8 ივლისს ბოლო თვითმფრინავი გაფრინდება თბილისიდან მოსკოვში. ამით ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენა განუსაზღვრელი დროით შეჩერდება. გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიღო, 20 ივნისს საქართველოს პარლამენტიდან დუმის კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის გაძევების შემდეგ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით რუსეთ-საქართველოს შორის დღეში 15-მდე პირდაპირი ავიარეისი სრულდებოდა. გასული წლის მონაცემებით ამ შესაძლებლობით ყოველთვიურად 40,000 მგზავრი სარგებლობდა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" გაანგარიშებით, თუ დავუშვებთ ყველაზე რადიკალურ სცენარს, რომ ივლისიდან საქართველოში რუსი ვიზიტორი საერთოდ აღარ შემოვა, 2019 წელს ვიზიტორების რაოდენობა დააახლოებით 8 მილიონი იქნება, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე მეტია.
- მგზავრების 70% საქართველოში რუსეთიდან სახმელეთო ტრანსპორტით შემოდის, 29% კი საჰაეროთი
- 2017 წელს ერთმა რუსმა ვიზიტორმა საშუალოდ 984 ლარი (400 დოლარი) დახარჯა საქართველოში
- პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეჩერება, თუ ტურისტთა ნაკადები სხვა გზებს არ მიმართავენ, 2019 წელს საქართველოს შემოსავალს ტურიზმიდან დაახლოებით 100 მლნ დოლარით შეამცირებს
- რუსეთიდან საქართველოში 2019 წელს 2 მილიონ ტურისტს ელოდნენ. საუკეთესო შემთხვევაში ადმინისტრაციაში ვარაუდობენ, რომ 1 მილიონი ტურისტი მაინც შემოვა
- გასულ წელს საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან შემოვიდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით. წელს ივნისში საქართველოში შემოვიდა თითქმის 480 ათასი ტურისტი, რაც წინა წლის ამ თვის მაჩვენებელზე 18%-ით მეტია.
ტურიზმის ეფექტი ეკონომიკაზე
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით 2019 წლის იანვარი-მაისის მონაცემებით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 1.1 მილიარდ დოლარს (ზრდა +9.8%), რაც 101 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
- 2019 წლის მაისის მონაცემებით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 281 მილიონ დოლარს (ზრდა +14.2%), რაც 35 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
- 2019 წლის I კვარტალში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 578 მილიონ დოლარს (ზრდა +5%), რაც 28 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
- ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2019 წლის I კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.1%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +14.9%-ია.
რა მოხდება თუ რუსი ტურისტები საქართველოში აღარ ჩამოვლენ?
ტურიზმის სფეროს სპეციალისტები ამ ალბათობას არ უშვებენ. ისინი ხელმძღვანელობენ მონაცემით, რომელიც ავიარეისებითა და სახმელეთო საზღვრით მოსარგებლე ტურისტებს ითვლის - სახმელეთო 70%, პირდაპირი საჰაერო 29%. რუსეთიდან ტურისტების ნაკადის რომც განახევრდეს, ეს ხანმოკლე რყევა იქნება, რომელიც საბოლოო ჯამში ტურიზმის სფეროს გააჯანსაღებს - ამბობს ტურიზმის ექსპერტი, "ჰელისკი ჯორჯიას" დამფუძნებელი დირექტორი ვატო ასათაშვილი.
„ეს პროცესი ჩვენ წაგვადგება, რადგან დავინახავთ რომ რუსულ ტურიზმზე დაკიდება არ შეიძლება. პოლიტიკას, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აწარმოებდა და უამრავ ფულს ხარჯავდა რუსი ტურისტების მოზიდვაში იყო არასწორი. [რუსეთი] როცა უნდა ამ ბაზარს ჩაკეტავს და ამით სერიოზულ ზიანს მოგვაყენებს“, - ამბობს ვატო ასათაშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ რუსეთი ტურიზმსაც პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს.
რუსეთიდან 600 ათასი ადამიანი უკვე შემოსულია, წლის ბოლოსთვის ეს რიცხვი სავარაუდოდ1 მილიონამდე ავა. ეს ნიშნავს, რომ წინა წელთან შედარებით რუსეთიდან ნაკადის შემცირების გამო გვექნება 35% კლება, რაც საერთო სტატისტიკაში აისახება როგორც 10-15 %-იანი კლება, რაც „ეკონომიკას ისე არ დააზარალებს, რომ გამკლავება ვერ მოვახერხოთ“.
ამ მიდგომას ამყარებს სტატისტიკური მონაცემები, რომელიც მოწმობს, რომ ტურისტების ნაკადი გაზრდილია როგორც ევროპიდან, ასევე აზიიდან. თანაც ამ რეგიონებიდან ჩამოსული ტურისტები ბევრად მეტს ხარჯავენ, ვიდრე მასტურიზმზე ორიენტირებული ნაკადი რუსეთიდან.
ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების რაოდენობის ზრდა წინა წელთან შედარებით
- ავსტრია +71%
- გერმანია +67.7%
- გაერთიანებული სამეფო +34.9%
- ლატვია +30.2%
- ნიდერლანდი +25.7%
აზიის ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების რაოდენობის ზრდა წინა წელთან შედარებით
- საუდის არაბეთი +127.7%
- იორდანია +91.4%
- ყაზახეთი +78.4%
- ჩინეთი +52.9%
- კორეა +48%
- თურქეთი +45.8%
რა ცვლილებები გამოჩნდა 2 კვირაში პოლიტიკური სკანდალიდან
კომპანია wehost.ge ამჟამად 180 კლიენტი ყავს. ეს შუამავალი ფირმა კერძო პირების ბინებს სხვადასხვა საერთაშორისო პლატფრმებზე ათავსებს და აქირავებს, ასევე მასპინძლობს ტურისტებსაც. კომპანიის საოპერაციო დირექტორი კონსტანტინე ანჯაფარიძე ამბობს, რომwehost.ge უკვე გადაერთო ევროპულ და აზიურ ბაზრებზე. ახლა ისინი ცდილობენჩინელ, კორეელ, და იაპონელ ტურისტებს მისწვდნენ.
კომპანია მართვის ქვეშ მყოფ 180 ბინაში საშუალოდ 2000-2500 ტურისტს მასპინძლობს. კონსტანტინე ანჯაფარიძის სიტყვებით უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში ტურისტების ნაკადი 30%-ით შემცირდა.
„უახლოესი რამდენიმე თვე იქნება ძალიან პრობლემური, ეს რომ მომხდარიყო 5 თვის წინ რაღაცების გადაწყობა მოესწრებოდა, მაგრამ ახლა უკვე ყველას დაგეგმილი აქვს თავისი ზაფხული და რაიმე სერიოზული ზრდის მიღწევა სხვა ქვეყნების ხარჯზე წარმოუდგენლად მიმაჩნია, ახლა რეალურად უნდა შევაფასოთ მოცემულობა და დავიწყოთ გამოსავლის ძიება. 2-3 თვეში ვერ შევავსებთ იმ დანაკლისს რაც ახლა მივიღეთ“.
„კერძო სექტორი არ უნდა აჰყვეს პანიკას“
„კერძო სექტორი არ უნდა აჰყვეს პანიკას, რომ აი, დაიკეტა რუსეთის ბაზარი და გამოსავალი აღარ გვექნება. უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის ბაზარი გარკვეული ნაწილისთვის იყო მომგებიანი, მაგრამ უნდა გააცნობიერონ რომ ეს არის მდგრადი ბაზარი“, - ვატო ასათაშვილი.
მისი თქმით, იმ ტურისტულ კომპანიებს, რომლებიც აქამდე რუსეთიდან შემოსულ ტურისტებზე იყვნენ დამოკიდებული, მოუწევთ აქცენტი გააკეთონ რუსულენოვანი ქვეყნების, მაგალითად უკრაინასა და ბელორუსის და შუა აზიის ქვეყნების ბაზრებზე, რაც საკმაოდ დიდი მაგრამ აუთვისებელი ბაზარია.
რას აკეთებს სახელმწიფო და უნდა გააკეთოს მან
“წლის ბოლომდე ევროპელი ტურისტებით ჩანაცვლებაზე საუბარი იქნება მიამიტობა, ვაინადნ ევროპელი ტურისტი 1 დღით ადრე არ გეგმავს ვიზიტს. ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ ტურისტების ჩანაცვლებაზე არამედ ტურისტების ზრდაზე” - ამბობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ დაიწყო კამპანია „გაატარე შენი ზაფხული საქართველოში“. ადმინისტრაციამ საქართველოს საიმიჯო ვიდეო რგოლი გაუშვა მიზნობრივ ქვეყნებში (უკრაინა, ბელორუსი, ყაზახეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ჰოლანდია, ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, საქართველო).
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ მათ მუდმივი კონტაქტი აქვთ ტურიზმის სფეროში მომუშავე კომპანიებთან და მათთან ერთად გეგმავენ სამომავლო სტრატეგიას. საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ხვდებიან საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, კიდევ ერთი გზავნილია, ის, რომ საქართველო კვლავ უსაფრთხო ქვეყანაა.
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავა ამბობს, რომ ტურიზმის ინდუსტრიას სამი ძირითადი მოთხოვნა აქვს:
- რაც შეიძლება ფართოდ გავრცელდეს ინფორმაცია, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა.
- სახელმწიფო დაეხმაროს სასესხო და საგადასახადო ვალდებულებების კუთხით შექმნილი პრობლემების მოგვარებაში.
- გაკეთდეს ყველაფერი იმისთვის, რომ სხვა ქვეყნის ტურისტების მოზიდვასთან ერთად შენარჩუნდეს ტურისტების ნაკადი რუსეთიდანაც.
„დღეს საღამოსაც გვექნება შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან და მომავალი კვირიდან მზად ვიქნებით გარკვეული ინიციატივებით დავუბრუნდეთ ინდუსტრიას“,- აცხადებს ნათია თურნავა.
საქართველო საერთაშორისო ბაზარზე
“ევროპული და აზიური ჯავშნების გაუქმების მიზეზი სწორედ ეს [საფრთხე] იყო, მათ ეშინიათ, რომ საქართველოში არ არის დაცული უსაფრთხოება, ამიტომ ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება სხვაგვარად უნდა მოხდეს, რომ ეს არის უსაფრთხო ქვეყნა და არა ის, რომ რუსების და პუტინის ჯიბრზე აქ ჩამოდით. ყველას სურს ოჯახის წევრებთან ერთად მშვიდად დაისვენოს. არავინ მიდის დასასვენებლად პუტინის ჯიბრით“, - ამბობს wehost.ge-ს საოპერაციო დირექტორი კონსტანტინე ანჯაფარიძე.
ტურიზმის სფეროს ექსპერტი, ვატო ასათაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის რეკლამირება საზღვარგარეთ 2006 წლიდან მოყოლებული ინერციით მიდის.
„მუშაობა უნდა წარიმართოს აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის ქვეყნების მიმართულებით, საჭიროა წარმომადგენლობების გახსნა საზღვარგარეთ, რაზეც დაახლოებით 5 წელია მიდის საუბარი. საუბარი იყო საელჩოებში ბიზნესატაშეების დანიშვნაზე, ასევე შესაძლებელია მცირე მარკეტინგული კომპანიების გაგზავნა კონკრეტულ ქვეყნებში სეზონის დასაწყისში“,- აცხადებს ვატო ასათაშვილი.
პოლიტიკური ინიციატივები
საერთაშორისო დაბალბიუჯეტური საჰაერო რეისების გაზრდის მიზნით „ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს ხელი მოაწეროს ავიაკომპანია ryanair-თან კონტრაქტს, ასევე დააჩქაროს ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის გაფართოება, რომელსაც პარტიის წარმომადგენლის გიორგი კანდელაკის განცხადებით ერთწლიანი ჩამორჩენა აქვს, რის გამოც უნგრული ავიაკომპანია wizzair არ ამატებს რეისებს.
26 ივნისს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ დასრულდა მოლაპარაკებები wizzair-თან და 12 ავიამიმართულებით პირდაპირი ფრენები წლის ბოლომდე დაიწყება. შეთანხმების შედეგად ქუთაისის აეროპორტიდან უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია 12 ახალი ავიამიმართულებით იფრენს შემდეგ ქალაქებში - ფრანკფურტი, ჰამბურგი, ბადენ-ბადენი, პოზნანი, ვენეცია, ნეაპოლი, ნიცა, პიზა, სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, ჰერაკლიონი, ტურკუ.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტიდან შვიდი ახალი ავიამიმართულებით პირდაპირი ფრენები წლის ბოლომდე დაიწყება, დანარჩენი მიმართულებებით რეისები კი 2020 წლის ზაფხულიდან შესრულდება.
რაც შეეხება ირლანდიურ კომპანია ryanair-თან მოლაპარაკებას. 28 ივნისს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლომდე კომპანიასთან მოლაპარაკებები დასრულდება და პირველი თვითმფრინავი ევროპიდან 2020 წელს ჩამოფრინდება.