ქუთაისის საკრებულოს წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი უკლებას საავადმყოფოში უტარებენ კვლევებს მერიის შენობაში 19 სექტემბერს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას მიღებული დაზიანებების გამო. უკლებას თქმით, ის გვიან ღამემდე პასუხობდა სამართალდამცველების შეკითხვებს და შეეცადა მათთვის დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებით, საკრებულოს რიგგარეშე სხდომამდე პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოსთხოვეს სხდომის დატოვება და უარის შემდეგ თავს ჯგუფურად დაესხნენ. გიორგი უკლება მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის წევრთა ქმედება წინასწარ იყო დაგეგმილი და მის აქტიურობას უკავშირდება.
გიორგი უკლება ამბობს, რომ კონფლიქტი მოჰყვა ფეისბუკზე მის პოსტს, რომელშიც ქუთაისის მერს მოუწოდებდა ერთმანეთისგან გაერჩია იაკობ და ნიკო ნიკოლაძეები და ქალაქის ისტორია შეესწავლა. საქმე ეხებოდა ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას, ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომ ქალაქში განათდა ნიკო ნიკოლაძის სკვერი, რომელიც სინამდვილეში იაკობ ნიკოლაძის სახელობისაა. ქუთაისის მერიაში საჯაროდ არა, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ დაპირისპირება უკავშირდებოდა არა მერისადმი უკლებას მოწოდებას, არამედ მის შეურაცხმყოფელ პოსტებს პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებზე. ქუთაისის ადმინისტრაციულ შენობაში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე ქალაქის პოლიციის სამმართველოში გამოკითხეს საკრებულოს ფრაქციის, „ნაციონალური მოძრაობის“, ხელმძღვანელი გიგა შუშანიაც. ის მოითხოვს, რომ ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას დაემატოს პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლიც.
პოლიციაში დაკითხეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ჩხუბში მონაწილე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც - იმედა საღინაძე, კახაბერ ბოჭორიშვილი, ოთარ ლორთქიფანიძე, ამირან კოპალეიშვილი, ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი და სხვები, თუმცა ისინი კომენტარს არ აკეთებენ. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი შენგელიამ, რომელიც ჩხუბის მონაწილეთა გაშველებას შეეცადა, მოსახლეობას ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ საკრებულოში მსგავსი ფაქტი არ უნდა ხდებოდეს. ირაკლი შენგელიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატები გააღიზიანა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებამ, რომელიც შეიცავდა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, ამომრჩევლის შეურაცხყოფას:
ირაკლი შენგელიას საპასუხოდ, საკრებულოს ფრაქციის, „ნაციონალური მოძრაობის”, ხელმძღვანელი გიგა შუშანია განმარტავს, რომ გია უკლებამ სოციალურ ქსელში მსგავსი შინაარსის სტატუსი 10 სექტემბერს გამოაქვეყნა, რის შემდეგაც უმცირესობისა და უმრავლესობის დეპუტატები ერთმანეთს სხვადასხვა ღონისძიებაზე შეხვდნენ და იქ არაფერი მომხდარა.
კიდევ ერთი ბრალდება, რომელსაც ოპოზიცია მმართველ პარტიას და ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიას უყენებს, საუბნო საარჩევნო კომისიების „ქართული ოცნების“ წევრების ნათესავებით დაკომპლექტებაა. 19 სექტემბერს ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროტესტის ნიშნად საოლქო კომისია დატოვეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა, თუმცა არც ერთ პარტიაში რადიო თავისუფლებას ეს არ დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ დატოვეს არა კომისია, არამედ მისი ბოლო სხდომა.
ქუთაისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს საარჩევნო გარემოს დამაზიანებლად მიიჩნევენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელეს...
ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ევროპაშია“ წარმომადგენლის ლაშა შალამბერიძის განცხადებით, საოლქო კომისიამ კონკურსის წესით საუბნო კომისიის დამოუკიდებელ წევრებად აირჩია ის კონკურსანტები, რომლებიც გასულ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მიერ იყვნენ დანიშნულნი. ლაშა შალამბერიძისავე განცხადებით, 1 000-მდე კონკურსანტიდან შეირჩა 738 და მათ შორის ვერ მოხვდნენ პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანები.
საპასუხოდ ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ ყველა კონკურსანტი აირჩიეს კანონმდებლობის შესაბამისად და საარჩევნო ადმინისტრაციის რეკომენდაციების საფუძველზე, რომელთა შორისაა კარგი პროფესიული და საარჩევნო გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციური და მიუკერძოებელი საქმიანობა. საოლქო საარჩევნო კომისიისავე განმარტებით, კომისიას არ აქვს არც უფლება და არც ვალდებულება შეისწავლოს კონკურსანტთა ოჯახური მდგომარეობა. ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, კომისიის არჩეული წევრებიდან 600-ს აქვს საარჩევნო კომისიებში სულ მცირე ორჯერ მუშაობის გამოცდილება.
წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი და ოპოზიციური პარტიების ერთმანეთთან ურთიერთობის ფორმებს და საკრებულოში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფითად აფასებენ რადიო თავისუფლების მიერ ქუთაისში გამოკითხული ამომრჩევლები. მათი შეფასებით, პოლიტიკური ოპონენტები ძირითადად დაკავებულნი არიან ურთიერთბრალდებებით და არა პროგრამების წარდგენითა და აქტუალურ თემებზე კამათით.
მიგვაჩნია, რომ დეპუტატების ძალადობრივი ქმედებები საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესების მშვიდ და სტაბილურ ვითარებაში წარმართვას, სერიოზულ ზიანს აყენებს წარმომადგენლობითი ორგანოს რეპუტაციას და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტებს...ერთობლივი განცხადება
ქუთაისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს საარჩევნო გარემოს დამაზიანებლად მიიჩნევენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელეს.
„მიგვაჩნია, რომ დეპუტატების ძალადობრივი ქმედებები საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესების მშვიდ და სტაბილურ ვითარებაში წარმართვას, სერიოზულ ზიანს აყენებს წარმომადგენლობითი ორგანოს რეპუტაციას და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტებს. მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით, მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს უზრუნველყონ გამოძიების ეფექტურად წარმართვა და ძალადობაში მონაწილე პირების დასჯა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად. ამასთან, მივმართავთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაცია, ხოლო მმართველ პარტიას, პოლიტიკურ სუბიექტებს, საპრეზიდენტო კანდიდატებს და მათ მხარდამჭერებს, მაქსიმალური ძალისხმევა მიმართონ წინასაარჩევნო აქტივობების მშვიდ და სტაბილურ გარემოში განხორციელებისთვის და არ დაუშვან ძალადობრივი ქმედებების წახალისება“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გაავრცელესარასამთავრობო ორგანიზაციებმა: „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“, „საქართველოს რეფორმების ასოციაციამ“, „საფარმა“, „საქართველოს გაეროს ასოციაციამ“, „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“.