ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია კონსულტაციებისთვის
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ საქართველოდან ელჩი გაიწვია, როგორც თავად თქვა, „მოხალისეების არგამოშვებისა და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო“.
ზელენსკიმ ელჩი გაიწვია ასევე ყირგიზეთიდან, ამ ქვეყნის მიერ უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამართლების გამო.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას ქვეყნის ომში "ჩათრევის" სურვილით ხსნის. ასე გამოეხმაურა მმართველი პარტიის ხელმძღვანელი უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელჩის გაწვევის შესახებ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ფიქრობს, რომ ქვეყნიდან უკრაინის ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება შესაძლოა ვოლოდიმირ ზელენსკის მიღებული არ იყოს და "შექმნილი ვითარებით ისარგებლა ვიღაცამ".
ელჩის გაწვევის ფონზე საღამოს პარლამენტის წინ უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე ათასობით მოქალაქე ისევ შეიკრიბა. პროტესტის მონაწილეებს სამი მოთხოვნა გააცნო მოძრაობა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ: ღარიბაშვილისა და მთავრობის გადადგომა, ქმედითი ნაბიჯები უკრაინის დასახმარებლად, განაცხადის შეტანა ევროკავშირის წევრობაზე.
სიახლეები ბრძოლის ველიდან: რუსეთმა კიევის ანძა ააფეთქა
უკრაინის საგანგებო ვითარებათა სამინისტრო იტყობინება, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ კიევის ტელეანძის დაბომბვის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხუთი უგზო-უკვლოდაა დაკარგული.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელის, ოლეკსი დანილოვის განცხადებით, გოსტომელში ლიკვიდირებულია ჩეჩნეთის შეიარაღებული ძალების „ელიტური“ დაჯგუფების ერთი ნაწილი, რომელიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლას გეგმავდა.
გუშინ უკრაინის ქალაქ ხერსონში რუსეთის საოკუპაციო ტექნიკა გადაადგილდებოდა. ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუს სამხედროებს ქალაქის მცხოვრებლები ტყვედ აჰყავთ და, სავარაუდოდ, შემდგომი გადაადგილებისთვის „ცოცხალ ფარად“ გამოიყენებენ.
1 მარტი კი დაიწყო ცნობით იმის შესახებ, რომ რუსულმა არმიამ ქალაქ ხარკოვის ცენტრი დაბომბა. ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ ქალაქის ცენტრსა და საცხოვრებელ რაიონებზე სარაკეტო იერიში განხორციელდა „გრადის“ და ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით.
ევროპარლამენტის რეზოლუცია: "უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს"
637 მომხრე და 13 წინააღმდეგი - ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირში უკრაინის მიღებას. რეზოლუცია „მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ იმაზე, რომ უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს“. ამავე დროს რეზოლუცია შეიცავს მოწოდებას, ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში გაგრძელდეს მუშაობა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე უკრაინის ინტეგრაციის თაობაზე.
ევროპარლამენტის რეზოლუციას არა აქვს კანონის ძალა და მას ევროკავშირისთვის სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. თუმცა ის არის პირველი შემხვედრი ნაბიჯი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ 28 თებერვალს ხელმოწერილ განაცხადზე ევროკავშირის წევრობის შესახებ.
ხოშტარია: საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართება
დღეს 2 მარტს დილის 8 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება მთავრობის ადმინისტრაციასთან. ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გუშინ, პარლამენტთან გამართული აქციის ბოლოს გამოაცხადა. მისი თქმით, აქციის მიზანია პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს.
უკრაინის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები წუხელ რუსთაველის გამზირზე დარჩნენ.
რუსთაველზე მორიგი საპროტესტო აქციის გამართვის შესახებ მას შემდეგ გამოცხადდა, რაც 1 მარტს, უკრაინაში ომის დაწყების მეექვსე დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩი გაიწვია, მათთვის დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლისა და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო.
თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს მდგომარეობა არ არის მივიწყებული
„დღეს ყურადღების ცენტრშია უკრაინა, უკრაინაში განვითარებული ძალიან მძიმე მოვლენები და სოლიდარობა რუსული აგრესიის წინააღმდეგ, მაგრამ ამ დღეს საქართველოს მდგომარეობა არ არის მივიწყებული“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებით, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს საქართველოს გზა ევროპისკენ, ხოლო საქართველომ მიიღოს ყველა ის ზომა და გაატაროს ყველა ის რეფორმა, რაც აუცილებელია:
„ახალი მოვლენებია და ახალი გარემო, ჩვენი და სხვა ასოცირებული ქვეყნების მომავალს ახალ პერსპექტივას მისცემს, მაგრამ ამისთვის ჩვენ ყველანი მზად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
როგორ დაეხმარა საქართველო უკრაინას - საგარეო უწყება ჩამონათვალს აქვეყნებს
„საქართველოს მხარდაჭერა უკრაინას“ - ამ სათაურით საქართველოს საგარეო უწყება აქვეყნებს იმ ნაბიჯების ჩამონათვალს, რომლებიც უკრაინის მხარდასაჭერად ხელისუფლებამ გადადგა.
ფეისბუკმომხმარებლების ნაწილმა უწყება გააკრიტიკა ჩამონათვალში იმ ნაწილის გამო, სადაც უკრაინის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერის აქტებს შორის ნახსენებია ანძის განათება დროშის ფერებად და დროშის გადმოკიდება პრეზიდენტის სასახლის შენობიდან.
ამ პოსტს გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მან საგარეო საქმეთა სამინისტროს აქცენტი შეუსწორა: "საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერა არ გამოიხატება დროშების გადმოფენაში, არამედ გამოიხატება მის მკაფიო განცხადებებში! დღეს მისი პარიზში და ბრიუსელში ყოფნა სწორედ ამას ემსახურება!" - წერს ზურაბიშვილი.
„ის შეიცვალა“: პუტინის სიტყვები და ქმედებები მის რაციონალურობას ეჭვქვეშ აყენებს
2014 წლის აპრილში, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, აღმოსავლეთ უკრაინაში დაწყებულ ომში სეპარატისტები წააქეზა და კიევის საწინააღმდეგო ძალებს დაეხმარა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ბორის ნემცოვმა პუტინი უხეში ეპითეტით მოიხსენია და ივარაუდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ფსიქიკურად ჯანსაღი არ იყო.
ნემცოვი, რომელიც მაშინ ხმამაღლა აკრიტიკებდა რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რამდენიმე თვეში კრემლის მახლობლად მოკლეს.
შვიდი წლის შემდეგ პუტინმა მასიური და არაპროვოცირებული ომი დაიწყო უკრაინაში. მისმა სიტყვებმა და ქმედებებმა თავდასხმამდე რამდენიმე კვირით ადრე და ომის პირველ დღეებში წამოჭრა უსიამოვნო კითხვა, რომლის თავიდან არიდებაც უფრო და უფრო რთულდება: „რამდენად რაციონალურად იღებს ის გადაწყვეტილებებს?“
პუტინს დიდი ხნის განმავლობაში აღიქვამდნენ, როგორც პრაგმატულ პოლიტიკოსს. ადამიანს, რომელიც ცივად აანალიზებდა ფაქტებს და შემდეგ იღებდა ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მას წაადგებოდა.
თუმცა, ომის დაწყებამ სხვა ვარაუდის საფუძველი გააჩინა. სხვა თუ არაფერი, საბჭოთა კავშირის დანგრევიდან 30 წლის შემდეგ უკრაინაზე კონტროლის დამყარების სურვილმა მისი საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობა გადაწონა.
„დღეს ერთი რამაა ცხადი: პუტინმა თავისი პირადი ვნებები დააყენა რუსეთის ინტერესებზე მაღლა“, დაწერა კადრი ლიიკმა, საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს თანამშრომელმა 25 თებერვლის სტატიაში.