“- შეიძლება მოხდეს რამე ისეთი, რის გამოც ჩეჩნეთის პრობლემებზე აღარ დაწერთ?
- იმ მდგომარეობამდე უნდა მიმიყვანონ, რომ მუშაობის გაგრძელების თავი აღარ მქონდეს. ისე - არა”.
ეს ნაწყვეტია ინტერვიუდან, რომელიც ელენა მილაშინამ “დოიჩე ველეს” 2022 წლის 5 თებერვალს მისცა. მაშინ რუსეთიდან დროებით იყო წასული, რადგან ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რამზან კადიროვი მორიგ ჯერზე მოკვლით დაემუქრა და “ტერორისტი” უწოდა.
“მაინც გავაგრძელებ”
“თუ გინდათ, რომ დანაშაული ჩავიდინოთ, გვითხარით. ერთი აიღებს პასუხისმგებლობას და კანონით დაისჯება”, - მიმართა კადიროვმა რუსეთის უშიშროებას და მილაშინას დაპატიმრება მოსთხოვა. მიზეზი გახდა სტატია, სადაც ჟურნალისტი ჩეჩნეთის ხელისუფლებას კორონავირუსით ინფიცირებულების დევნაში ამხელდა.
კადიროვი და მისი გარემოცვა ჟურნალისტს ხშირად ემუქრებიან, რადგან ის წერს ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევებზე, ლგბტქ+ ადამიანების წამებასა და ე.წ. ღირსების მკვლელობებზე, ანუ როდესაც მკვლელობას ოჯახის ღირსების აღდგენის აუცილებლობით ამართლებენ.
ჟურნალისტი არაერთხელ უცემიათ. ბოლოს 2 დღის წინ, ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოს აეროპორტის გზაზე. მილაშინა იხსენებს, რომ ნიღბიანებმა მისი ტაქსი გააჩერეს და თავზე პისტოლეტი დაადეს. სცემდნენ ფეხებით და ხელკეტებით. თან იმეორებდნენ: “გაგაფრთხილეს. წადი აქედან და აღარაფერი დაწერო”, - ჰყვება ის.
ტვინის შერყევა აქვს და გადაადგილება უჭირს. თავდამსხმელებმა გადაპარსეს თავი და დაუზიანეს თითები. მასთან ერთად, მანქანაში იყო ადვოკატი, ალექსანდრ ნემოვი. გროზნოში მიდიოდნენ ჩეჩენი ქალის, ზარემა მუსაევას სასამართლო პროცესზე, რომელიც კადიროველებმა შარშან, იანვარში გაიტაცეს.
მილაშინა დარწმუნებულია, რომ სცემეს მისი პროფესიული საქმიანობის გამო, რადგან მუსაევას საქმესა და მისი ოჯახის დევნას აშუქებს. თავდასხმები ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე რუსეთში გამოუძიებელი რჩება ხოლმე, თუმცა, მილაშინას თქმით, ეს არ აშინებს. “მაინც გავაგრძელებ ჩეჩნეთში მუშაობას”, - ამბობს ჟურნალისტი
კურსკი, ბესლანი და სხვა…
1998 წლიდან მუშაობს რუსულ გამოცემა “ნოვაია გაზეტაში”. თავისი თავდაპირველი ოცნება, თეატრის ამბების გაშუქება, მალევე დაივიწყა. “წარმოსახვა კარგად არ მიმუშავებს. [თეატრში] უბრალოდ სცენაზე მორბენალ ადამიანებს ვხედავ და უხერხულობას განვიცდი”, - ჰყვება ელენა მილაშინა.
აღირება მოუტანა 2001 წელს გამოქვეყნებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ წყალქვეშა ნავის, “კურსკის” დაღუპვაზე. გამოძიების თანახმად, საზღვაო ძალების ხელმძღვანელობამ დროულად არ მიიღო ზომები ეკიპაჟის გადასარჩენად. ამბობს, რომ გამოძიებაზე ერთი წელი იმუშავა და ბევრი ისწავლა. “ცხოვრებაში ძალიან მიმნდობი ადამიანი ვარ და ყველასი მჯერა. მაგრამ სამსახურს როცა ეხება საქმე, უკვე აღარავის ვენდობი. ყველაფერს ასჯერ ვამოწმებ”.
2004 წლის პირველ სექტემბერს, ჩრდილო ოსეთის ქალაქ ბესლანის სკოლაში ტერორისტებმა მძევლები აიყვანეს. მათი გათავისუფლებისთვის ჩატარებული სპეცოპერაციისას დაიღუპა 333 ადამიანი, მათგან 186 - ბავშვი. ამ ტრაგედიას მილაშინამ რამდენიმე ათეული ტექსტი მიუძღვნა.
“ყველა წერდა ემოციებზე: დაიღუპა ხალხი, დაიღუპნენ ბავშვები… მაგრამ ემოციები ბესლანში მთავარი არ იყო, რადგან მათ მიღმა ხელისუფლება სიმართლეს მალავდა. ის ემოციურად გვგეშავდა ტერორისტებზე… მაგრამ ამას [მათ ბრალეულობას] დამტკიცება არც სჭირდება. მნიშვნელოვანი კითხვა - როგორ მოახერხეს ტერორისტებმა ამის გაკეთება, უბრალოდ დავიწყებას მიეცა”, - ამბობს ჟურნალისტი.
2017 წელს მილაშინამ პირველმა დაწერა ჩეჩნეთში გეების სისტემურ მკვლელობასა და წამებაზე. ამით მან დაარღვია ტაბუ, რომლის არსებობასაც არააერთი რუსი ჟურნალისტი აღიარებს - ჩეჩნეთის ხელისუფლებისა და, კერძოდ, რამზან კადიროვის კრიტიკა ძალიან სახიფათოა.
მაგრამ ელენა მილაშინა სხვანაირად ფიქრობს. “რაც უფრო ნაკლებად შეგვეშინდება, მით უფრო ნაკლებად სახიფათო იქნება ჩემი მუშაობა ჩეჩნეთში. რაც უფრო ნაკლებად შეგვეშინდება კადიროვის, მით უფრო უსაფრთხოდ იმუშავებს ყველა, ვინც იქ მუშაობს”.
ამბობს, რომ მისი ერთ-ერთი მასწავლებელი იყო "ნოვაია გაზეტას” გამომძიებელი ჟურნალისტი, ანა პოლიტკოვსკაია. ის ჩეჩნეთის ომს აშუქებდა და 2006 წელს, საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს. პოლიტკოვსკაიას გარდა, 1993 წლიდან მოყოლებული მოკლულია “ნოვაია გაზეტას” კიდევ ხუთი ჟურნალისტი.