Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფერეიდნელთა იმედი და წუხილი


ომიგ გუგუნიშვილი
ომიგ გუგუნიშვილი

სამი ფერეიდნელი ქართველი საქართველოსკენ 31 დღის განმავლობაში ფეხით მოდიოდა. მათ 1600 კილომეტრი გამოიარეს და 10 სექტემბერს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი წითელ ხიდთან გადმოკვეთეს. სამივე ალპინისტია და ირანში სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობენ ხოლმე. ერთ-ერთი მათგანი, ისმაილ დავითაშვილი, ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე წინასწარი ორკვირიანი მომზადება გაიარეს.

ისმაილ დავითაშვილი, ომიდ გუგუნიშვილი და შაჰრამ ონიკაძე ირანის ისტორიული ქალაქიდან, ისპაჰანიდან, 100 კილომეტრში მდებარე ფერეიდნის პროვინციიდან არიან. სამივე იქაურ მარტყოფში ცხოვრობს, რომელსაც სოფელს ვერ უწოდებ, რადგან შედარებით დიდი დასახლებული პუნქტია. შაჰრამ ონიკაძეს, რომელიც საქართველოს მოქალაქეცაა, ირანში მცირე ბიზნესი აქვს, მის ცოლსა და ორ შვილს კი საქართველოს მოქალაქეობას არ აძლევენ. საქართველოში სხვა დროსაც არაერთხელ ყოფილა ომიდ გუგუნიშვილიც. მოქალაქეობის მისაღებად საქართველოს იუსტიციის სამინისტროში განცხადებაც შეიტანა, მაგრამ უარი მიიღო.

შუა ირანში ქართველობა დღემდე იმიტომ გადარჩა, რომ არ არსებობდა ის საგანმანათლებლო სისტემა, ასევე საკომუნიკაციო ველი, რომელიც ახლა მსოფლიოში არსებობს. იქაური [ირანის] ტელევიზია, სახელმწიფო ენის ზეწოლა ძალიან ძლიერდება.
ტარიელ ფუტკარაძე


ემოციურად მიმართა ომიდ გუგუნიშვილმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის თანამშრომლებს, რომლებიც წითელ ხიდთან დახვდნენ. ფერეიდნელ ქართველებს სწორედ ეს უნივერსიტეტი მასპინძლობს. 10 სექტემბერს ისინი რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. საკმაოდ ემოციურ შეხვედრაზე სტუმრებმა თავიანთ ყოფაზე, ისტორიულ მეხსიერებასა და შენარჩუნებულ ეროვნულ იდენტობაზე ილაპარაკეს.

შაჰრამ ონიკაძემ რუსთაველებს ირანში მცხოვრები თანამემამულეების გულისტკივილიც გაუზიარა. მისი თქმით, ფერეიდნელებს საქართველოს ხელისუფლებისგან არც შემწეობის მიღება სურთ და არც სახლების აშენება. მათ საქართველოში დაბრუნება და მოქალაქეობის მიღება უნდათ. ბევრიც საკუთარ ბიზნესს ისტორიულ სამშობლოში გადმოიტანს.

პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ, რომელიც ირანელი ქართველების ისტორიის სპეციალისტია და ფერეიდანში ხშირად ჩადის, შეხვედრაზე თქვა, რომ ხელისუფლება უსაფუძვლოდ ფრთხილობს, როცა ირანელ ქართველებს მოქალაქეობას არ აძლევს.

ფეხით ფერეიდნიდან - ოთხასი წლის შემდეგ უკანა გზაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:02:24 0:00

ტარიელ ფუტკარაძის თქმით, ირანში მცხოვრები 400 ათასი ეთნიკური ქართველიდან ეროვნული იდენტობა, დაახლოებით, 60 ათასმა შეინარჩუნა და თუ საქართველოში არ გადმოსახლდებიან, ირანში მათი სრული ასიმილაცია მოხდება:

„შუა ირანში ქართველობა დღემდე იმიტომ გადარჩა, რომ არ არსებობდა ის საგანმანათლებლო სისტემა, ასევე საკომუნიკაციო ველი, რომელიც ახლა მსოფლიოში არსებობს. იქაური [ირანის] ტელევიზია, სახელმწიფო ენის ზეწოლა ძალიან ძლიერდება, როგორც ყველა დიდ სახელმწიფოში, ამიტომ საფრთხე ელის [ფერეიდნელთა] ქართულ ენასაც, ქართულ სამყაროს, რაც აქამდე შემორჩა“.

ფერეიდნელები საქართველოში 22 სექტემბრამდე დარჩებიან, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეს მოივლიან და ადგილობრივ საზოგადოებას შეხვდებიან.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG