Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკანონო მშენებლობა ბათუმში - ის, რაც აუდიტის ანგარიშში არ ეწერა


ბათუმში, ფალიაშვილის ქუჩაზე დანგრეული სახლის ადგილზე მიმდინარე მშენებლობა
ბათუმში, ფალიაშვილის ქუჩაზე დანგრეული სახლის ადგილზე მიმდინარე მშენებლობა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში წერია: „ქ. ბათუმის მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ არ ხორციელდება ქალაქის ტერიტორიაზე უკანონო (უნებართვო) მშენებლობების შეჩერება და აღმოფხვრა, ხოლო, რიგ შემთხვევებში, ნებართვები უკვე აშენებულ შენობებზე გაიცემა“.

აუდიტის სამსახურმა ეს დასკვნა 2016-2018 წლებში ბათუმის მერიის მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემასა და სახელმწიფო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლის შემდეგ გამოაქვეყნა.

დასკვნაში არაფერი წერია იმაზე, თუ როგორ ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას გასულ და მიმდინარე წლის უკანონო მშენებლობებზე.

მიმდინარე უკანონო მშენებლობა ვაჟა-ფშაველას 13-ში

უკანონო მშენებლობას შეხვდებით ბათუმის ცენტრალურ ქუჩაში გავლისას. მაგალითად, ბოლო წლებში ყველაზე გახმაურებული შემთხვევის ადგილას, ვაჟა-ფშაველას 13-ში, სადაც უნებართვოდ დაანგრიეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, საძირკველია ჩასხმული და სამუშაოები მიმდინარეობს. შემოღობილ მშენებლობაზე ინჟინერი კახა ქარცივაძე გვეუბნება: „გვაქვს ნებართვა 8-სართულიანზე და ვაშენებთ“.

ერთ-ერთი ისტორიული შენობა
ერთ-ერთი ისტორიული შენობა

თუმცა ქალაქ ბათუმის მერიაში სულ სხვას გვეუბნებიან. პრესსამსახურში ამბობენ, რომ ვაჟა-ფშაველას 13-ში სამშენებლო ნებართვა გაცემული არ არის და კომპანია „ბათინვესტის“ განაცხადი 7-სართულიანი კორპუსის აშენებაზე ისევ განხილვის ეტაპზეა.

ვაჟა-ფშაველას 13-ში უნებართვო მშენებლობა ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ დაიწყო - მას შემდეგ, რაც ამ ადგილას შპს „სლავა 2015“-მა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და სამი ისტორიული ბელეტაჟი უნებართვოდ დაანგრია და საძირკველი ჩაყარა. ძველი ბათუმის დამცველებმა პოლიცია რამდენჯერმე გამოიძახეს:

„კულტურული მემკვიდრეობის დანგრევა სისხლის სამართლის დანაშაულია, მაგრამ ხუთი წელია გასული და არც არაფერი გაირკვა. პოლიცია რამდენჯერმე გამოიძახეს. ადგილზე მოსულებმა თქვეს, ჩვენ არაფერი შეგვიძლიაო, დაანგრიონ, ჩვენ არაფრის უფლება არ გვაქვსო. დანგრევის მერე შემოღობა, საძირკველი ჩაასხა, დიდი სამუშაო აქვს ჩატარებული ისე, რომ არაფრის უფლება არ ჰქონდა. გამოძიებამ კი ვერ დაადგინა განზრახ დანგრევის ფაქტი, თუმცა კომპანია რამდენჯერმე დაჯარიმდა“, - ამბობს შოთა გუჯაბიძე, მკვლევარი, აქტივისტი.

ვაჟა-ფშაველას 13-ში განადგურებული კულტურული მემკვიდრეობის სანაცვლოდ, შპს „სლავა 2015“-ს, კანონის თანახმად, ძეგლი პირვანდელი სახით უნდა აღედგინა, თუმცა ეს ვალდებულება კომპანიას მას შემდეგ მოეხსნა, რაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ „ვაჟა-ფშაველას 13-ს“ სტატუსი მოუხსნა. ახლა კი ამ ადგილას სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, პარალელურად კი, კომპანია „ბათინვესტი“ ნებართვას ითხოვს.

უნებართვი მშენებლობა ბათუმში
please wait

No media source currently available

0:00 0:00:33 0:00

ძეგლის სტატუსის მოლოდინში უნებართვოდ დანგრეული სახლი

ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების გადაკვეთაში, ორსართულიანი სახლი ძეგლის ნიშნების მქონე შენობების ნუსხაში იყო შეტანილი და სტატუსს ელოდა. 2018 წელს იგი მცხოვრებლებმა უნებართვოდ დაანგრიეს. ამის შემდეგ ბათუმის მერიამ აქ მრავალსართულიანი კორპუსის აშენებაზე ნებართვა გასცა. საინფორმაციო ბანერზე წერია, რომ კორპუსს კომპანია „ძმების სახლი“ აშენებს. მკვლევარი შოთა გუჯაბიძე ამბობს, რომ ამ შემთხვევის გარდა ისტორიული სახლების ნგრევისა და უკანონო მშენებლობის ასამდე ფაქტი აქვთ მოძიებული, თუმცა ამ დრომდე მშენებლობის შეჩერების პრეცედენტი არ ყოფილა:

„არის თუ არა ეს ხელისუფლების პოლიტიკა, თქვენ განსაჯეთ. მე შემიძლია 100-ზე მეტი ფაქტი მოგიყვანოთ, სადაც დანაშაულებია ჩადენილი. ძველ ბათუმში ერთ შემთხვევასაც ვერ იპოვით, სადაც დაანგრიეს და ახალი ააშენეს კანონიერად. ასეთი თეორიული შანსიც არ არსებობს, ისევე როგორც ვერ იპოვით კანონიერად მოკლულ ადამიანს. ასეთივე შეუთავსებელია სამშენებლო მაგალითები. ეს უკვე პოლიტიკაა, როცა კულტურული მემკვიდრეობა შეგიძლია დაანგრიო და არც არავინ არ მოგთხოვს ამაზე პასუხს. პირიქით, უფრო მეტი ცდილობს ამ სისტემაში მოხვდეს და ამღვრეულ წყალში თევზი დაიჭიროს“.

ერთ-ერთი ისტორიული შენობა ბათუმში
ერთ-ერთი ისტორიული შენობა ბათუმში

ჯერ მშენებლობა და შემდეგ ნებართვის გაცემის სქემა

სამშენებლო ნებართვების გაცემამდე ბათუმის მერია პროექტებს აჭარის მთავრობასთან არსებულ ზონალურ საბჭოზე განიხილავს. ამ საბჭოს წევრები ძირითადად ხელისუფლების წარმომადგენლები არიან. ისინი ჯერ იწონებენ ისტორიულ ბათუმში განსახორციელებელ სამშენებლო პროექტს, შემდეგ პროექტი ისევ მერიას უბრუნდება და სამშენებლო ნებართვა გაიცემა. ზონალური საბჭოს გაუქმებას, უკვე რამდენიმე წელია, ითხოვენ ბათუმელი აქტივისტები, რადგან მიაჩნიათ, რომ ის ქალაქისთვის საზიანო და უკანონო გადაწყვეტილებებს იღებს. ერთ-ერთ ასეთ ფაქტს აქტივისტი ირმა ზოიძე იხსენებს, რომელიც ზონალური საბჭოს სხდომებს ესწრება. კომპანია „მარდი ჯგუფმა“ ფარნავაზ მეფის 108 ნომერში სართულები ააშენა, ნებართვა კი შემდეგ ითხოვა:

„თვითმმართველობას და იმ საბჭოებს, რომლებიც ნებართვებზე არიან პასუხისმგებელნი, აქვთ ნოტარიუსის ფუნქცია. ისინი ნებართვებს კი არ გასცემენ, უბრალოდ, აკანონებენ იმას, რასაც მენაშენე მოისურვებს. როცა კითხვა დავსვი, რომ სამი სართული ააშენა კომპანიამ ქალაქის ცენტრში და ზედამხედველობის სამსახურმა ეს ვერ დაინახა. მეტიც, ამ უკანონო მშენებლობის ამსახველი ფოტოებით მენაშენე ზონალურ საბჭოს სხდომაზე პროექტის დამტკიცებას სთხოვდა. კითხვაც არ დაუსვამთ საბჭოს წევრებს. ჩვენ გვითხრეს, რომ ადამიანმა იშრომა, ინვესტიცია ჩადო და ჩვენ როგორ გავუწევთ წინააღმდეგობასო. სანქციაზეც არ ყოფილა ლაპარაკი. აი, ასე იმართება ეს ქალაქი“, - ამბობს აქტივისტი ირმა ზოიძე.

თავდადებულის 48
თავდადებულის 48

ბათუმში კიდევ ერთი უნებართვო მშენებლობა გამოავლინეს გასულ წელს ჟურნალისტებმა თავდადებულის 48ა-ში. გაირკვა, რომ მესაკუთრემ რვა სართული ქალაქის ცენტრში უკანონოდ ააშენა. მაშინ ბათუმის მერიაში საჯაროდ პირობა დადეს, რომ შენობის დემონტაჟი მოხდებოდა, რადგან ეს „პრესტიჟის საქმე“ იყო, თუმცა გასული წლის ბოლოს ეს ობიექტი საჯარო რეესტრში კერძო საკუთრებაში დარეგისტრირდა, აშენებული რვა სართულის დემონტაჟი კი ამ დრომდე არ დაწყებულა.

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, დღეს არც ამ გახმაურებულ ფაქტებზე აკეთებს კომენტარს და არც აუდიტის დასკვნაზე.

XS
SM
MD
LG