SM
MD
LG