მაშინ, როცა ახლახან შეცვლილი საარჩევნო კოდექსის ხელახლა გადახედვას აღარავინ მოელოდა, „ქართული ოცნება“ ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა - ჯარიმა, შინაპატიმრობა ანდა 3-წლამდე პატიმრობა მათ, ვინც ამომრჩეველების დაშინებასა და იძულებას შეეცდება.
რა არის „ქართული ოცნების“ მიზანი? აუცილებელია თუ არა კანონის გამკაცრება არჩევნების მიჯნაზე? არის ეს არჩევნების ხარისხის ასამაღლებელი აუცილებელი ნაბიჯი, მოჩვენებითი ძალისხმევა თუ ოპონენტების დასჯის სურვილი?
ჯარიმა, შინაპატიმრობა ვადით 6 თვიდან 2 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე - ასეთ სასჯელს დაექვემდებარება ამომრჩევლების „სხვადასხვა ფორმით“ დაშინება ან იძულება, რაც ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას ისახავს მიზნად.
„ქართული ოცნების“ ეს ახალი ინიციატივა, რომელიც საარჩევნო და სისხლის სამართლის კოდექსებში შესაბამის ცვლილებებს მოითხოვს, 26 აგვისტოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გაახმაურა.
დაკონკრეტდა მიზნებიც - არჩევნების ხარისხისა და ამომრჩეველთა ნდობის ამაღლების გარდა, ლაპარაკია ოპონენტებისთვის "სათანადო პასუხის" გაცემაზეც:
- „(ეს ცვლილებები) ოპოზიციის იმ ნაწილის სპეკულაციებს დაასრულებს, რომლებიც, ერთი მხრივ, მხარს არ უჭერდნენ პარლამენტში ამ დემოკრატიულ ცვლილებებს (მათ არ მიიღეს მონაწილეობა ყველაზე მთავარი ცვლილებების მიღებაში); ხოლო მეორეს მხრივ, აგრძელებდნენ ხელისუფლებისა და საარჩევნო პროცესის კრიტიკასა და დისკრედიტაციას“;
- „ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილს სათანადო პასუხი გაეცემა ამ ცვლილებებითაც“;
- „ცვლილებები მკაფიო სიგნალს უგზავნის იმ პოლიტიკურ ჯგუფებს თუ იმ ადამიანებს, რომლებიც გეგმავენ ამ არჩევნებში არამართლზომიერ ჩარევას, რომ საქართველოს აქვს სრულყოფილი და მაქსიმალურად დახვეწილი საკანონმდებლო ბაზა და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მოქალაქეებზე იყოს რაიმე ტიპის ზეწოლა და იძულება“
რატომ ახლა? რატომ არ აისახა ეს ცვლილებები პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე დამტკიცებულ საკანონმდებლო პაკეტში?
თალაკვაძემ ჟურნალისტებს უპასუხა, რომ ხელისუფლების მთავარ მიზანს საპარლამენტო არჩევნების უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარება წარმოადგენს და ამიტომ უნდა გადაიდგას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რათა „საარჩევნო კანონმდებლობა იყოს უფრო მკაფიო და უფრო მკაცრი სანქციები განისაზღვროს ასეთი სამართალდარღვევების შემთხვევაში“.
მოულოდნელი სვლა
მას შემდეგ, რაც ივლისის დასაწყისში ბოლო ცვლილებები დამტკიცდა და ხელისუფლების მიერ დასრულებულად გამოცხადდა საარჩევნო რეფორმის ხანგრძლივი პროცესი, პარლამენტში მოქმედი სამუშაო ჯგუფის მონაწილეები მეტ ცვლილებას ნამდვილად აღარ მოელოდნენ.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელმა, ლევან ნატროშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ეს ნაბიჯი შესაძლოა საერთაშორისო პარტნიორების პრინციპული პოზიციით იყოს ნაკარნახევი, თუმცა კანონის გამკაცრება აღსრულების გარეშე ბევრს არაფერს შეცვლის.
„რეკომენდაცია ჰქონდათ საერთაშორისო პარტნიორებს, რომ (ამომრჩეველთა ნების დაცვასთან დაკავშირებით) კიდევ უფრო მეტი ჩაწერილიყო კანონმდებლობაში... ვფიქრობ, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ მცდელობა, გაითვალისწინონ საერთაშორისო პარტნიორების პრინციპული პოზიცია.
თუმცა საქართველოს კანონმდებლობით ისედაც იყო დაცული ამომრჩეველთა ნება დაშინებისგან და იძულებისგან. სხვა საკითხია, რომ ეს არ სრულდებოდა პრაქტიკაში. არ ხდებოდა ამ მუხლების აღსრულება, გამოძიების დაწყება და კანონდამრღვევების დასჯა“.
რა ისჯება ამჟამად?
ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში ამომრჩეველთა ნების გამოხატვის ხელყოფასთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულ რამდენიმე ჩანაწერს ვხვდებით; მაგალითად:
- ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას შეეხება 164-ე მუხლი; სასჯელად გათვალისწინებულია - ჯარიმა, გამასწორებელ სამუშაო ერთ წლამდე ვადით, ანდა თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით.
- არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე ძალადობისა და ძალადობის მუქარის წინააღმდეგ არის მიმართული 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი; სასჯელი იწყება ჯარიმით და აღწევს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით;
- 150-ე მუხლში ვხვდებით „იძულების“ ცნებას - იკრძალება ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა (მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება); სასჯელად დადგენილია ჯარიმა, შინაპატიმრობა, ანდა თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით.
საარჩევნო კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებებით აიკრძალა ასევე „კენჭისყრის შენობაში ან ამ შენობიდან 25 მეტრის მანძილზე პირის მიერ არჩევნებზე გამოცხადებული ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება“.
ბერკეტი ოპონენტების წინააღმდეგ?
როდესაც 25-მეტრიანი მანძილის 100-მეტრამდე გაზრდას ითხოვდა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია) ხელისუფლებამ უპასუხა, რომ ასეთი ფართო არეალისთვის საპოლიციო რესურსი არ ეყოფა.
საიას ხელმძღვანელი, სულხან სალაძე „ქართული ოცნების“ ახალ ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს და რადიო თავისუფლებასთან ლაპარაკობს საფრთხეზეც, რომ - გამკაცრებული კანონმდებლობა შესაძლოა იქცეს შერჩევითი ანგარიშსწორების იარაღად ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ.
სალაძის თქმით:
- „წლების განმავლობაში, მოქმედი თუ ყოფილი ხელისუფლებების პირობებში, ძირითადად სწორედ მმართველი პარტიები იყვნენ საარჩევნო კანონმდებლობის მთავარი დამრღვევები... გავრცელდება ეს გამკაცრებული კანონი მმართველი პარტიის მხარდამჭერ ჯგუფებზე?!“
- „ცხადია, გვეტყვიან, რომ კანონი ყველასთვის გამკაცრდება, მაგრამ რამდენ შემთხვევას გვეტყვის (მმართველი პარტია), რომ დასაჯა კონკრეტული პირები კონკრეტული დარღვევებისთვის?! ეფექტიანად იყენებდნენ კანონში დღემდე მოქმედ ნორმებს?!“
- „როცა მათ დარღვევებზე ველაპარაკებით, გვეუბნებიან - ეს არ იყოო დარღვევა... მაშინ ახლა ვინ და როგორ შეაფასებს ამ ყველაფერს - რა არის დარღვევა და რა არა?!“
- „ვფიქრობ, მთავარი პრობლემა არის ის, რომ გადაწყვეტილებები იქნას მიღებული შერჩევით... ვფიქრობ, რომ არის ამის საფრთხე“;
- „სასჯელის ზომას არა აქვს მნიშვნელობა, თუკი კანონის აღსრულება არ მოხდება და ყველა არ იქნება თანასწორი კანონის წინაშე“.
სულხან სალაძე ასევე ვარაუდობს, რომ გამკაცრებული კანონი კვლავ მხოლოდ ქაღალდზე დარჩება, თუმცა მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ კანონში ყველაფერი ნათლად გაიწეროს - „თუკი სექტემბერში მართლაც დაამტკიცებენ ამ კანონს, აუცილებლად უნდა დაზუსტდეს - კონკრეტულად სად გაივლება ამა თუ იმ დარღვევის ზღვარი და რა ჩაითვლება დასჯად ქმედებად“.
ოპოზიციაში აზრი ორად გაიყო: ერთნი ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნება“ გამკაცრებულ კანონმდებლობას ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენებს, ხოლო მეორენი ძირითად მიზნად ასახელებენ მოჩვენებითი დემოკრატიული ძალისხმევის დემონსტრირებას საერთაშორისო პარტნიორების წინაშე.
რა იყო საერთაშორისო პარტნიორების უკმაყოფილების მიზეზი?
საარჩევნო კოდექსის განახლების შემდეგ, ივლისის დასაწყისში, საქართველოში მოქმედი ამერიკისა და ევროკავშირის საელჩოები მართლაც მიუთითებდნენ ამომრჩევლების თავისუფალი ნების ხელუხლებლობის მეტ საჭიროებაზე. თუმცა იქვე ჩამოთვლილი იყო სხვა საკითხებიც, რომლებიც, მათი პოზიციით, რეფორმის შედეგად მაინც ხარვეზიანად დარჩა.
- საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
- საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მექანიზმის დახვეწა;
- (საარჩევნო) დავის განხილვისა და გადაჭრის პროცესის განმტკიცება.
26 აგვისტოს რადიო თავისუფლება კვლავ დაინტერესდა საერთაშორისო პარტნიორების პოზიციით, თუმცა საელჩოებში განცხადებები არ გაკეთებულა.
„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ არ გაითვალისწინა ოპოზიციონერი დეპუტატის, ეკა ბესელიას მიერ საქართველოს პარლამენტისთვის ივლისის დასაწყისში წარდგენილი ინიციატივა, რომელიც - არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ საარჩევნო ბიულეტენების დათვლის სანდო მექანიზმის დანერგვას შეეხებოდა.
ეს ინიციატივაც საარჩევნო კოდექსის შეცვლას მოითხოვდა.
მანამდე, საარჩევნო უბნებზე გარკვეული შერჩევის პრინციპით ბიულეტენების ხელახლა დათვლის სისტემა პარლამენტში მოქმედ სამუშაო ჯგუფში წარადგინა კონსტიტუციონალისტმა, „ლელოს“ წარმომადგენელმა, ვახტანგ ხმალაძემ.
თუმცა მისი ეს წინადადება, რომელიც გამყალბებელთა მკაცრად დასჯასაც გულისხმობდა, საპარლამენტო უმრავლესობამ არც იმ ეტაპზე გაიზიარა.