რუსთავის ფარმაცევტულ ქსელებში ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატის მწვავე დეფიციტი წარმოიშვა.
ფარმადეპოს წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამჟამად მათი ქსელი ტეტანუსის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინის, ასევე ტეტანუსის საწინააღმდეგო ანატოქსინის დეფიციტს განიცდის.
ფარმაცევტულ კომპანიაში, ქსელის მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ რუსთავში ეს პრეპარატი არ აქვთ. თითო კომპლექტი აქვთ ტყიბულში, ზუგდიდში, სენაკში, ბოლნისში, ქუთაისში. ტეტანუსის საწინაააღმდეგო პრეპარატის რამდენიმე კომპლექტია შემორჩენილი კომპანიის თბილისის ქსელშიც.
როგორც რადიო თავისუფლებას რუსთავის საქალაქო საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა პაპუნა ბახტაძემ უთხრა, ჩანს, პრობლემები შეექმნათ შრატის შემომტან კომპანიებს, რომლებიც ფარმაცევტულ ქსელებსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებს ამარაგებენ.
„ქალაქში ფიზიკურად არ არის ეს წამალი. სადმე, კომერციულ აფთიაქში შემორჩენილს თუ იშოვი“, თქვა პაპუნა ბახტაძემ“. „შრატი ფარმაცევტულ ბაზებშიც არ არის. როგორც მითხრეს, ორ კვირაში შემოიტანენ“.
რუსთავის საქალაქო საავადმყოფოს მთავარი ექიმის პაპუნა ბახტაძის თქმით, ეს იშვიათი დაავადებაა, რადგან, როგორც წესი, ქვეყანაში ტეტანუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია ტარდება 16-დან 26 წლამდე ასაკის მოქალაქეებში.
ამასთან, რუსთავის საქალაქო საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა თქვა, რომ მათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული 24 კომპლექტი აქვთ, ანტირაბიული პროგრამის ფარგლებში და განსაკუთრებული შემთხვევებისთვის.
პაპუნა ბახტაძის თქმით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანტირაბიული კაბინეტიც მუშაობს, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, იმუნოგლობულინთან ერთად ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატსაც უკეთებენ.
მისივე თქმით, გარკვეული შეფერხებები ადრეც ყოფილა, მაგრამ ასეთი დეფიციტი იშვიათია. ტეტანუსი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს განსაკუთრებული ბაქტერია კლოსტრიდიუმ ტეტანი (Clostridium tetani). ბაქტერია ორგანიზმში აღწევს ჭრილობიდან და იწყებს სწრაფად გამრავლებას. ის გამოყოფს ტოქსინებს, რომლებიც მოქმედებენ ნერვებზე და იწვევენ ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა კუნთების გაშეშება და სპაზმები.
რუსთავის საქალაქო საავადმყოფოს მთავარი ექიმის პაპუნა ბახტაძის თქმით, ეს იშვიათი დაავადებაა, რადგან, როგორც წესი, ქვეყანაში ტეტანუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია ტარდება 16-დან 26 წლამდე ასაკის მოქალაქეებში.