კანონპროექტი მაისში შეიტანა დუმაში ყველა ფრაქციის დეპუტატების ჯგუფმა.
განაცხადის ინიციატორების თანახმად, კანონის გზით რუსეთის მომავალ თაობებს შეუნარჩუნდებათ „მათი კულტურული და ოჯახური ფასეულობები, ტრადიციული საყრდენი“.
ადამიანის უფლებების დამცველები კანონპროექტს ანტიჰუმანურს უწოდებენ და გამოდიან გაფრთხილებით, რომ ამას შეიძლება მოჰყვეს კონკრეტული სოციალური ჯგუფის დევნა.
ამ კანონპროექტის გამო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა რუსეთის პირველმა ტრანსგენდერმა პოლიტიკოსმა ქალმა.
იულია ალიოშინა აპირებდა ალთაის მხარის გუბერნატორის პოსტზე ეყარა კენჭი, მაგრამ ვერ მოახერხა მოეგროვებინა თავისი წარდგენისთვის საკმარისი ხელმოწერები.
ის ფიქრობს, რომ ბევრმა, ვინც მზად იყო მხარი დაეჭირა მისთვის, უარი თქვა სწორედ ამ სექსის შეცვლის აკრძალვის კანონპროექტის გამო. მაგრამ მალევე, პარტია „სამოქალაქო ინიციატივამ“ მას შესთავაზა, კენჭი ეყარა გუბერნატორის პოსტზე. არჩევნებში მონაწილეობას ალიოშინა უწოდებს „თავის პროტესტს“.
ინტერვიუში, რომელიც ალიოშინამ რადიო თავისუფლების ტელეპროექტს, „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ მისცა, და რომელიც ეთერში გავიდა კანონის მიღებამდე, ის ჰყვება, რატომ კრძალავენ რუსი კანონმდებლები სექსის შეცვლას და რას მოუტანს ეს ტრანსგენდერ ადამიანებს.
ალიოშინა შეკითხვას - უწოდებს თუ არა ის თავს პირველ ტრანსგენდერ პოლიტიკოსს, უარყოფითად უპასუხებს და განმარტავს:
- მთლად ასე არ არის. მე ჩემი თავისთვის ასე არც მიწოდებია, არც წავმდგარვარ.
2021 წლის შემოდგომაზე ვხელმძღვანელობდი „სამოქალაქო ინიციატივის“ რეგიონულ ფილიალს ალთაის მხარეში. 2021 წლის ნოემბერში ეს ინფორმაცია მედიაში გავრცელდა. რუსეთის მედიამ და საზოგადოებრიობამ ტრანსგენდერი პოლიტიკოსი მიწოდეს. ასე იყო ეს ამბავი.
- თქვენ აპირებდით ალთაის მხარის გუბერნატორის პოსტზე კენჭისყრას და „ნოვაია გაზეტასთან“ ინტერვიუში თქვით, რომ ეს თქვენი პროტესტით იყო გამოწვეული. რის მიმართ პროტესტი იყო ეს?
ეს არის ტრანსგენდერი ადამიანების გენოციდი, რადგან ეს კანონპროექტი კრძალავს სამედიცინო მომსახურების შეთავაზებას...
დიახ, ალთაის მხარეში თანაპარტიელებმა შემომთავაზეს გუბერნატორის პოსტზე კენჭისყრა. ვიფიქრე და იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წელს სამოქალაქო საზოგადოებაზე სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიები და ზეწოლა გაძლიერდა, გადავწყვიტე დავთანხმებულიყავი, მიმეღო ჩემი კოლეგების ეს წინადადება და არჩევნებში ჩავრთულიყავი. თავიდანვე მივხვდი, რომ დღევანდელ ვითარებაში, როცა რუსეთის ყველა ტელეარხიდან იღვრება პროპაგანდა ტრანსგენდერების წინააღმდეგ, ტრანსგენდერებს ლამის ნარკომანებსა და ალკოჰოლიკებთან აიგივებენ, „ტვინის გამორეცხვის“ ამ ვითარებაში მე გუბერნატორი ვერ გავხდებოდი - არ ამირჩევდნენ. მაგრამ, მოდით, იყოს ეს ჩემი პროტესტი სახელმწიფო სათათბიროს მიერ მიღებული კანონების წინააღმდეგ. საქმე არ ეხება მხოლოდ კანონს „სქესის შეცვლის“ აკრძალვის შესახებ - არამედ ასევე კანონს „ელექტრონული გამოძახების“ შესახებ, სისხლის სამართლის რიგი მუხლების გამკაცრებას და კანონს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ, სადაც პროპაგანდა გაიგივებულია ნებისმიერი სახის ინფორმაციასთან. სახელმწიფო სათათბიროს მიერ მიღებული ასეთი კანონების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გადავწყვიტე არჩევნებში ჩართვა.
– ტრანსგენდერული ცვლილების აკრძალვის კანონპროექტზე რას იტყვით?
- ამ კანონპროექტს „სქესის შეცვლის“ აკრძალვის შესახებ, ტელეგრამის ჩემს არხზე „მედიცინის იდეოლოგიზაცია“ ვუწოდე.
ანუ ეს არის მაგალითი იმისა, რომ მედიცინა ჩვენში პოლიტიკის მსახური ხდება. მეტიც, კანონპროექტი, რომელიც კრძალავს „სქესის შეცვლას“, არ არის მხოლოდ ტრანსგენდერების დისკრიმინაცია რუსეთში. ეს არის ტრანსგენდერი ადამიანების გენოციდი, რადგან ეს კანონპროექტი კრძალავს სამედიცინო მომსახურების შეთავაზებას, რაც აღიარებულია მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში.
- რას ნიშნავს ამ კანონის მიღება პირადად თქვენთვის?
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანმა სქესი შეიცვალა და გაიკეთა პლასტიკური ოპერაცია საზღვარგარეთ, რუსეთში დაბრუნების შემდეგ, ვერ შეცვლის სქესის მარკერს...
- სქესი შევიცვალე 2020 წელს. 2020 წლის 2 ივლისს მივიღე ახალი პასპორტი ქალის სქესის მარკერით და ქალის სახელით. ანუ ჩემი გენდერული გადასვლა, კანონის თანახმად, უკვე მოხდა. ამ კანონპროექტში არაფერია ნათქვამი იმ ადამიანებზე, რომლებმაც უკვე შეიცვალეს სექსი და ცხოვრობენ რუსეთში. შესაძლოა, ამ კანონპროექტის შემდეგ რაღაც კანონქვემდებარე აქტებიც იყოს მიღებული - ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანებები, იუსტიციის სამინისტროს ბრძანებები და, შესაძლოა, იყოს გარკვეული სამართლებრივი ნორმები. ამაზე კანონპროექტი არაფერს ამბობს.
ამასთან, აღვნიშნავ, რომ 13 ივლისს კანონში შევიდა ცვლილება: იკრძალება ბავშვების აყვანა. ასე რომ, როგორც ტრანსგენდერ ქალს, თუ ბავშვის აყვანა მსურს, ეს მეკრძალება ისევე, როგორც ყველა სხვა ტრანსგენდერს. რა თქმა უნდა, ეს დისკრიმინაციის მაგალითია.
„ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა მოელით ამ კანონის მიღების შემდეგ მათ, ვისაც ახლა სურს სქესის შეცვლა რუსეთში, ალიოშინა უპასუხებს, რომ ამ ადამიანებისთვის შედეგი სასტიკი იქნება, რადგან, ჯერ ერთი, მათ მოუწევთ ოპერაციების გაკეთება, ჰორმონალური თერაპიის ჩატარება, სამედიცინო დახმარების მიღება მხოლოდ უცხოეთში, მაგრამ არა რუსეთში.
მეორეც, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანმა სქესი შეიცვალა და გაიკეთა პლასტიკური ოპერაცია საზღვარგარეთ, რუსეთში დაბრუნების შემდეგ, ვერ შეცვლის სქესის მარკერს, ანუ საბუთებში - პასპორტში სქესის შეცვლას ვერ შეძლებს და გენდერული გარდაქმნის შემდეგაც იძულებული იქნება რუსეთში იცხოვროს ძველი დოკუმენტებით, რომლებიც სინამდვილეს არ შეესაბამება.
- როგორ ფიქრობთ, რატომ მიიღეს ეს კანონპროექტი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა ახლა?
- სამყაროში ასეთ რთულ დროს, დიახ. რუსეთის კანონმდებლობა ბოლო ხანს გამკაცრდა. სამწუხაროდ, როგორც ლგბტ თემზე, ასევე ტრანსგენდერ ადამიანებზე, როგორც საზოგადოების ნაწილზე, ვრცელდება რუსეთის კანონმდებლობის გამკაცრების ზოგადი ტენდენცია.
გარდა ამისა, არის კიდევ ერთი მიზეზი. ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი გვეუბნება, რომ ძალიან ცუდია, რომ რუსეთის ფედერაციის 1993 წლის კონსტიტუციის თანახმად, რუსეთის ფედერაციაში არ არის წამყვანი იდეოლოგია. „აუცილებელია რუსეთში ამის განსაზღვრა და რაიმე იდეოლოგიის დანერგვა“, - გვეუბნება ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი.
და, როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო გარკვეული იდეოლოგიის შექმნა ამ ქვეყნისთვის. ისინი უკვე ყოველდღიურად ლაპარაკობენ მთავარ პუნქტებზე: ეს არის ტრადიციული ღირებულებები, მართლმადიდებლობა, ავტოკრატია, ხალხოსნობა. როგორც ჩანს, მათ გადაწყვიტეს ამ იდეოლოგიის შექმნა რუსეთში და ტრანსგენდერები უბრალოდ არ ეწერებიან ამ იდეოლოგიურ კონცეფციაში.