Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პარლამენტმა დაამტკიცა "სქესის შეცვლის" აკრძალვის კანონი


რუსეთის პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც სრულად გამორიცხავს "სქესის შეცვლას" ქირურგიული გზით
რუსეთის პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც სრულად გამორიცხავს "სქესის შეცვლას" ქირურგიული გზით

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრძალავს სქესის შეცვლას „ქირურგიული გზით“. იკრძალება ასევე დოკუმენტებში „გენდერული მარკერის" შეცვლა.

კანონპროექტის თანახმად, ტრანსგენდერული ტრანზიციის ფარგლებში ქირურგიული ოპერაციები დაშვებული იქნება მხოლოდ "ბავშვებში სქესის ფორმირების თანდაყოლილი ფიზიოლოგიური ანომალიების სამკურნალოდ". საამისოდ საჭირო იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება ჯანდაცვის სახელმწიფო უწყების კომისიისგან.

საკანონმდებლო ცვლილებები, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს ადრე გაფორმებული ქორწინების გაუქმებას, თუ ერთ-ერთმა მეუღლემ სქესი შეიცვალა.

ამავე დროს, ეს ნორმები არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც სქესი კანონის ძალაში შესვლის თარიღამდე შეიცვალეს.

კანონპროექტის ინიციატორი იყო რუსეთის დუმის 400 დეპუტატი, მათ შორის რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი, "კომუნისტური პარტიის" ხელმძღვანელი გენადი ზიუგანოვი, სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილეები პიოტრ ტოლსტოი და ვლადისლავ დავანკოვი, მმართველი „ედინაია როსიას“ წევრები ირინა იაროვაია და სერგეი ნევეროვი, რუსეთის „ლიბერალურ-დემოკრატიული ფრაქციის“ ხელმძღვანელი ლეონიდ სლუცკი და სხვები.

განმარტებით ბარათში კანონში ასეთი ცვლილების შეტანას დეპუტატები „რუსეთის ტრადიციული ზნეობრივი და სულიერი ფასეულობების განმტკიცების“ აუცილებლობით ხსნიან.

კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, რუსეთში ტრანსგენდერ ადამიანებს სრულად ჩამოერთმევათ მათთვის აუცილებელი ტრანზიციის გავლის საშუალება. დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, ეს გამოიწვევს დეპრესიული აშლილობების და სუიციდის შემთხვევების გახშირებას, ისევე როგორც იატაკქვეშა სამედიცინო მომსახურების შავი ბაზრის ზრდას.

XS
SM
MD
LG