ქუთაისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ქალაქის მუზეუმებს სულ უფრო მეტი უცხოელი ტურისტი სტუმრობს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი შენგელიას, ინფორმაციით, 2018 წელს ქუთაისის ექვს მუზეუმში 10 550 უცხოელი ვიზიტორი იმყოფებოდა.
"2019 წლის პირველ ექვს თვეში კი მათი რაოდენობა უკვე 12 ათასზე მეტია. ქალაქის მუზეუმების დამთვალიერებელ უცხოელებს შორის პოლონელები, ბრიტანელები და რუსები სჭარბობენ“,- აცხადებს ირაკლი შენგელია და დასძენს, რომ, ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ხარისხის გაზრდის აუცილებლობიდან გამომდინარე, ქალაქის მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესებას აპირებენ. ამასთან, თავად ქუთაისის მუზეუმების დიდ ნაწილს წლებია რეკონსტრუქცია არ ჩასტარებია.
უცხოელ ვიზიტორთა სიმრავლე ყველაზე მეტად ქუთაისის უძველეს, სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში შეიმჩნევა. 107 წლის წინ დაარსებული მუზეუმი წლების განმავლობაში ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მდებარე ამორტიზებულ შენობაში მუშაობდა. 7 წლის წინ მუზეუმი ქუთაისის ისტორიულ უბანში, ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში, გადაიტანეს. ამ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. მუზეუმის ადამიანური რესურსების მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნონა ქარციძე ამბობს, რომ ფონდში 230 ათასი ისტორიულ-ეთნოგრაფიული ექსპონატია დაცული და მათგან ყველაზე ძველი ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მერვე საუკუნეში შექმნილი მამაკაცის ითიფალური ქანდაკებაა. მუზეუმში დაცულია მსოფლიოში ერთადერთი კოლხური დიდრაქმაც, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნით თარიღდება და ამჟამად მუზეუმის ლოგოა. მუზეუმში დღეს ორი საექსპოზიციო დარბაზი ფუნქციონირებს, თუმცა ასეულობით უნიკალური ექსპონატი საცავში ინახება და მუზეუმის სტუმრებს მათი დათვალიერების შესაძლებლობა არა აქვთ. ამ დრომდე არ განხორციელებულა რამდენიმე წლის წინ შემუშავებული პროექტი, რომელიც მუზეუმის გაფართოებასა და საგამოფენო სივრცეების დამატებას გულისხმობს. როგორც ნონა ქარციძე განმარტავს, ამჟამად მიმდინარეობს საჭირო თანხის მოძიება მუზეუმის კუთვნილი 187 კვადრატული მეტრი სივრცის რეკონსტრუქციისთვის, რომელშიც მუდმივმოქმედი გამოფენა განთავსდება.
"ამ შემთხვევაში არქეოლოგიის ფონდი მთლიანად განთავსდება ახალ სივრცეში და მოეწყობა ღია გამოფენა, ფონდი 140 000-ზე მეტ არტეფაქტს მოიცავს და ისინი არ ეტევა ამჟამად არსებულ დარბაზში ხელნაწერებთან ერთად“.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსა და მუზეუმის ერთობლივი ძალისხმევით, მალე მუშაობას დაიწყებს ქართულ-პოლონური ექსპედიცია და ქუთაისი საინტერესო და უმნიშვნელოვანესი აღმოჩენის მომსწრე გახდება, რომელიც უძველესი ქალაქის ისტორიას კიდევ უფრო გაამდიდრებს...ნონა ქარციძე
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი საქართველოს კულტურის სამინისტროს დაფინანსებით ფუნქციონირებს და ბოლო 6 წლის განმავლობაში რესტავრაცია ეტაპობრივად ჩაუტარდა 100-მდე ექსპონატს. ნონა ქარციძის განცხადებით, მუზეუმში ყოველწლიურად 25-მდე თემატური გამოფენა იმართება, რომლებიც ხშირად მსახიობებისა და მუსიკალური ჯგუფების დახმარებით, პერფორმანსებით მიმდინარეობს. ამჟამად კი მუზეუმი ნუმიზმატურ გამოფენას ამზადებს. მალე დასრულდება მუზეუმის შიდა ეზოც, დამონტაჟდა განათებები და სცენა, სადაც ღია ცის ქვეშ მოეწყობა გამოფენები და ერთ-ერთი პირველი ევროპის მემკვიდრეობის დღეებისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია იქნება.
როგორც ნონა ქარციძე განმარტავს, მუზეუმი გამოფენების პარალელურად აქტიურადაა ჩართული სამეცნიერო საქმიანობაში.
"კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსა და მუზეუმის ერთობლივი ძალისხმევით, მალე მუშაობას დაიწყებს ქართულ-პოლონური ექსპედიცია და ქუთაისი საინტერესო და უმნიშვნელოვანესი აღმოჩენის მომსწრე გახდება, რომელიც უძველესი ქალაქის ისტორიას კიდევ უფრო გაამდიდრებს“.
ქალაქის მუზეუმების ნაწილი ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზეა და მათი დათვალიერება 1-დან 3 ლარამდე ღირს ან უფასოა. ტუროპერატორი ლაშა ბერეკაშვილი მიიჩნევს, რომ ქუთაისის მუზეუმების ცნობადობისა და დაწესებულებებში დამთვალიერებელთა რაოდენობის გაზრდისთვის სწორი მენეჯმენტია აუცილებელი. ლაშა ბერეკაშვილის აზრით, მუზეუმებმა დამთვალიერებელს სხვადასხვა ინსტალაცია და პერფორმანსებიც უნდა შესთავაზონ, რადგან მხოლოდ სტატიკური გამოფენები ტურისტების მისაზიდად არასაკმარისია. ლაშა ბერეკაშვილი ტურისტების ინფორმირებისთვის და მომსახურების გასამარტივებლად საჭიროდ თვლის შეიქმნას მუზეუმების საერთო ბარათი:
პირველ ეტაპზე აუცილებელია აქ კომუნიკაციების მოყვანა, საჭიროა კონსტრუქციის შექმნა, სადაც ჩატარდება აქტივობები ტურისტისთვის, რომელიც დაგეგმავს ჩამოსვლას. თუ რუკაზე ხელოვნების პარკი გაჩნდება, შესაბამისად, გაჩნდება ინტერესიც...ხვიჩა დოღონაძე
„საჭიროა ქალაქს ჰქონდეს ერთიანი სამუზეუმო ბარათი, რომლითაც ტურისტი მოინახულებს ყველა იმ ობიექტს, რომელიც ქალაქშია. რადგან არ არსებობს ერთიანი გადახდის სისტემა, ბევრი მუზეუმი რჩება ტურისტის გარეშე, რადგან ტუროპერატორებისთვის ოპერირება რთულია, რადგან სხვადასხვა მუზეუმთან ცალ-ცალკე უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება, აწარმოო აღრიცხვა და გადარიცხო თანხა, რაც დამატებით დროს და ადამიანურ რესურსს მოითხოვს“.
ქუთაისში ტურისტების მისაზიდად და ქალაქში რამდენიმე დღით დასაყოვნებლად ხელისუფლებას არტსივრცეების მოწყობას სთავაზობს სამოქალაქო აქტივისტი ხვიჩა დოღონაძე. მან თანამოაზრეებთან ერთად შეადგინა საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ 20 ჰექტარზე ხელოვნების პარკის პროექტი:
"ეს არის ხელოვნების მეცნიერებისა და ბუნების შერწყმა, სადაც განთავსდება საგანმანათლებლო საკონცერტო სივრცეები, მუზეუმების სივრცეები ბიენალესთვის და ა.შ. რადგან ტერიტორია აუთვისებელია, პირველ ეტაპზე აუცილებელია აქ კომუნიკაციების მოყვანა, საჭიროა კონსტრუქციის შექმნა, სადაც ჩატარდება აქტივობები ტურისტისთვის, რომელიც დაგეგმავს ჩამოსვლას. თუ რუკაზე ხელოვნების პარკი გაჩნდება, შესაბამისად, გაჩნდება ინტერესიც“.
პროექტ „ქუთაისის ხელოვნების პარკის“ თანაავტორ ხვიჩა დოღონაძის განცხადებით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში პარკში ჩატარდება სხვადასხვა სახელოვნებო ფესტივალი, მათ შორის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „აპერგრაუნდი“, რომელიც ახალი მიმდინარეობაა და ყველა ასაკის ტურისტს მოიზიდავს. პროექტის იდეა როლანდ შალამბერიძეს ეკუთვნის.