Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შანსი, რომელიც ნულის ტოლია


ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ საქართველოს ბევრი მოქალაქე, ვინც სამოგზაუროდ ევროკავშირის ქვეყნებში წავიდა, ადგილობრივ პოლიციას ჩაბარდა თავშესაფრის მიღების იმედით. ჩვენ გერმანიაში ჩამოვედით იმის გასაგებად, თუ როგორ ცხოვრობენ და თავშესაფრის მიღების რა შანსი აქვთ სამშობლოდან გადახვეწილ ქართველებს.

ცოტა ხნის წინ ქალაქი კემნიცი გერმანიაში ანტიიმიგრანტული განწყობის ეპიცენტრად იქცა. მძაფრი პროტესტი გამოიწვია კემნიცელი მამაკაცის მკვლელობამ, რომელშიც სირიელ და ერაყელ მიგრანტებს ადანაშაულებენ. აქციებში მონაწილეობდნენ ულტრამემარჯვენეებიც. პოლიციელებსა და მემარცხენე დემონსტრანტებთან მათი დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ამ სიტუაციაში ნამდვილად ქართველები იყვნენ მართლები. ქართველები გადაარჩინა პოლიციამ.

მართალია, ქართველი მიგრანტები და თავშესაფრის მაძიებლები არ არიან ამ აქციების მთავარი სამიზნე, მაგრამ მათაც შეიძლება შეეხოს როგორც ანტიიმიგრანტული განწყობის გაძლიერება, ისე სხვა ყოფითი პრობლემები, რომლებიც თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსების ცენტრებში იჩენს თავს სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებს შორის.

ივლისის ბოლოს აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ აიზენჰიუტენშტატში მდებარე დევნილთა დროებითი განთავსების ცენტრში ქართველებსა და აფრიკელებს შორის მოხდა კონფლიქტი, რომლის შესახებაც გვიამბო თავშესაფრის მაძიებელმა ერთ-ერთმა ქართველმა. ის თავს პოლიტიკური ნიშნით დევნილად მიიჩნევს და ანონიმურობის დაცვა გვთხოვა.

ზოგი სახლს ყიდის, ზოგი ვალებით მოდის იმისათვის, რომ რაღაცნაირად გამოაღწიონ და ჰგონიათ, რომ აქ ექნებათ სოციალური დახმარება, სამედიცინო დაზღვევა - ყველაფერი ექნებათ...
თამარ შალამბერიძე

„ამ სიტუაციაში ნამდვილად ქართველები იყვნენ მართლები. ქართველები გადაარჩინა პოლიციამ. დაახლოებით ხუთი ქართველი იყო და ისინი იყვნენ 20-30 კაცი. მოპარეს რაღაც ქართველს და მაგაზე იყო კონფლიქტი“, - ამბობს თავშესაფრის მაძიებელი, რომელიც გიორგით გაგვეცნო.

გერმანიაში თავშესაფრის მაძიებლები რამდენიმე თვე ცხოვრობენ დროებითი განთავსების ცენტრებში. ამის შემდეგ საქართველოს მოქალაქეთა დიდ უმრავლესობას უარს ეუბნებიან გერმანიაში დარჩენაზე.

"ამ დროს ეს ხალხი - ზოგი სახლს ყიდის, ზოგი ვალებით მოდის იმისათვის, რომ რაღაცნაირად გამოაღწიონ და ჰგონიათ, რომ აქ ექნებათ სოციალური დახმარება, სამედიცინო დაზღვევა - ყველაფერი ექნებათ, ლამაზ ფერებში ხედავენ ამ ყველაფერს. ეს არის ილუზია. კი ბატონო, ეს აქვთ სამი თვის განმავლობაში", - ამბობს თამარ შალამბერიძე, ბერლინის „ქართული სახლის“ დამფუძნებელი.

თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსების ცენტრებში, მათ შორის აიზენჰიუტენშტატში, მიგრანტები მართლაც უზრუნველყოფილი არიან - იქნება ეს კვებით, სამედიცინო მომსახურებით თუ კეთილმოწყობილი ოთახებით.

