„გაეროს ბავშვთა ფონდის“ მიერ, საქართველოს შვიდ სახელმწიფო უნივერსიტეტში (ქუთაისის, ბათუმის, გორის, სამცხე-ჯავახეთის, თელავის, ზუგდიდისა და სოხუმის უნივერსიტეტებში სულ 2995 სტუდენტი გამოიკითხა) 18-24 წლის ახალგაზრდებს შორის ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ ყოველი მეოთხე ახალგაზრდა საშუალო ან ძლიერი შფოთვის სიმპტომებს განიცდის, ყოველ მესამეს დეპრესიის ნიშნები აწუხებს, ხოლო სტუდენტების მესამედს ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც უფიქრია სუიციდზე.
18-24 წელი - ამ ასაკის ახალგაზრდები, ფსიქიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფად ითვლება. სწორედ ამ ასაკის, გამოკითხული სტუდენტების 89% ფიქრობს, რომ საქართველოში მათ თანატოლებს შორის ფსიქიკური ჯანმრთელობა „მნიშვნელოვანი პრობლემაა”, ხოლო 68%-ის აზრით - „ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა“.
სტუდენტების ორი მესამედი ამბობს, რომ იცნობს ერთ თანატოლს მაინც, ვისაც, მათი აზრით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის დახმარება სჭირდება.
ახალგაზრდები ექიმს მიმართავენ დეპრესიის, შფოთვითი აშლილობის ან პანიკური შეტევების ჩივილებით. მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევენ ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე დამოკიდებულებას და მათგან გამოწვეული ფსიქიკურ პრობლემებს - პარანოიას, ჰალუცინაციებს, ძილის დარღვევებს.
სტუდენტების უმრავლესობა ამბობს, რომ ეს პრობლემები მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და ურთიერთობებში უშლის ხელს, თუმცა მათ 44%-ს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გრძნობებსა და გამოცდილებებზე არასოდეს არავისთან უსაუბრია.
„გაეროს ბავშვთა ფონდის“ კვლევის თანახმად, გამოკითხული უნივერსიტეტების სტუდენტების ერთ მესამედზე მეტი ბოლო ორი კვირის განმავლობაში, დღეების ნახევარზე მეტი ან თითქმის ყოველდღე გრძნობდა დაღლილობას და ენერგიის ნაკლებობას (36%).
სტუდენტების დაახლოებით მეხუთედს, ბოლო ორი კვირის განმავლობაში დღეების ნახევარზე მეტი ან თითქმის ყოველდღე ჰქონდა რაიმეს კეთების ნაკლები ინტერესი (26%), გრძნობდა დათრგუნულობას, განიცდიდა დეპრესიულ მდგომარეობას ან უიმედობას (24%), გაჭირვებია ჩაძინება, მშვიდი ძილი ან ზედმეტად ბევრი ეძინა (26%), უგრძვნია დაღლილობა და უენერგიობა (26%).
უჭირდა სწავლა და ტელევიზორის ყურებაც კი. ზედმეტად ნერვიულობდა სხვადასხვა საკითხზე, იყო გაღიზიანებული, შეშინებია იმის, რომ შეიძლება რაღაც ძალიან ცუდი მოხდეს.
ყოველი 5 სტუდენტიდან საშუალოდ ერთს ბოლო ორი კვირის მანძილზე, დღეების ნახევარზე მეტი ან თითქმის ყოველდღე ჰქონია ცუდი განცდა საკუთარი თავის მიმართ, რომ წარუმატებელია, არაფერი გამოსდის, ან გააწბილა ოჯახი (20%), გამოუცდია ისეთი მოუსვენრობა, რომ უჭირდა მშვიდად ჯდომა (18%), ნერვიულობდა, შფოთავდა და ჰქონდა განცდა, რომ ზღვარზეა (16%), ან იყო ისეთ მდგომარეობაში, რომ არ შეეძლო შეეწყვიტა ან გაეკონტროლებინა ღელვა/ნერვიულობა (17%).
ყოველი 10 სტუდენტიდან ერთს ბოლო ორი კვირის განმავლობაში დღეების ნახევარზე მეტი ან თითქმის ყოველდღე ჰქონდა ფიქრები, რომ უკეთესია მკვდარი იყოს, ან ფიქრები - რაიმე ფორმით დაიზიანოს საკუთარი თავი (10%).
როგორია ჯანმოს მონაცემები?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 25%-ს, ანუ პოპულაციის ¼-ს ცხოვრების მანძილზე სხვადასხვა ფსიქიკური დაავადება უვითარდება.
ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური დიაგნოზებია დეპრესიული (10.4%) და შფოთვითი (7.9%) აშლილობები.
შფოთვისა და დეპრესიის მაჩვენებლებმა მოიმატა COVID-19-ის პანდემიის შემდგომ და ეს განსაკუთრებით შესამჩნევია ახალგაზრდებში: აშშ-ს ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტისა (HHS) და ჯანდაცვის რესურსებისა და სერვისების ადმინისტრაციის (HRSA) მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის თანახმად, აშშ-ს 18-24 წლის ახალგაზრდების 48% აღნიშნავდა შფოთვისა და/ან დეპრესიის ისეთ სიმპტომებს, რომელსაც სჭირდება გამოკვლევა ან მკურნალობა.
საქართველოში რა ხდება?
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) სტატისტიკური ცნობარის მიხედვით, 2021 წელს ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდა სულ 13 305 ადამიანი ორგანული ბუნების აშლილობებით (674 ახალი შემთხვევა), ნევროზული, სტრესთან დაკავშირებული და სომატოფორმული აშლილობებით (799 ახალი შემთხვევა), შიზოფრენიით, შიზოტიპური და ბოდვითი აშლილობებით (895 ახალი შემთხვევა) და ინტელექტუალური დარღვევებით (928 ახალი შემთხვევა).
თავად სტუდენტები ამბობენ, რომ პრობლემის ქონის შემთხვევაშიც, მათთვის ექიმთან ვიზიტის მთავარი ბარიერი კონსულტაციის საფასური და მედიკამენტების მაღალი ფასებია. ახალგაზრდების უმრავლესობას მიაჩნია, რომ საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტთან ვიზიტი დიდ ფინანსურ დანახარჯს უკაშირდება (76%).
ამას ემატება ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არსებული სტიგმა და სტერეოტიპებიც: სტუდენტების უმრავლესობა ეთანხმება აზრს, რომ საზოგადოების აზრით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები „გიჟების“ ექიმები არიან (73%).
საკმარისია თუ საქართველოში არსებული და მოქმედი სერვისები?
კვლევაში მონაწილე ექსპერტებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების აზრით, დღეს, ფსიქიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით ხელმისაწვდომი სერვისები ძირითადად მძიმე ფსიქიკური აშლილობების მკურნალობას მოიცავს და იშვიათი გამონაკლისების გარდა, ფაქტობრივად არ ფინანსდება ნევროზული და პიროვნული რეგისტრის აშლილობები.
ფაქტობრივად, არ არსებობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის პროგრამები კონკრეტულად 18-24 წლის ახალგაზრდებისთვის. მათი შეფასებით, ნარკოტიკებზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებულების პროგრამები ეხება უკვე მძიმე მდგომარეობებს და სტაციონარულ მკურნალობას მოიაზრებს. ნაკლებად ხელმისაწვდომია სარეაბილიტაციო პროგრამებიც.