Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანსუა ტრიუფოს სასიყვარულო თამაშები


„მეზობელი ქალი“ (1981, საფრანგეთი, რეჟისორი ფრანსუა ტრიუფო“)

„ადამიანები - ახალგაზრდები, ბავშვები, ასაკში შესულები - ყოფილი ბავშვები არიან, ადამიანის ბავშვობა მისი ბედია“, - წერდა ფრანსუა ტრიუფო „მეზობელი ქალის“ პრემიერის შემდეგ, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე. ამიტომაცაა, რომ მოზრდილები, მაშინაც კი, როცა მათი ურთიერთობა ვნებიან სიყვარულს გამოხატავს, ტრიუფოს თითქმის ყველა ფილმში ბავშვებს ჰგვანან. ისინი ერთობიან, თამაშობენ - სიყვარულით... სიყვარულით და სიკვდილითაც კი.

ფრანსუა ტრიუფო, რომელიც ამ დღეებში 90 წლის გახდებოდა, თითქოს მონაცვლეობით იღებდა ფილმებს ხან ბავშვებზე, ხანაც შეყვარებულებზე. „მეზობელ ქალში“ ეს ორი მოტივი ერთიანდება - ფილმის გმირი მატილდა (ტრიუფოს უსაყვარლესი მსახიობის და მეუღლის, ფანი არდანის შესრულებით) უშვილოა, მაგრამ თავის საქმიანობას სწორედ ბავშვებს უძღვნის - ამზადებს დასურათებულ წიგნს ყველაზე პატარებისთვის. და მართალია, მატილდას და ბერნარის (ჟერარ დეპარდიე) სიყვარულში არაფერია ბავშვური, მათი კინკლაობა, „სიყვარულობანას თამაში“ ჰგავს ურთიერთობას ადამიანებისა, რომლებიც ჯერ არ გაზრდილან. ფრანსუა ტრიუფო თითქოს მოზრდილებისთვის განკუთვნილ ზღაპარს იღებს, ზღაპარს ტრაგიკული დასასრულით. შემთხვევით არ აგებს ის ფილმს ჩოგბურთის კორტების მფლობელის ნაამბობზე - ასაკში შესული ქალი, რომელიც დიდი ხნის წინ თავად გახდა სასიყვარულო ისტორიის მსხვერპლი, მშვიდად, აუღელვებლად გვიყვება მატილდასა და ბერნარის სიყვარულის ამბავს, „კამერა მოატრიალეთო“, მიმართავს ოპერატორს, მერე სწორედ კამერას უყურებს და ჩვენ, მაყურებელს მოგვმართავს; ეკრანიდან პოლიციის ოქმს გვიკითხავენ მაქსიმალური დისტანციის შესანარჩუნებლად იმასთან, რასაც „ვნებების დრამა“ ჰქვია. ასე იქმნება ტრიუფოს კინემატოგრაფისთვის დამახასიათებელი ეფექტი - მაყურებელი არ თანაარსებობს პერსონაჟებთან, მაყურებელი მხოლოდ აკვირდება, ათვალიერებს და მისი მზერა (და სმენა) იმდენად მძაფრდება, რომ ყველაზე უმნიშვნელო დეტალსაც კი პოეტურ სახედ აღიქვამს (ეპიზოდი მანქანაში, როცა მატილდა ატირდება და ბერნარი მას ცხვირსახოცს აწოდებს, ვირტუოზული დრამატურგიის ეტალონია პირადად ჩემთვის).

„კინოში, როგორც სცენაზე, დიალოგი აზრის გამოხატვის საშუალებაა, - წერს ფრანსუა ტრიუფო, - მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ რეალურ ცხოვრებაში სიტყვები, რომლითაც ადამიანები ერთმანეთს მიმართავენ, ყოველთვის არ გამოხატავს იმას, რასაც ისინი ფიქრობენ, ანდა, რასაც გრძნობენ ამ კონკრეტულ მომენტში“.

მაშ ასე - „მეზობელი ქალი“ გამოხატავს ფარულ, სიტყვებით დაუზუსტებელ გრძნობებს. ფანი არდანი წერდა კიდეც, ტრიუფომ ამ ფილმში მეცხრამეტე საუკუნის ფრანგული რომანის ტრადიცია აღადგინა და „სუპერმარკეტში ბალზაკი გაითამაშაო“. სხვათა შორის, ფანი არდანი, სანამ ტრიუფოს გაიცნობდა, თეატრში, ფრანგული ლიტერატურის კლასიკურ პერსონაჟებს განასახიერებდა. ტრიუფო აღიარებდა, რომ თეატრში „ერთი ნახვით შეუყვარდა“ მსახიობი და სწორედ მისთვის შექმნა მატილდას სახე. თავად ტრიუფო ტანმორჩილი კაცი იყო, არდანზე დაბალი. „ჩვენ უფრო დედას და შვილს ვგავდით“, - იგონებს არდანი. „მეზობელი ქალის“ პრემიერის შემდეგ ტრიუფო კიდევ ერთი ფილმის დასრულებას ასწრებს გარდაცვალებამდე - იღებს შავ-თეთრ დეტექტივს „მხიარული კვირადღე“ ფანი არდანით და ჟან-ლუი ტრენტინიანით მთავარ როლებში. ტრენტინიანიც ტანმორჩილია და ცოტა ჰგავს ტრიუფოს, თუმცა მთავარი ეს არ არის - ტრენტინიანის გმირი, ზუსტად ისე, როგორც ჰიჩკოკის ფილმებში („მხიარული კვირადღე“ ალფრედ ჰიჩკოკის ხსოვნას ეძღვნება), ხიფათის წინაშეა, აბრალებენ იმას, რაც არ ჩაუდენია, თუმცა თავის უდანაშაულობას ვერ ამტკიცებს. მისი ხსნა შეუძლია მხოლოდ ძლიერ ქალს, რომელიც ერთდროულად დედაც იქნება და შეყვარებულიც. ამ როლში კი ფანი არდანზე უკეთეს მსახიობს ტრიუფო ვერასდროს ინატრებდა.

