ქუთაისში, ავტომშენებლის 14 ნომერში მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში აფეთქებით გამოწვეული ხანძრის ფაქტზე შსს-მ საქმე აღძრა ოჯახში ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით. ამ მუხლით გამოძიების დაწყება ამყარებს ადგილობრივ მცხოვრებთა ვერსიას, რომ ბინაში ბუნებრივი გაზი არ დაგროვებულა და დილის 6-ის ნახევარზე მომხდარი აფეთქება ხელოვნურად იყო გამოწვეული. აფეთქებას მოჰყვა ხანძარი, რომელმაც მთლიანად გაანადგურა მეორე სართულზე მდებარე ბინა. დაზიანდა საცხოვრებელი ბინები მესამე და მეოთხე სართულებზე და, ნაწილობრივ, პირველი სართულიც.
ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, ოთხმა ადამიანმა მძიმე დამწვრობა მიიღო. დაშავდა კიდევ სამი. ყველა კლინიკებში გადაიყვანეს. ქუთაისის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ცენტრის ქირურგი გიორგი აბესაძე ამბობს, რომ მათთან ამჟამად იმყოფება ორი პაციენტი, რომელთა მდგომარეობა მძიმეა.
ქუთაისის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ცენტრის გარდა, დაშავებულები გადაიყვანეს დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, სადაც ამ დრომდე რჩება არასრულწლოვანი ბიჭი. მისი მდგომარეობა სტაბილურია და ნეიროქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობს. ამ კლინიკაში დილით ოთხი პაციენტი მიიყვანეს. მათგან ორის მდგომარეობა შედარებით მსუბუქი იყო და საავადმყოფო უკვე დატოვეს. თბილისში დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს ხანძრის დროს დაშავებული 10 წლის გოგონა და 30 წლის მამაკაცი.
მეზობლების ინფორმაციით, ავტომშენებლის ქუჩაზე მდებარე ოთხსართულიანი კორპუსის მეორე სართულზე, სადაც აფეთქება მოხდა, ერთ-ერთი დაზარალებული ნანა ბერიაა. ის წლების განმავლობაში მუშაობდა და ცხოვრობდა საბერძნეთში, საიდანაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. ბინაში იმყოფებოდა მისი შვილი, 30 წლამდე ასაკის ირაკლი კანკია, რომელიც ახლახან დაბრუნდა რუსეთიდან. თვითმხილველების ინფორმაციით, აფეთქების დროს ბინაში იმყოფებოდნენ ნანა ბერიას ახლო ნათესავი ახალგაზრდა ქალი და 10 წლის ბავშვი.
აფეთქების ადგილი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული და სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ. კორპუსს არ მიეწოდება ელექტროენერგია, წყალი და ბუნებრივი აირი. საკუთარ ბინებში დროებით არ უშვებენ მეზობლებსაც, რომლებსაც მხოლოდ პირადი ნივთების გატანის უფლება მისცეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხანძრის შედეგად საცხოვრებლად უვარგისია მესამე და მეოთხე სართულზე მდებარე ორი ბინაც.
აფექების შედეგად მეორე სართულის კედელი და ფანჯარა ჩამოინგრა. ნანგრევებმა დააზიანა ეზოში მდგომი რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანა.
როგორც მესამე სართულზე მცხოვრები მირზა მაჩიტაძე ჰყვება, გამთენიისას ბავშვის ტირილმა და ქალის ხმამ გააღვიძა და მათ დასახმარებლად საკუთარი ბინიდან გამოდიოდა, როდესაც აფეთქების ხმა გაისმა, რასაც ძლიერი კვამლი და ხანძარი მოჰყვა. მირზა მაჩიტაძის თქმით, ძლიერი კვამლის გამო სადარბაზოს მცხოვრებთა ნაწილმა საკუთარი ბინიდან გამოსვლა ვერ შეძლო და მაშველების დახმარებით ფანჯრებიდან გადმოიყვანეს. როგორც მირზა მაჩიტაძე ამბობს, მის ბინაში მხოლოდ რამდენიმე ნივთი გადაურჩა ხანძარს: „ყველაფერი გაჭვარტლულია და მტვერითაა სავსე, კედლები გაშავებულია კვამლისგან, ჭერი ჩამობერილია წყლისგან. არ ჩანს ახლა, სიბნელეა და შეიძლება დაბზარულიც არის კედლები და ჭერი“.
როგორც მეოთხე სართულზე მცხოვრები შორენა ნემსაძე ამბობს, ხანძრის დროს ოთხ შვილთან ერთად დატოვა ბინა, რომელიც საცხოვრებლად უვარგისია და დახმარების გარეშე მის აღდგენას ვერ შეძლებს: „რაც კი მქონდა, ყველაფერი გაფუჭებულია ხანძრისგან და ჭვარტლისგან. ტექნიკა, ავეჯი, არაფერი აღარ ვარგა. დავრჩი გარეთ ოთხი ბავშვით“.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, რომელიც დაზარალებულ ოჯახებს სასტუმროში გადაყვანას დაჰპირდა. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, მერია ამ ოჯახებს ზარალის დადგენის შემდეგაც დაეხმარება.
ქუთაისში, ავტომშენებლის გამზირის 14 ნომერში მდებარე კორპუსის ბინაში აფეთქებით გამოწვეულ ხანძარს 30-მდე მეხანძრე მაშველი ათი ერთეული სპეციალური ტექნიკით აქრობდა.