პროფკავშირი მოითხოვს, რომ ქვეყანაში დაწესდეს მინიმალური ხელფასის სტანდარტი, რაც საქსტატის მიერ გამოანგარიშებული საშუალო ხელფასის 40% იქნება და რაც, დღეის მდგომარეობით, 636 ლარს შეადგენს.
636 - სწორედ ეს რიცხვი ეწერათ დღეს პლაკატებზე პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს, რომლებიც დეპუტატებს საკანონმდებლო ინიციატივის დროულად განხილვისკენ მეგაფონებით მოუწოდებდნენ.
აქციის მონაწილეებს შორის იყო გიორგი მეფარიძე, ჭიათურის სამთო მრეწველობის პროფესიული კავშირის თავმჯდომარის მოადგილე.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ, მაგალითად, ჭიათურაში მეშახტის მინიმალური ხელფასი დაახლოებით 1200-1500 ლარამდე მერყეობს, იმ სამუშაო პირობებიდან, რისკებიდან და ფასებიდან გამომდინარე, რაც დღეს ქვეყანაშია, არათუ 636 ლარით, 1500 ლარითაც კი რთულია თვიდან თვემდე თავის გატანა:
„სისტემატურად იზრდება ფასები საწვავზე, პროდუქტზე, პირველადი მოხმარების ნივთებსა თუ ტანსაცმელზე ანუ იმ ყველაფერზე, რაშიც დასაქმებულის ხელფასი იხარჯება. 2000-ლარიანი ხელფასითაც კი დღეს ოჯახი მხოლოდ თავს თუ გაიტანს. სხვა რაიმესთვის ფული საძებნელი ექნება“, - ამბობს ის.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პროფესიული კავშირების წარმომადგენლები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია ხელფასის მინიმალური ზღვრის დაწესების მოთხოვნით გამოდიან.
ჯერ კიდევ 2016 წელს შეიმუშავეს რეკომენდაციები სახალხო დამცველის ოფისმა და პროფესიულმა გაერთიანებამ, რომლის თანახმადაც „საქართველოს შრომის კოდექსში“ უნდა გაჩენილიყო ჩანაწერი - მინიმალური ხელფასის შესახებ დეფინიცია, ხოლო საქართველოს პარლამენტს უნდა მოეხდინა მინიმალური ხელფასის დაწესების შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1970 წლის 131-ე კონვენციის რატიფიცირება.
ამის შემდეგ, უკვე 2020 წელს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ჩააგდო საკანონმდებლო ინიციატივა მინიმალური ხელფასის ოდენობის 500 ლარით განსაზღვრის შესახებ.
შესაბამისად, კვლავაც ძალაში დარჩა და დღემდე რჩება 1999 წლის საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის N351 ბრძანება, რომლის მიხედვითაც მინიმალური ხელფასი კერძო სექტორში განსაზღვრულია 20 ლარის ოდენობით, რაც დღეს ერთგვარ სიმბოლურ ხასიათს ატარებს.
კერძო სექტორისგან განსხვავებით, 2005 წლის პრეზიდენტის ბრძანებულებით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობად 135 ლარი დადგინდა.
რატომ ითხოვს პროფკავშირი ხელფასის მინიმალური ზღვრის დაწესებას?
პროფკავშირის პასუხი მარტივია - „ინიციატივა ეხება ქვეყანაში მცხოვრებ იმ 191 ათას მოქალაქეს, რომლებიც სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან იმ შემოსავლებისა და იმ მინიმალური ხელფასის გამო, რომელიც დღეს საქართველოშია“, - ამბობს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოში 800 ლარამდე დასაბეგრი ხელფასი 238 ათას პირს აქვს. მაგალითად, შემოსავლების სამსახურის ივლისის მონაცემებითვე, 300-დან 400 ლარამდე ხელფასი აქვს 34 ათასამდე ადამიანს. 500-დან 600 ლარამდე მერყეობს 38 ათასამდე ადამიანის ხელფასი. 200-დან 300 ლარამდე ხელფასს კი 30 ათასამდე ადამიანი იღებს.
პროფკავშირებში მიაჩნიათ, რომ მინიმალური ხელფასის განსაზღვრით, შემცირდება ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი და ჩრდილიდან გამოვა არაფორმალური დასაქმება. მათ მიაჩნიათ, რომ მინიმალური ხელფასის განსაზღვრა სავალდებულო უნდა იყოს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.
„რიგ ევროპულ ქვეყნებში მუშაობენ და უკვე მიაღწიეს კიდეც იმას, რომ საშუალო ხელფასის 60% უნდა იყოს მინიმალური ხელფასი“, - ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი, რომლის თქმითაც, ბიზნესის ინტერესის, საქართველოს ეკონომიკაში არსებული პარამეტრებიდან გამომდინარე, პირველ ეტაპზე, მათი მოთხოვნაა, რომ მინიმალური ხელფასის ოდენობა განისაზღვროს საშუალო ხელფასის 40%-ით, თუმცა, სამომავლოდ, ეს რიცხვი უნდა გაიზარდოს:
„გადაჭედილია პარლამენტის დღის წესრიგი რაღაც მაღალ მატერიებზე საუბრით, პოლიტიკური კორდებალეტის სტილში და საქართველოს მოქალაქეების საჭიროებები, რომლებიც გამოხატულია ყველა ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევაში, - ეს გახლავთ დასაქმება, სიღარიბე და ა.შ. - უკან რჩებათ. მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, საკანონმდებლო, აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ შეადგინონ ის დღის წესრიგი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების უმთავრეს ინტერესებზე იქნება დაფუძნებული. მათ შორის უნდა იყოს ჩვენი ინიციატივა, რომელსაც სჭირდება მყისიერი განხილვა“.
პროფკავშირების თავმჯდომარის მტკიცებით, ინიციატივის წარდგენამდე მათ კომუნიკაცია ჰქონდათ პარლამენტთან, ბიზნესმენებთან, დამსაქმებლებთან, რომლებიც, მისი თქმით, კერძო საუბრებში ემხრობიან ქვეყანაში მინიმალური ხელფასის განსაზღვრას: „აი, ინიციატივა აქ არის, თუ ვინმეს კითხვის ნიშანი აქვს ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, ჩვენც აქ ვართ და მზად ვართ, ვუპასუხოთ“, - ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი.
რა საფრთხეებს შეიცავს მინიმალური ხელფასის განსაზღვრა?
თუკი სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესების კუთხით შევხედავთ მინიმალური ხელფასის განსაზღვრის იდეას, ჩნდება განცდა, რომ იმ მინიმალური ზღვრის დაწესებით, რომლის დაბლაც დამსაქმებელი დასაქმებულს ვერ გადაუხდის ხელფასს (ამ შემთხვევაში, 636 ლარზე ნაკლებს), წესით, დასაქმებულების შემოსავალი უნდა გაიზარდოს და, შესაბამისად, გაუმჯობესდეს მათი ფინანსური მდგომარეობაც.
ამასთანავე, არსებობს მოლოდინიც, რომ ე.წ. ღირსეული მინიმალური ხელფასის განსაზღვრის შემთხვევაში, დასაქმებულებში გაიზრდება მოტივაცია, იმუშაონ უფრო ეფექტიანად და შექმნან მეტი დოვლათი.
თუმცა, ეკონომისტთა ნაწილი ამ საკითხს ამ პრიზმით არ და ვერ ხედავს და ამბობს, რომ მინიმალური ხელფასის დაწესებას თავისი ფასი აქვს და ეს ფასი ძვირია.
ასე ფიქრობს კვლევითი ინსტიტუტის „გნომონ ვაიზის“ [Gnomon Wise] მკვლევარი, ეგნატე შამუგიაც, რომლის თქმითაც, პრაქტიკის თანახმად, მინიმალური ხელფასის დაწესება ხშირად პირდაპირპროპორციულია უმუშევრობის ზრდასთან.
უფრო კონკრეტულად კი, იმ ადამიანების უმუშევრად დარჩენასთან, რომლებსაც ნაკლები კვალიფიკაცია, ნაკლები გამოცდილება და, შესაბამისად, შედარებით დაბალი ანაზღაურების მიღების მზაობა აქვთ.
ეგნატე შამუგიას თქმით, მინიმალური ხელფასის განსაზღვრა საზიანოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის საბაზრო ხელფასის დონეს აღემატება. ან აღემატება იმ ხელფასის დონეს, რომლის გადახდისა და მიღების მზაობაც არსებობს მხარეებს შორის. ხოლო თუკი მინიმალური ხელფასი ამ მაჩვენებელს აჭარბებს, ეკონომისტის თქმით, ის შრომის ბაზარზე ჩაგრავს დაბალკვალიფიციურ მუშახელს, ვინაიდან დამსაქმებელს ნაკლებკვალიფიციური ადამიანის შრომა ძვირად არ უღირს:
„ერთი მხრივ, მინიმალური ხელფასის დაწესების მოთხოვნის მიზანი შრომის ბაზარზე დასაქმებულების, მოწყვლადი ადამიანების დაცვაა. ამ შემთხვევაში, მოწყვლად ადამიანებად შეგვიძლია მოვიაზროთ ახალგაზრდები, ისინი, ვინც ახლახანს დაამთავრეს მაგალითად, სკოლა, ან ისეთი მუშახელი, რომელთა სამუშაო უნარები დაბალია. თუმცა, მათი დაცვის და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ნაცვლად, რეალურად, სხვა სურათს ვიღებთ“, - ამბობს ეგნატე შამუგია და ცდილობს, კონკრეტული მაგალითით დაასაბუთოს თავისი არგუმენტი:
„ახალგაზრდა, რომელმაც ეს-ესაა დაამთავრა სკოლა, გადაწყვიტა, რომ დასაქმდეს. მიდის მარკეტების ქსელში და აქვს მზაობა, რომ კომპეტენციიდან გამომდინარე, მისი თვიური შემოსავალი იქნება 400 ლარი. ასეთივე მზაობა აქვს დამსაქმებელს, რომ დასაქმებულს, რომელსაც არ გააჩნია გამოცდილება, გადაუხდის 400 ლარს და არა მეტს. ანუ, ორივე მხარეს სწორედ ამ ფასზე გააჩნია მზაობა. მაგრამ მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ხელფასის ქვედა ზღვრად დააწესოს, მაგალითად, 600 ლარი. რა ხდება ამ დროს? დამსაქმებელს ამ თანხის გადახდის მზაობა არ აქვს და დასაქმების მსურველი ეთიშება შრომის ბაზარს. სამაგიეროდ, დამსაქმებელი მზადაა, რომ უფრო მეტი კვალიფიკაციის მქონე ადამიანს, რომელსაც გაყიდვების სფეროში მუშაობის გარკვეული გამოცდილება აქვს, გადაუხადოს 600 ლარი და უფრო მეტიც.
ამ ისტორიაში ვინ დაიჩაგრა ყველაზე მეტად? ის ახალგაზრდა, ამ ეტაპზე გამოუცდელი კადრი, რომელიც მზად იყო ემუშავა 400 ლარად. ან ის ადამიანი, რომელმაც თავის დროზე, სოციალური თუ ოჯახური პირობების გამო, ვერ მიიღო სათანადო განათლება და მზად იყო, რომ საწყის ეტაპზე, სანამ გამოცდილებას შეიძენდა, მიეღო თუნდაც 400-ლარიანი ხელფასი“.
ეგნატე შამუგიას აზრით, მინიმალური ხელფასის დაწესება გამოიწვევს ე.წ. სტიმულების დამახინჯებას. ამ არგუმენტსაც ის ასეთი მაგალითით ამყარებს:
„ვიღაცას შეუძლია 50 პურის გამოცხობა დღეში, ვიღაცას - 70-ის. მინიმალური ხელფასის დაწესების შემთხვევაში, დამსაქმებელი დაასაქმებს 70 პურის მცხობელს და გადაუხდის მაღალ ანაზღაურებას. საერთო ანგარიშით, გარდა იმისა, რომ ერთი ადამიანი ვერ დასაქმდება, ჩვენ რა შედეგს მივიღებთ? - თუკი შეიძლებოდა, რომ გვქონოდა დღეში 120 პური, ახლა გვექნება მხოლოდ 70. ანუ, სტიმულების დამახინჯება მოიტანს სოციალურ დანაკარგებს - ის ადამიანი ხომ ვერ დასაქმდა და ვერც მისი შრომითი რესურსი გამოვიყენეთ“.
მინიმალური ხელფასის დაწესების საფრთხეებზე წერს თავის კვლევაში ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, თამარ შვანგირაძე. მისი თქმით, მინიმალური ხელფასის ზრდის პოლიტიკა საკმაოდ კომპლექსურია, რომლის ეფექტიანობაც მხოლოდ ერთი მაჩვენებლით არ იზომება. „მინიმალურ ხელფასს შინაარსობრივად უფრო სოციალური დატვირთვა აქვს თუ ეკონომიკური, ნაკლებად მნიშვნელოვანია“, - წერს ის, რომლის თქმითაც, მთავარია, რომ მინიმალურმა ხელფასმა, შესაძლო ზრდის შემთხვევაში, არ შეანელოს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და განვითარება.
ამ შემთხვევაში კი, თამარ შვანგირაძის აზრით, განსაკუთრებით საყურადღებოა, როდესაც რეფორმა ეხება კერძო სექტორს და კონკურენტულ ბაზარს:
„საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებს თუ გავითვალისწინებთ, მინიმალური ხელფასის გაზრდა უფრო დამაზარალებელი იქნება მოსახლეობისთვის, ვიდრე ხელისშემწყობი, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ძირითადად დასაქმებულია მსხვილ ვაჭრობაში, მომსახურების და საფეიქრო სექტორში, დისტრიბუციაში და ა.შ. სადაც ანაზღაურება შედარებით დაბალია და ამასთანავე შრომაც მეტად ავტომატიზირებული“.
თამარ შვანგირაძის აზრით, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შემოსავლების გაზრდის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარების დივერსიფიცირება, რათა მოხდეს ყველა უნარის, შესაძლებლობის მქონე კადრის შესაბამისი სამუშაო ადგილის შექმნა. აუცილებელია, რომ გაიზარდოს კონკურენცია ბიზნესებს შორის, რათა ამის ფონზე მოხდეს მათი განვითარება.
მას მიაჩნია, რომ ამ ასპექტში მინიმალური ხელფასის პოლიტიკა, პირიქით, ახშობს კონკურენციას, ვინაიდან ბაზრიდან გამოდევნის მცირე ბიზნესს, მისი შეზღუდული რესურსიდან გამომდინარე.