„მეზობელ ქალში“ კინოს ნიუანსების შეგრძნება არ სჭირდება იმის დანახვას, თუ როგორაა აღფრთოვანებული ტრიუფო ფანი არდანის ნიჭით და სილამაზით. პირდაპირ ძეგლს უდგამს ამ „ქალ-ფატუმს“, თავის ინტელექტუალურ მუზას, რომლის სახეში გონიერება და ეროტიკულობა ისეა შერწყმული, რომ მატილდა გადაიქცევა სიმბოლოდ ყველანაირი ვნებისა, მათ შორის - ხიფათისა, ნგრევისა, სიკვდილისა. ნუ დაგვავიწყდება, რომ სიყვარული ყველაფერთან ერთად კლავს კიდეც.

იქნებ ისიც არაა შემთხვევითი, რომ მას შემდეგ არდანმა ტრიუფოსგან ქალიშვილი გააჩინა, თავად ტრიუფომ სულ რამდენიმე თვე იცოცხლა და სრულიად ახალგაზრდა, 52 წლის მოულოდნელად გარდაიცვალა. გულმა უმტყუნა. „მისმა გულმა ამდენი სიყვარული ვერ გადაიტანა“, - აღნიშნავს ფანი არდანი და აზუსტებს: „კინოს, ბავშვების და ქალების სიყვარული“. ამ მხრივ დიდი რეჟისორი ზუსტად იმეორებს თავისი გმირების ბედს.

„მეზობელ ქალს“ ადრე ხშირად უჩვენებდნენ ტელევიზიით. კინოს მოყვარულებს გირჩევთ, როგორც კი საშუალება გექნებათ, კიდევ ერთხელ ნახოთ ეს ფილმი. პარადოქსია, მაგრამ „მეზობელი ქალი“ იმ სურათებს მიეკუთვნება, რომლებიც სწორედ მცირე ეკრანზე უნდა ნახოს მაყურებელმა. არა იმიტომ, რომ სატელევიზიო ფილმების სტილშია გადაღებული. „მეზობელი ქალი“ ის ფილმია, რომელსაც მარტო უნდა უყურო. არავინ და არაფერმა არ უნდა შეგიშალოს ხელი, არ უნდა გაგიფანტოს ყურადღება... ამ შემთხვევაში თქვენ გახდებით სიყვარულობანას თამაშის მონაწილენი - პოეზიას აღმოაჩენთ იმაში, რაც აქამდე ბანალურად, ულამაზოდ და უმნიშვნელოდ გეჩვენებოდათ... მართალია მატილდა ამ დიალოგში:

ბერნარი: რომელ არხზე დავაყენო რადიო, ინფორმაცია გინდა?

მატილდა: არა, არ მჯერა ახალი ამბების. ტყუილებს ამბობენ. სიმღერების არხზე დააყენე

ბერნარი: ამ სულელურ სიმღერებს უსმენ?

მატილდა: რას ამბობ? საინფორმაციო გადაცემებში სულ ტყუილებს ამბობენ. აქ კი, ამ სიმღერებში მხოლოდ სიმართლეა: "არ მიმატოვო!", "შენ რომ არ არსებობდე, მეც ვერ ვიცოცხლებ", "შენ გარეშე სიცოცხლეს აზრი არა აქვს!..", ამაზე მეტი სიმართლე არსებობს განა?

გიფიქრიათ, რომ ამაზე მეტი სიმართლე არ არსებობს მართლა? თუ არ გჯერათ, კიდევ ერთხელ ნახეთ „მეზობელი ქალი“; კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ კინოკამერას, თუკი მის მიღმა ნიჭიერი ადამიანი დგას, ანდა ადამიანი, რომელიც მართლაც შეყვარებულია, უფრო მეტი შეუძლია დაინახოს, ვიდრე ჩვენს თვალს. და საერთოდ, დროებით შეგვიცვალოს კიდეც წარმოდგენა სამყაროსა და სიცოცხლეზე.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG