პირველი საჯარო პოსტი, გუშინ, გვიან საღამოს, „ტაბულას“ ყოფილმა ჟურნალისტმა, მაკო ჯაბუამ გამოაქვეყნა. მაკო ჯაბუა 7-8 წლის წინ, სამსახურის ძებნისას შალვა რამიშვილთან შეხვედრას იხსენებს და აღწერს „გასაუბრებას“ რამიშვილთან, რომელიც ამ დროს ტელევიზიისთვის თანამშრომლებს ეძებს.
„გასაუბრება ნორმალურად დაიწყო“, - წერს მაკო ჯაბუა, თუმცა მალე, მისი სიტყვებით, სტანდარტული კითხვები სხვა შინაარსმა შეცვალა. როგორც მაკო იხსენებს, შალვა რამიშვილმა მას შესთავაზა, რადგან ასეთი „არასტანდარტული და თამამი გარეგნობა ჰქონდა (წითელი თმები და პირსინგი), იქნებ საავტორო გადაცემა გაეკეთებინა: სტუმრები აუზში მიეწვია და მათთვის უხერხული კითხვები დაესვა, მაგალითად, უყურებდნენ თუ არა პორნოს და თუ კი, როგორს.
როგორც მაკო წერს, მალე საუბრის შინაარსი კიდევ უფრო უხერხული გახდა. მაკო დეტალურად აღწერს შემდგომ დიალოგს და სიტუაციას შეხვედრის ადგილზე. წერს, რომ აქამდე ამ ამბის გაზიარება მხოლოდ რამდენიმე ადამიანთან შეძლო.
„აი, ეს არის შალვა რამიშვილი, აი, ასეთი ისტორია არის ძალიან, ძალიან ბევრი“, - წერს მაკო ჯაბუა.
მისი ამ საჯარო პოსტის შემდეგ, სოციალურ ქსელში, სხვა ქალებმაც გაიხსენეს შალვა რამიშვილთან ურთიერთობის უსიამოვნო გამოცდილება. ზოგიერთმა მათგანმა, მაგალითად, გვანცა ბუდაღაშვილმა რამიშვილთან მიმოწერის სქრინები ღიად გამოაქვეყნა.
მისი ამბავი 2018 წლით თარიღდება. მისი მიმოწერაც სამსახურის დაწყების სურვილს უკავშირდება, თუმცა, როგორც გვანცა წერს, ზოგად თემებზე საუბარი, სექსუალური შინაარსის თემით გრძელდებოდა. გვანცა იხსენებს, რომ ერთხელ გასაუბრებაზე მაინც მივიდა.
„მთელი არსებით პირდაპირ მოითხოვდა რომ ჩემ ფეტიშებზე მელაპარაკა. რა თქმა უნდა რამდენიმე წუთში წამოვედი და უკვე ნათელი იყო ვისთანაც მქონდა საქმე და მივხვდი რომ ამ “სამსახურის” გზა საწოლზე გადიოდა“.
მალე სოციალურ ქსელში გამოჩნდა ანანო იაშვილის პოსტიც, რომელშიც ის წერს, რომ წლების წინ, ისიც გახდა შალვა რამიშვილისგან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი.
„დამიბარა გასაუბრებაზე ტელევიზიაში, წინასწარ გამაფრთხილა რომ გამომწვევად ჩაცმული მივსულიყავი (პერსონაჟია ასეთიო) გასაუბრებაზე რა და როგორ მითხრა და რა გადავიტანე ამას აღარ მოვყვები ამ ეტაპზე… თვეების შემდეგ კიდევ დამირეკა ახალი შემოთავაზებით (წინაზე უარის შემდეგ), და წლების განმავლობაში პერიოდულად მიგზავნის ისტერიულად მეგობრობის თხოვნას“, - წერს ანანო.
ამ ამბავს კომენტარები მოჰყვა „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდანაც. მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვის პასუხად, თქვა, რომ მისთვის „არ არის დამაჯერებელი, რომ 7 წელი ადამიანი რაღაცას არ აცხადებდა და ახლა გაახსენდა ამ ფაშისტური კამპანიის ფონზე“.
„ასეთი დამთხვევების მე არ მჯერა… ეს არის კრიტიკული ტელეკომპანიის და ჟურნალისტების, წამყვანების მიმართ დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილი“, - თქვა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა.
ხოლო საქართველოს პარლამენტის გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ, დეპუტატმა ნინო წილოსანმა თქვა, რომ „ერთი ხელის მოსმით დასკვნების კეთება ან დაბრალება არანაკლებ მძიმეა“.
წილოსანმა საკუთარ ფეისბუკგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ხელისუფლებამ ბევრი რამ გააკეთა იმისათვის, რომ დადასტურების შემთხვევაში, სექსუალური ხასიათის ნებისმიერი დანაშაული სათანადოდ დასჯილიყო.
„ყველანი უნდა ვათვითცნობიერებდეთ, რომ ამგვარი დანაშაული ძალიან მძიმეა, ხოლო ერთი ხელის მოსმით დასკვნების კეთება ან დაბრალება, არანაკლებ მძიმეა. რა თქმა უნდა, ყველა მოძალადე უნდა დაისაჯოს, მაგრამ კანონით და არა მორალური პოლიციის ხელით, რომელსაც ხშირ შემთხვევაში მანიპულაციურად და ბოროტად იყენებენ და ბოლოს, სამწუხაროდ, აღნიშნულ კამპანიაში მონაწილეობენ ის ადამიანები, ვინც ბოლო დღეების განმავლობაში საერთოდ დაივიწყეს ადამიანის, ქალების, უფრო მეტიც, ბავშვების უფლებები და ყველაზე ბოროტი ბულინგის კამპანიაში იყვნენ ჩართულები“, – წერს „ოცნების“ დეპუტატი.
ქალების საჯარო პოსტებს მალევე მოჰყვა ტელეკომპანია POSTV-ს განცხადება, რომელშიც წერია, რომ ბოლო დროს გამძაფრდა თავდასხმა ტელეკომპანიაზე და, რომ „ამ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულნი ის ე.წ. ლიბერალური ჯგუფები, რომლებსაც ტელეკომპანია POSTV-ის არსებობა მოსვენებას არ აძლევს“.
განცხადებაში ასევე წერია, რომ ვრცელდება „ბინძური ჭორები“ და რომ ამ კამპანიის მიზანი ტელეკომპანიის რეიტინგის ზრდისთვის ხელის შეშლაა.
თავად შალვა რამიშვილმა კი დააანონსა, რომ ქალების მხრიდან წამოსულ ბრალდებებს ის თავის გადაცემაში უპასუხებს.
სექსუალური შევიწროების საქმეზე შალვა რამიშვილს ერთი სასამართლო უკვე წაგებული აქვს.
2016 წელს თათია სამხარაძემ იგი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა და სასამართლოს მიმართა. შალვა რამიშვილი მაშინ სექსუალური შევიწროების ფაქტს უარყოფდა და აცხადებდა, რომ მის მიმართ ბრალდებები „კამპანიურ” ხასიათს ატარებდა. სასამართლომ მას მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.