Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“მშველის წამალი, რომელიც აკრძალულია” - როგორ ცხოვრობ საქართველოში, როცა ADHD გაქვს?


საქართველოში არავის არასდროს დაუთვლია, რამდენ ადამიანს აქვს ADHD
საქართველოში არავის არასდროს დაუთვლია, რამდენ ადამიანს აქვს ADHD

ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომი, იგივე ADHD, მსოფლიოს სრულწლოვანი მოსახლეობის თითქმის 3%-ს აქვს. ის წამლები, რომლითაც დასავლეთში ამ აშლილობას მკურნალობენ, საქართველოში აკრძალულია.

წარმოგიდგენიათ როგორია, როცა მშვიდად ჯდომა საერთოდ არ შეგიძლია? 25 წლის ნატალია დარასელიამ ეს კარგად იცის. ქართულ ფილოლოგიას სწავლობს, მაგრამ ლექციების მოსმენა ძალიან უჭირს, ყურადღება გამუდმებით ეფანტება.

იგივე იყო სკოლაშიც. “საერთოდ ვერ ვისმენდი გაკვეთილებს. მოუსვენრად ვიყავი და სულ გამოქცევაზე ვფიქრობდი”, - იხსენებს ნატალია.

მოუსვენრობა და ყურადღების დეფიციტი ADHD-ის ყველაზე გავრცელებული ნიშნებია. ნატალია დარწმუნებულია, რომ აშლილობა ბავშვობიდან აქვს, ოღონდ ამის გასააზრებლად დიდი დრო დასჭირდა. ძირითადად იმიტომ, რომ უმტკიცებდნენ, მეტი შეგიძლია და საკმარისად არ ინდომებო.

დღესაც იგივეს ეუბნებიან. მაგრამ ნატალიას პრობლემები მონდომებით, “ნაკლები ფიქრით, განტვირთვით, გარეთ სეირნობით, ლოცვით, ან მამაოსთვის აღსარების ჩაბარებით ვერ გვარდება”.

უწამლოდ

ADHD ახალი აღმოჩენილი არაა, მაგრამ ვინც საქართველოში დახმარების მიღება სცადა, ამბობს, რომ უმრავლესობას მასზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს. ბევრს დღემდე ჰგონია, რომ ADHD მხოლოდ ბავშვებს ემართებათ. არათუ მეგობრები და ნათესავები, ხშირად ფსიქიატრებიც კი პაციენტების პრობლემებს პიროვნულ თვისებებს მიაწერენ და არა აშლილობას.

“ADHD არ აღიქმება სერიოზულ პრობლემად”, - ამბობს ფსიქიატრი ლუკა ხუხაშვილი. “უყურადღებო და ზარმაცი” - სწორედ ამ იარლიყებს აკრავენ ყველაზე ხშირად მის პაციენტებს. ასეთი შეფასებები მათ ხშირად დანაშაულის განცდას უჩენთ. “თუ დიაგნოზი არ ვუთხარი, [პაციენტი] რჩება ამ წარმოდგენებში და მისი მდგომარეობა უარესდება”.

ლუკა ხუხაშვილი
ლუკა ხუხაშვილი

თუმცა, თუკი ADHD გაქვთ და საქართველოში ცხოვრობთ, იარლიყებზე გაცილებით უარეს სირთულეებსაც გადააწყდებით. თქვენ ვერ მიიღებთ წამლებს, რომლითაც ADHD-ს ცივილიზებულ სამყაროში მკურნალობენ.

ამ წამლებს სტიმულანტებს უწოდებენ, რადგანაც ისინი ასტიმულირებს თავის ტვინს და გამოაყოფინებს ქიმიურ ნივთიერებებს, დოფამინსა და ნორეფინეფრინს. ხშირად სწორედ ამ ორის ნაკლებობა იწვევს უყურადღებობას, იმპულსურობასა და ჰიპერაქტიურობას.

პრობლემა ისაა, რომ სამკურნალო ეფექტი მიიღწევა ნარკოტიკული ნივთიერებების, ამფეტამინის ან მეთილფენიდატის წყალობით. ორივე ნივთიერება საქართველოში 2000-იანების დასაწყისიდანაა აკრძალული.

დეფიციტური ალტერნატივა

ლუკა ხუხაშვილი ამბობს, რომ ამ აკრძალვის გამო ბევრ ადამიანს სათანადოდ ვერ ეხმარება. მხოლოდ ის შეუძლია, პაციენტებს არასტიმულანტი წამალი, ატომოქსეტინი გამოუწეროს. ზოგს იგი შველის, მაგრამ აშშ-სა და ევროპაში ატომოქსეტინს ნიშნავენ მხოლოდ მაშინ, როდესაც სტიმულანტი არ შველით, ან მისი დალევა პაციენტს არ შეუძლია.

ფსიქიატრს ვერ გაუგია, რატომაა სტიმულანტები აკრძალული. კი, ბატონო, მათ აქვთ უკუჩვენები. კი, ბატონო, ვიღაცამ ისინი შესაძლოა “ბოროტად მოიხმაროს”, ანუ მიიღოს არა სამკურნალოდ, არამედ ნარკოტიკული თრობისთვის. მაგრამ “ეს ალოგიკურია. [სტიმულანტების] ნებისმიერი რისკი არ არის უნიკალური”, - ამბობს ლუკა და განმარტავს, რომ ბევრი, ამაზე გაცილებით მძიმე, მედიკამენტი საქართველოში რეცეპტით, მაგრამ გაიცემა.

იგი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა სწორედ ამიტომ მისი ზოგი კოლეგა “ვერ ხედავს იმის აზრს, რომ ADHD-ის დიაგნოზი დასვას”. მით უმეტეს, რომ ზრდასრულების შემოწმება ისედაც გაცილებით რთულია, ვიდრე ბავშვების.

მაგრამ ნებადართულ ატომოქსეტინსაც ჯერ შოვნა უნდა. სააფთიაქო ქსელებში მისი მარაგი ხშირად იწურება. თანაც ის “ზედმეტად ძვირია” [170 ლარი და ზემოთ] და ერთი კოლოფიც სამკურნალოდ არ გეყოფათ. კიდევ აშლილობასთან გამკლავებაში ეფექტიანია კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია, იგივე CBT. მაგრამ რადიო თავისუფლებას არაერთმა ადამინმა უთხრა, რომ ფსიქოთერაპიის ფული არ აქვს. მას საქართველოში არცერთი დაზღვევა არ ფარავს.

წიგნის კითხვა ფუფუნებაა

ყველა გამოსავალს ისე ეძებს, როგორც შეუძლია. “სულ მეგონა, რომ რაღაცა მჭირდა, რომ დაწყევლილი ვიყავი”, - იხსენებს 26 წლის ნიკოლოზ აბაშიძეს. ბავშვობაში ჰიპერაქტიურს ეძახდნენ. არადა, ენერგიის მოზღვავება არასდროს ჰქონია, უბრალოდ ვერ ისვენებდა.

მან ჯერ საქართველოში იპოვა ფსიქიატრი, რომელმაც დიაგნოზი დაუსვა. შემდეგ ამ დიაგნოზით წავიდა თურქეთში. იქაურმა ფსიქიატრმა ADHD დაუდასტურა და სტიმულანტი გამოუწერა. “პირველად ცხოვრებაში მქონდა იმის ფუფუნება, რომ დავმჯდარიყავი და წიგნი მშვიდად წამეკითხა”, - ყვება ნიკოლოზი. მაგრამ, კანონით, საქართველოში პირადი მოხმარებისთვის შეიძლება მხოლოდ ერთი თვის მარაგის შემოტანა.

ნიკოლოზ აბაშიძე
ნიკოლოზ აბაშიძე

ნიკოლოზმა ფსიქოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. სწავლის გაგრძელება ფილოსოფიის განხრით უნდა. ამიტომ მისთვის აუცილებელია, “ტექსტთან მუშაობა” შეეძლოს. დიეტას იცავს, ფეხით დადის, სვამს წამალს, რომელიც თითქმის არ შველის. გაბრაზებულია, რომ მისი პრობლემით “თავს არ იტკივებენ არც ფსიქიატრები და არც სახელმწიფო”. ეს “უკვე არა მედიცინის, არამედ ადამიანის უფლებების პრობლემაა. მშველის წამალი, რომელიც აკრძალულია”, - ამბობს ნიკოლოზი.

გამოსავლის გარეშე

აი, გიორგის კი, რომელმაც საკუთარი გვარის გამჟღავნება არ ისურვა, ADHD-ის დიაგნოზი საქართველოში არ დაუსვეს. თუმცა დარწმუნებულია, რომ არ ცდება. ფსიქიატრის შეთავაზებულმა წამლებმა არ უშველა.

“სკოლაში მოთხრობების სწავლა მიჭირდა, საშინაო დავალებას არ ვაკეთებდი, 5 საათი ვიჯექი სახლში და ვერ ვწერდი. მომიწია ბევრი საგანი მეორედ გამეარა უნივერსიტეტში. არცერთი წიგნი არ მაქვს წაკითხული ცხოვრების მანძილზე, წიგნებს ვერ ვკითხულობ”, - მოგვწერა გიორგიმ.

ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რამდენჯერმე მისწერა და მოითხოვა, რომ საქართველოში სტიმულანტის გაყიდვა დაუშვან. თუმცა პასუხი არ მიუღია. გიორგი პროგრამისტია და ბოლოს, ვერაფერს რომ ვერ გახდა, გააკეთა ვებგვერდი adhd.ge, იმ იმედით, რომ ასე მაინც გაზრდის სხვების ცნობიერებას.

ბოლოს ვკითხეთ, საკუთარ გვარს საიდუმლოდ რატომ ინახავს და აი, რა გვიპასუხა:

2016 წლის კვლევაში, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის კითხვარებს ეყრდნობა, ნავარაუდებია, რომ ADHD მსოფლიოს სრულწლოვანი მოსახლეობის თითქმის 3%-ს აქვს. თუკი ეს მართალია, გამოდის, რომ ნატალიას, ნიკოლოზისა და გიორგის მსგავსად, საქართველოში თითქმის 87 ათასი ადამიანი იტანჯება.

მათთვის გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს. საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის 2020-2030 წლების სტრატეგიაში ADHD ნახსენებიც კი არ არის.

საერთაშორისო ორგანიზაციის, „ADHD-ის მსოფლიოს ფედერაციის“ თანახმად, საქართველოს მსგვსად, სტიმულანტები აკრძალულია ალჟირში, ეგვიპტეში, კუვეიტში, იორდანიაში, მაროკოსა და რუსეთში.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG