Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ლეგიონის ხელმძღვანელები უკრაინაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ


მამუკა მამულაშვილი
მამუკა მამულაშვილი

უკრაინაში მყოფი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი 54-ე ბრიგადის ხელმძღვანელობას ლეგიონის სახელის დისკრედიტირებასა და ზოგიერთი მეომრის პირადი მონაცემების გამჟღავნებაში ადანაშაულებს.

“როგორ აღმოჩნდა „ქართული ლეგიონის“ მებრძოლების მონაცემები მტრის ხელში, უფროს ზუსტად, იმ მებრძოლებისა, რომლებსაც 54-ე ბრიგადის მეთაურთან აქვთ კონფლიქტი?“ - დაწერა საკუთარი ფეისბუკის გვერდზე მამუკა მამულაშვილმა.

ქართველ მოხალისეთა დანაყოფი, „ქართული ლეგიონი“, უკრაინის აღმოსავლეთში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში 2014 წლიდან მონაწილეობს. დანაყოფის მეთაურს, მამუკა მამულაშვილს, რომელიც ხშირად აკრიტიკებს საჯაროდ უკრაინის სამხედრო და პოლიტიკურ ხელისუფლებას, ბოლო წელს ძალიან დაეძაბა ურთიერთობა როგორც უკრაინის არმიის 54-ე ბრიგადის მეთაურთან, ასევე რამდენიმე ქართველ თანამებრძოლთან.

მამუკა მამულაშვილი ლეგიონის გახლეჩასა და ქვედანაყოფის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს თავის თანამებრძოლ კაპიტან ზურაბ ჩიხელიძეს.

„ზოგიერთი მოხალისე მანიპულირებას ახდენს სახელმოხვეჭილი „ქართული ლეგიონის“ სახელით და თითქოს ქვედანაყოფისათვის აგროვებს ფულად სახსრებს. სინამდვილეში ფული ხელთ უვარდებათ აფერისტებს და თვითმარქვიებს, როგორიც ზურაბ ჩიხელიძე და მისი ცოლი ოლგა ბოგატოვა არიან, რომლებიც პირველად არ ეწევიან თაღლითობას პირადი ანგარების მოტივით“, - წერს ფეისბუკით გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში მამუკა მამულაშვილი და იქვე აქვეყნებს ამ, მისი თქმით, უეჭველი ფაქტების დამამამტკიცებელ ფოტოანგარიშს.

ზურაბ ჩიხელიძე
ზურაბ ჩიხელიძე

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ზურაბ ჩიხელიძეს, რომელმაც მამულაშვილის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა, თუმცა დაადასტურა ქართულ ლეგიონში არსებული დაპირისპირება.

„მე და ქართული ლეგიონის დანარჩენი ნაწილი ამჟამად ვიმყოფებით ფრონტის ხაზზე არსებულ ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში და ვაწარმოებთ თავდაცვით ბრძოლებს. მამულაშვილის ფეისბუკით ცილისწამებაზე არ ვაპირებთ პასუხის გაცემას. ჯარისკაცები საჯარო სივრცეში საქმეებს არ ვარჩევთ. სამწუხაროდ, მამულაშვილის დაუსაბუთებელი ბრალდებები, მით უფრო რუსულ ენაზე, ნამდვილი საჩუქარია რუსული პროპაგანდისათვის და ჩირქს სცხებს ქართველი და უკრაინელი მეომრების საბრძოლო მეგობრობას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ჩიხელაძემ, ქართული არმიის ყოფილმა ოფიცერმა, რომელიც ამჟამად უკრაინის 54-ე ბრიგადაში უფროს ჯარისკაცად ირიცხება.

XS
SM
MD
LG