Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქალაქი ისევ ყარს!“- უსიამოვნო სუნით შეწუხებული რუსთაველების აქცია ადგილობრივი მერიის წინ


საპროტესტო აქცია რუსთავის მერიასთან
საპროტესტო აქცია რუსთავის მერიასთან

უსიამოვნო სუნით შეწუხებულმა რუსთაველებმა, “ევროპული საქართველოს” ადგილობრივი ორგანიზაციის ინიციატივით, 16 ოქტომბერს რუსთავის მერიის წინ გამართეს აქცია, ეკოლოგიური პრობლემის მოგვარების მოთხოვნით. აქციის მონაწილენი აპროტესტებდნენ თბილისის მხრიდან ქალაქის მიკრორაიონებში პერიოდულად გავრცელებულ, როგორც ისინი ამბობდნენ, „ლეშის სუნს“ სოკოს სასათბურე მეურნეობიდან.

16 ოქტომბერს შეკრებილებმა უსიამოვნო სუნის გავრცელებაში პასუხისმგებლობა ადგილობრივ ხელისუფლებას დააკისრეს და კონკრეტული პასუხის მიღება ქალაქის მერ ირაკლი ტაბაღუასგან მოითხოვეს.


30-კაციან საპროტესტო შეკრებაზე მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები: „სუფთა ჰაერი რუსთავს!“, „სიმყრალე გვკლავს!“, „როდემდე?!“ „ეზოში ბავშვებს ვერ ვუშვებთ, ფანჯრებს ვერ ვაღებთ, ვიწამლებით“, - აცხადებდნენ აქციის მონაწილენი.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა იმავე პრობლემის გადაწყვეტის მოთხოვნით მერიის წინ აქცია იმართება. პირველი, გაცილებით მცირერიცხოვანი, 31 აგვისტოს გაიმართა.

დღევანდელ აქციამდე ერთი დღით ადრე რუსთავის მიკრორაიონებში მცხოვრები ადამიანების მცირე ჯგუფმა მყრალი სუნის გავრცელება ქალაქიდან 5 კილომეტრით დაშორებული სოკოს მწარმოებელი სასათბურე მეურნეობა „თეთრი ქუდის“ მთავარ შესასვლელთან გააპროტესტა.

16 ოქტომბერს შეკრებილებმა უსიამოვნო სუნის გავრცელებაში პასუხისმგებლობა ადგილობრივ ხელისუფლებას დააკისრეს და კონკრეტული პასუხის მიღება ქალაქის მერ ირაკლი ტაბაღუასგან მოითხოვეს, რაც დაკმაყოფილდა.

რუსთავის მერიის საკონფერენციო დარბაზში მიწვეულებს ირაკლი ტაბაღუამ უთხრა, რომ მერიის კომპეტენციას სცილდება გარემოზე ზედამხედველობა, მაგრამ მათ მაინც მიაღწიეს იმას, რომ გარემოს დაცვის ინსპექტორები 15 ოქტომბერს სოკოს მწარმოებელ სასათბურე მეურნეობაში შევიდნენ და მისი შემოწმება დაიწყეს.

შეხვედრა ირაკლი ტაბაღუასთან
შეხვედრა ირაკლი ტაბაღუასთან


როგორც ტაბაღუამ თქვა, სამი კვირით ადრე მერიის მოთხოვნით მეურნეობაში ჩატარებულმა ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ „მძაღე“ სუნი კომპოსტის მომზადების დროს წარმოიშობა, რომელიც შემდეგ ქალაქში ვრცელდება.

ნიადაგს ქათმის სკორეს, ტორფისა და ნამჯის შერევით ამზადებენ.
ქალაქის მერმა აქციის მონაწილეებს კონკრეტულად ვერაფერ უთხრა, თუმცა გადასცა მეურნეობის ხელმძღვანელთა დაპირება, რომ კომპოსტის წარმოებას თანამედროვე ტექნიკით შეეცდებიან, რაც მინიმუმამდე დაიყვანს უსიამოვნო სუნის გამოყოფას.


გარემოს დაცვის დეპარტამენტის ქვემო ქართლის ფილიალის მთავარმა ინსპექტორმა ვასილ დათიკიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სოკოს ნიადაგის წარმოება პრაქტიკულად ღია სივრცეში ხდება, რაც საკუთარი თვალით იხილა. მისივე თქმით, დადასტურებულია, რომ უსიამოვნო სუნი სწორედ სოკოს სასათბურე მეურნეობიდან ვრცელდება.

ვასილ დათიკიშვილმა დასძინა, რომ გარემოს დაცვის დეპარტამენტი კვლევის შედეგებს მოგვიანებით გამოაქვეყნებს და ამის მიხედვით გადაწყდება, რა სახის სანქციებს მიმართონ მეურნეობის წინააღმდეგ.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG