ტელეკომპანია "იმედის" და "Imedinews"-ის ჟურნალისტთა პროტესტს, რომელიც მოჰყვა, 11 აგვისტოს "იმედის" ეთერში გასული ფილმის "ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს!" ჩვენებას და რომელიც შეეხებოდა აგვისტოს ომს, სოციალურ ქსელში მომხმარებლები ეხმაურებიან.
ანტოსაოკუპაციო აქცია "სირცხვილიას" ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე წერს, რომ "ამ თვინიერ, მლიქვნელურ და უფროსობასთან შეთანხმებულ "პროტესტში" არაფერია შესაქები"და ტელეკომპანია"იმედს", არც ერთმა თავმოყვარე რესპონდენტმა ინტერვიუ აღარ უნდა მისცეს.
"ამ ნახევრად გადმოგდებული ვითომ პრინციპულობისთვის მადლობელი ვერ ვიქნები",- წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორი სალომე ბარკერი.
ტელეკომპანია "იმედის" თანამშრომელი, პოეტი პაატა შამუგია, წერს, რომ ფილმის ეთერში გასვლას ტელევიზიის თანამშრომელთა მხრიდან შიდა პროტესტიც მოჰყვა "რამდენიმე ადამიანმა შიდა ჯგუფშივე კატეგორიულად მოვითხოვეთ, ამ მავნებლური ანონიმური „ფილმის“ ავტორის გამოჩენა და პლუს, საჯარო მობოდიშებაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, არხზე ჩვენს დარჩენას აღარ განვიხილავდით".
თუმცა როგორც პაატა შამუგია წერს, ჟურნალისტებმა არხზე დარჩენა გადაწყვიტეს "ვფიქრობ, ამ ეტაპზე ამ ღირსეული ადამიანების მიტოვება და ლალიაშვილისთვის სივრცის მოსუფთავება არ იქნებოდა ყველაზე სწორი საქციელი. ლალიაშვილს ამწუთას ნულოვანი ლეგიტიმაცია აქვს არხზე, „იმედის“ უკლებლივ ყველა თანამშრომელმა საჯაროდ დაგმო ის, რაც გავიდა ეთერში, შესაბამისად, ტელევიზიის დამფუძნებლებს, მგონი, ძალიან გასაგები სიგნალი გაეგზავნათ და, იმედია, მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას".
ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო გამოშვებისა და Imedinews-ის ჟურნალისტებმა „იმედის“ ეთერში აგვისტოს ომზე გასულ ფილმთან დაკავშირებული პროტესტი ერთგვარი ფლეშმობით გამოხატეს, ისინი ფილმის სულისკვეთებას არ იზიარებენ, რასაც „ფეისბუკზე“ ფლეშმობით აპროტესტებენ“.
„არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!“, - ასეთ ტექსტს თავიანთი „ფეისბუკის“ გვერდებზე ავრცელებენ ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვებისა და "Imedinews"-ის ჟურნალისტები.
ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან კომენტარი ფილმთან დაკავშირებით, 14 აგვისტოს გააკეთა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ. მისი სიტყვებით იმის თქმა, რომ ფილმი რუსული ნარატივის გაგრძელებაა ყოვლად მიუღებელია.
"იმის თქმა, რომ ეს [ფილმი] იყო რუსული ნარატივის გაგრძელება, მეც ვნახე ფილმი და, ყოვლად მიუღებელია. რატომ? იმიტომ, რომ იქ ცალსახად დაფიქსირდა ფაქტი რუსული შეიარაღებული ძალების ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრისა და ამაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს, მაგრამ ამასთან ერთად გაცხადდა ის, რაც არაერთგზის გვითქვამს, რომ ამ კონფლიქტის და ამ ოკუპაციის, პირდაპირი ოკუპაციის, რომელზეც გვითქვამს, რომ წლების განმავლობაში მზადდებოდა რუსული აგრესიული პოლიტიკის შედეგად, თავიდან აცილება გონიერი პოლიტიკით იყო შესაძლებელი, რაც არ მოხდა"
უავტორო ფილმზე პასუხისმგებლობა მოგვიანებით ტელეკომპანია "იმედის" გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ლალიაშვილმა აიღო და განაცხადა, რომ ფილმის პროდიუსერი თავადაა და მისი ხელმზღვანელობის ქვეშ მომზადდა.