„ყოველთვის, როცა ერთი რომელიმე ოჯახი გადის, ყველაფერს ვასუფთავებთ და მერე, რაც ახალშემოსულებს დასჭირდებათ, ჩვენი თანამშრომლები აძლევენ“, - გვიხსნის რიუდიგერ ოსბურგი, გერმანიის „წითელი ჯვრის“ საზოგადოების წარმომადგენელი.

მინდა აღვნიშნო, რომ სავიზო ლიბერალიზაციის დასაწყისი ეტაპის შემდეგ, როცა გერმანიაში მართლაც მრავალრიცხოვანი ლტოლვილები ჩამოდიოდნენ, ახლა (საქართველოს მთავრობასთან) ერთად შევძელით მათი რიცხვის მკვეთრად შემცირება.
ანგელა მერკელი

მიუხედავად ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობებისა, ყველა მიგრანტის ოცნებაა, რაც შეიძლება მალე დატოვოს მსგავსი ცენტრი და მიიღოს თავშესაფარი, რაც ქვეყანაში ბინადრობას, სოციალური დახმარებისა და მუშაობის უფლების მიღებას ითვალისწინებს. მაგრამ გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ ბოლო ხანს მნიშვნელოვნად გაამკაცრა თავშესაფრის მინიჭების პროცედურა.

საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მიღების შანსი თითქმის არ არსებობსო, - გვითხრა ბრანდენბურგის მხარის მთავრობის წარმომადგენელმა ოლაფ იანსენმა.

"ჩვენ გვაქვს პროგრამები, რომლებიც მათ ეხმარება საქართველოში უსაფრთხოდ დაბრუნებაში. თუ ითანამშრომლებენ ჩვენთან, ყოველთვის შეეძლებათ აქ დაბრუნება. თუ არ ითანამშრომლებენ და მათი ექსტრადიცია მოგვიწევს, მრავალი წლით ვეღარ შეძლებენ ევროკავშირში ჩამოსვლას", - ამბობს იანსენი.

2018 წლის ოფიციალური სტატისტიკით, საქართველო კვლავ რჩება გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა ათეულში სამი ათასამდე ახალი განაცხადით. მაგრამ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა აგვისტოში თბილისში ვიზიტისას ახსენა ერთი ახალი ტენდენცია.

“მინდა აღვნიშნო, რომ სავიზო ლიბერალიზაციის დასაწყისი ეტაპის შემდეგ, როცა გერმანიაში მართლაც მრავალრიცხოვანი ლტოლვილები ჩამოდიოდნენ, ახლა (საქართველოს მთავრობასთან) ერთად შევძელით მათი რიცხვის მკვეთრად შემცირება. მინდა მადლობა გადავიხადო ამ თანამშრომლობისათვის“, - განაცხადა მერკელმა 24 აგვისტოს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

გერმანიაში თავშესაფრის ქართველ მაძიებელთა რიცხვის შემცირება, უფლებადმცველების აზრით, არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ქართველებს იქ სამუშაოდ ჩასვლა არ შეეძლებათ. თამარ შალამბერიძე, რომელიც დიდი ხანია ეხმარება გერმანიაში თავშესაფრის საძებრად ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს, "ცირკულარული ემიგრაციის" იდეას უჭერს მხარს:

"ანუ შესაძლებელია, რომ მთავრობების დონეზე თუნდაც დროებითი სამუშაოს ნებართვა მიიღოს საქართველოს მოქალაქემ აქ - თუნდაც ოთხთვიანი ან ექვსთვიანი, არა მუდმივი, არამედ დროებითი სამუშაო, რომ ხალხი ელემენტარულად ჩამოვიდეს, იმუშაოს სამი-ოთხი თვე, ხუთი თვე, დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში - და დაბრუნდებიან, უმეტესობა დაბრუნდება, დამიჯერეთ! რომ მათ ექნებათ რაღაც მინიმალური - მინიმუმ ექვსი ათას ევროს ჩაიტანენ სახლში", - ამბობს თამარ შალამბერიძე, ბერლინის „ქართული სახლის“ დამფუძნებელი.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG