ამ დღეებში წავიკითხე ფეისბუკპოსტი, რომლის ავტორი უკმაყოფილო იყო ოპოზიციის ლიდერებით, ვინც ხალხს ქუჩის პროტესტებისკენ მოუწოდებდა და თან აყოლებდა: „რა თქმა უნდა, მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით“. მისი გულისწყრომა სწორედ ამ დანამატმა გამოიწვია: მისი აზრით, ამის მთქმელებს თავგანწირვა, მსხვერპლობის მზაობა აკლიათ, უამისოდ კი არაფერი გამოვა.
ეს კომენტარი ქართული საზოგადოების უმრავლესობის განწყობას არ გამოხატავს, მაგრამ არც ერთი ადამიანის უნიკალური აზრია. ის ასახავს ჩვენი პოლიტიკური მენტალობის მნიშვნელოვან შრეს თუ მხარეს, რომელსაც ჰეროიკულ-რომანტიკულს ვუწოდებ. მის მიხედვით, პოლიტიკაში წარმატებას აღწევენ გმირები, რომლებიც მზად არიან, მსხვერპლზე წავიდნენ და, თავისი მაგალითით, სხვა ადამიანებს გაიყოლებენ. მხოლოდ ასეთი პოლიტიკაა მორალური და, ამავე დროს, მხოლოდ ისაა შედეგიანი.
განა მართლაც ასე არ არის? შეიძლება დიადი მიზნების მიღწევა თავგანწირვის გარეშე? ხშირად, ნამდვილად ასეა. დღეს ყველანი სამართლიანად აღფრთოვანებული ვართ უკრაინელების გმირობით. ეს ხალხსაც ეხება და ლიდერებსაც: რომ არა პრეზიდენტ ზელენსკის სიმტკიცე და შეუპოვრობა, განსაკუთრებით ომის პირველ დღეებში, ყველაფერი სულ სხვანაირად წავიდოდა.
მოკლედ, თავისუფლებას ვერასოდეს მოიპოვებს ის, ვინც მისთვის მსხვერპლზე წამსვლელი არ არის; კრიტიკულ მომენტებში ლიდერს თავგანწირვა რიგით მოქალაქეზე მეტად მოეთხოვება.
მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მხოლოდ რადიკალური, ფიზიკურ თავგანწირვაზე აგებული ქმედებაა მორალური ან შედეგიანი. ხშირად ამგვარი პოლიტიკა აცდენილია კონტექსტს, ის გარდაისახება ჰეროიკული ჟესტების ერთობლიობად, რომელიც გათვლილია არა შედეგზე, არამედ მორალური პოზის დემონსტრირებაზე. პოლიტიკური რეალობა უგულებელყოფილია, ხოლო მასზე ლაპარაკი სისუსტის ან უპრინციპობის ნიშნადაა ჩათვლილი.
ეროვნული მოძრაობა და მითები მასზე
ასეთი პოლიტიკისკენ მიდრეკილება რომ გვახასიათებს, თვალსაჩინო გახადა საბჭოთა სისტემის დასუსტების და რღვევის პერიოდში ჩასახულმა ჩვენმა ეროვნულმა მოძრაობამ. ის სხვა საბჭოთა რესუბლიკებში არსებული ანალოგებისგან პირველ რიგში იმით გამოირჩა, რომ აქ წამყვანი გახდა რადიკალური, „შეურიგებელი“ ფრთა, რომლის მთავარი თავმოსაწონი თვისება „უკომპრომისობა“ იყო. როგორც ვიცით, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდა.
დღეისთვის ჩვენში დამკვიდრდა მითი, თითქოს ეროვნულმა მოძრაობამ დამოუკიდებლებლობა მოგვიტანა. ეს, სულ მცირე, სერიოზული გაზვიადებაა. დამოუკიდებლობა ჩვენთან ერთად თურქმენეთმა და უზბეკეთმაც მიიღეს ისე, რომ საამისოდ არაფერი გაუკეთებიათ. საქართველო საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო გახდა იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა, რაშიც გადამწყვეტი როლი ითამაშეს, ერთი მხრივ, ბალტიის ქვეყნების ეროვნულმა მოძრაობებმა, მეორე მხრივ კი, კომუნისტური ნომენკლატურიდან მოსულმა ფიგურებმა, როგორებიც იყვნენ მიხეილ გორბაჩოვი, ბორის ელცინი და ლეონიდ კრავჩუკი (ამათგან, გორბაჩოვს და ელცინს იმპერიის დაშლა სულაც არ უნდოდათ, მაგრამ ეს დეტალია). რაღაც ზომით ჩვენც წავეხმარეთ, მაგრამ ჩვენი წვლილი გადამწყვეტი არ ყოფილა.
იმ პერიოდში ჩვენი „შეურიგებელი“ ოპოზიცია აქტიურად აკრიტიკებდა ე.წ. ბალტიისპირეთის გზას, რომელსაც იგივე მიზანი - ეროვნული დამოუკიდებლობა, ჰქონდა, მაგრამ ამისთვის განსხვავებულ მეთოდებს იყენებდა. ყოველ მოცემულ ეტაპზე ის დგამდა პრაგმატულ, რეალისტურ ნაბიჯებს, რაც გორბაჩოვის „პერესტროიკის“ პოლიტიკით შექმნილი შანსების მაქსიმალურ გამოყენებას გულისხმობდა. ქართველ „უკომპრომისოებს“ ასეთი ქცევა ამორალურად მიაჩნდათ: მაგალითად, საბჭოთა კონსტიტუციით გათვალისწინებულ არჩევნებში მონაწილეობა, მათი აზრით, ოკუპანტებთან კოლაბორაციას, მაშასადამე, ღალატს ნიშნავდა. ზვიად გამსახურდიაც დიდხანს ამ ხაზს მიჰყვებოდა, თუმცა შემდეგ 180 გრადუსით შემოტრიალდა და არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა. რადიკალებმა ეს ღალატად ჩაუთვალეს, თუმცა ამის წყალობით ეროვნულმა მოძრაობამ თავის ერთადერთ სერიოზულ წარმატებას მიაღწია: ხელისუფლებიდან განდევნა დემორალიზებული ქართული კომპარტია.
მართალი და მტყუანი ისტორიამ უკვე განსაჯა: ბალტიის ქვეყნებმა, არსებითად, მშვიდობიანად და უდანაკარგოდ მოიპოვეს დამოუკიდებლობა (1991 წლის იანვარში საბჭოთა ჯარის მიერ 14 ლიტველის დახოცვა ზოგად სურათს არ ცვლის) და სისტემურად შეუდგნენ ახალი სახელმწიფოების შენებას. ჩვენმა განსაკუთრებულმა გზამ მიგვიყვანა სახელმწიფო გადატრიალებამდე და სამოქალაქო ომამდე, რომელშიც ეროვნული მოძრაობის ორი ფრთა ერთმანეთს დაეჯახა. ეს რადიკალური პოლიტიკის დაუწერელი კანონია: ის იწყებს საერთო მტერთან (ამ შემთხვევაში, „იმპერიასთან“) ბრძოლით, შემდეგ კი მახვილს საკუთარი თანამებრძოლების წინააღმდეგ მიმართავს.
საკუთარი პასუხისმგებლობის აღიარება ძნელია. ამის მაგივრად, შეიქმნა დღესაც პოპულარული პოლიტიკური მითები. ბალტიისპირელთა წარმატებას იმით ხსნიან, რომ მათ დასავლეთი მეტად ეხმარებოდა. ეს მართალია, მაგრამ აქ მიზეზი და შედეგია ერთმანეთში არეული. ამერიკის შეერთებულ შტატებს არ უღიარებიათ ესტონეთის, ლატვიის და ლიტვის ანექსია საბჭოთა კავშირის მიერ, მაგრამ სანამ ამ ქვეყნებში ეროვნულ-განმათავისუფელებელი მოძრაობები დაიწყებოდა, ამას წმინდად სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. რეალურად, ბალტიისპირელებმა თავისი პრინციპული და, ამავე დროს, პრაგმატული ქცევით დაარწმუნეს დასავლეთი, რომ მხარდაჭერის ღირსნი იყვნენ: დასავლეთმა მათში თავისიანები დაინახა. ხოლო ის, რაც საქართველოში ხდებოდა, ევროპელი ერის ქცევას არაფრით ჰგავდა და არც მათგან მხარდაჭერას იმსახურებდა. დასავლეთმა საქართველოსთან დიალოგი მხოლოდ მას შემდეგ ჩათვალა აზრიანად, რაც აქ, მათი აზრით, შერაცხადი ლიდერი - ედუარდ შევარდნაძე მოვიდა.
ასევე გავრცელებულია მეორე მითი, თითქოს სახელმწიფო გადატრიალების დროს „ეროვნულ ხელისუფლებას“ რუსეთის აგენტები დაუპირისპირდნენ. სინამდვილეში, ბარიკადების ორივე მხარეს ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილეები იყვნენ და რუსეთთან ფარულ კავშირებს ორივე ერთმანეთს აბრალებდა; ძნელია განვსაზღვროთ, რომელი და რამდენად იყო მართალი ამ ბრალდებებში. ის, რაც მოხდა, რუსეთის ნეოიმპერიულ ზრახვებს ძალიან გამოადგა, მაგრამ ამით ვერ ავხსნით, რატომ აირია ქვეყანა მაინცდამაინც საქართველოში. ამ კატასტროფამ, რომლის ძირში „შეურიგებლობის“ და „უკომპრომისობის“ რომანტიკული მენტალობა იყო, მთელი 1990-იანები ჩვენი ისტორიის ბნელ ხანად აქცია.
ხომ არ ვბრუნდებით უკან?
ამ მითების მსხვრევა აქტუალურია იმიტომ, რომ ბოლო ხანებში ქართული პოლიტიკური ელიტა ამ მენტალობასთან დაბრუნების ნიშნებს ავლენს. „ვარდების რევოლუციამ“ და მისმა შემდგომმა პერიოდმა შექმნა იმედი, რომ პოლიტიკური თინეიჯერობის ასაკიდან გამოსვლა დავიწყეთ. თავად რევოლუციის ჟანრი, რა თქმა უნდა, თავისი არსით რომანტიკულია, მაგრამ მაშინ ამ ჟანრისთვის მაქსიმალური თავშეკავება და მოწიფულობა გამოვიჩინეთ. თუ 1992-ის სახელმწიფო გადატრიალებას ქვეყნის დაქცევა მოჰყვა, ვარდების რევოლუციით ქვეყნის ფიზიკური და ინსტიტუციონალური აღმშენებლობის პერიოდი დაიწყო. 2012 წლის არჩევნების შედეგებით გამოწვეული ენთუზიაზმი არ გამიზიარებია, მაგრამ თავად ფაქტი, რომ ხელისუფლების შესაცვლელად რევოლუცია აღარ დაგვჭირდა, იმედისმომცემი იყო. თანამედროვე ტიპის დემოკრატია ვერ გავხდით (ნამეტანსაც ნუ მოვითხოვთ), მაგრამ შერაცხად ქვეყნად მაინც გვაღიარეს. ეს უზარმაზარ პროგრესს ნიშნავდა.
ბოლო ხანებში ეს ელემენტარული პოლიტიკური შერაცხადობა ისევ დადგა ეჭვის ქვეშ. ხელისუფლების ქმედებებს ფსიქიატრიული ტერმინების გარეშე ვერ აღვწერ, თუმცა არ ვიცი, „შიზოფრენიაა“ უფრო ზუსტი სიტყვა თუ „ბოდვითი აშლილობა“. ლოგიკაზე დიდი ხანია უარია ნათქვამი: ხელისუფლება, ერთი მხრივ, თავს იწონებს იმით, რომ ომში ჩათრევისგან გვიცავს, მეორე მხრივ კი, გვაიმედებს, რომ შევყავართ ორგანიზაციაში, რომელიც ჩვენს ომში ჩათრევას ცდილობს.
მაგრამ ოპოზიციამაც პრაქტიკულად უარი თქვა პოლიტიკის ენასა და ქმედებებზე და გადაინაცვლა წარმოსახვით, ალტერნატულ რეალობაში, სადაც ხსნის გზა სასწაულზე გადის. ის ამ რეგისტრზე 2020 წლის პარლამენტის ბოიკოტით გადაერთო და ამის შემდეგ რეალურ სამყაროს ვეღარ დაუბრუნდა. აღნიშნული სასწაული უნდა მოახდინოს გმირმა, რომლის მთავარი თვისებებია უკომპრომისობა, შეურიგებლობა და თავგანწირვა. თუმცა, კონკრეტული გმირის ვინაობაზე აზრს ვიცვლით. ჯერ ველოდით კონკრეტულ ადამიანს, მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ჩამოვიდოდა და გველეშაპს დაამარცხებდა. ახლა გმირის როლში უნდა გამოვიდეს კოლექტიურად ხალხი, რომელიც ქუჩაში გავა, მიშასაც გადაარჩენს და ქვეყანასაც. მაგრამ სასწაულის მომხდენი შეიძლება ქვეყნის გარეთაც იყოს: დასავლეთი, რომელიც გველეშაპს ანუ ბიძინას სანქციებს დაუწესებს და ამით თავს წააგდებინებს, ან უკრაინელები, რომლებიც არა მარტო რუსეთს დაამარცხებენ (ამ ნაწილს სულაც არ ვთვლი ფანტასტიკად), არამედ, რაღაცნაირად, ჩვენც გვიშველიან.
საღი აზრი მხოლოდ საქართველოში არ არის დეფიციტური საქონელი. ბოლო წლებში განვითარებულ დასავლურ დემოკრატიებშიც ვნახეთ კოლექტიური სიგიჟის პერიოდული შემოტევები. მაგრამ მათ, ჩვენგან განსხვავებით, აქვთ ინსტიტუტები, რომლებიც ამ შემოტევებს აწონასწორებს. ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც საქართველოს ომში ჩამთრევი საერთაშორისო შეთქმულების ბოდვაშია ჩართული, და ოპოზიცია, რომელიც რეალობას არანაკლებ მოწყვეტილ ალტერნატულ რეალობაში ცხოვრობს. ეს ყველაფერი არ აღიწერება დასავლეთისგან ნასესხები თავაზიანი ტერმინებით, როგორიცაა, მაგალითად, „პოლიტიკური პოლარიზაცია“ ან „რეფორმების შენელება“. ეს შეურაცხადობის პოლიტიკაა; სხვებიც სულ უფრო მეტად ასე აღგვიქვამენ, თუმცა ამას პირდაპირ არ გვეუბნებიან. ამ ვითარებაში ყოფნის გამოცდილება გვაქვს და მასთან ბოლომდე დაბრუნება თავიდან უნდა ავიცილოთ.
ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.