Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიკვდილით მოვაჭრე თავისუფალია. ვინ არის ვიქტორ ბუტი?


ვიქტორ ბუტი ბანკოკის სასამართლოში, 2009 წელი.
ვიქტორ ბუტი ბანკოკის სასამართლოში, 2009 წელი.

ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის პატიმრების გაცვლის შესახებ მიღწეული შეთანხმების თანახმად, 8 დეკემბერს რუსეთმა საპატიმროდან გაათავისუფლა ამერიკელი კალათბურთელი, ბრიტნი გრაინერი, რის სანაცვლოდაც, ციხიდან გაუშვეს აშშ-ში გასამართლებული რუსი იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტი.

„ამერიკელი კალათბურთელი ქალი თავის სამშობლოში დაბრუნდა, ხოლო მკვლელი დაბრუნდა მკვლელების კომპანიაში“, - დაწერა თავის ფეისბუკში ცნობილმა მწერალ-სატირიკოსმა ვიქტორ შენდეროვიჩმა.

ვიქტორ ბუტი, რომელსაც მისი მასშტაბური დანაშაულებრივი საქმიანობის გამო „სიკვდილით მოვაჭრე“ და „იარაღით ვაჭრობის მაკდონალდსი“ უწოდეს, არა მხოლოდ მრავალი ქვეყნის კრიმინალისტების აღფრთოვანებას იწვევდა, არამედ, როგორც ამბობენ, მისი ისტორია საფუძვლად დაედო ჰოლივუდის ცნობილ ფილმს „იარაღის მეფეს“.

დუშანბედან რუანდამდე

დაზუსტებით არავინ იცის, მაგრამ ითვლება, რომ ვიქტორ ბუტი 1967 წელს დუშანბეში დაიბადა, მაშინდელი ტაჯიკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქში. მამის შესახებ ცნობები ძალიან მწირია. მისი დედა, რაისა, კი შვილს დასაცავად უკანასკნელად 2021 წელს გამოესარჩლა, როდესაც ღია წერილი გაუგზავნა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

მედიის თანახმად, ვიქტორ ბუტი უცხო ენების საშუალო სპეციალიზებულ სკოლაში სწავლობდა. 1980-იან წლებში კი სწავლა განაგრძო და დაამთავრა მოსკოვის უცხო ენების საბჭოთა სამხედრო ინსტიტუტი, რომელიც ძირითადად სამხედრო ოფიცრებს, დიპლომატებს და ასევე ჯაშუშებს ამზადებდა.

უმაღლესში ბუტი ეუფლებოდა პორტუგალიურ ენას, თუმცა სხვა ცნობებში ნათქვამია, რომ იგი არის პოლიგლოტი და რამდენიმე ენაზე ლაპარაკობს. მსახურობდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში.

ვიქტორ ბუტი ბანკოკის სასამართლოში, აშშ-ის ექსტრადიციამდე ცოტა ხნით ადრე, 2010 წელს.
ვიქტორ ბუტი ბანკოკის სასამართლოში, აშშ-ის ექსტრადიციამდე ცოტა ხნით ადრე, 2010 წელს.

გაეროს ანგარიშის თანახმად, უმცროსი ლეიტენანტის წოდების მიღების შემდეგ, ვიქტორ ბუტი 1990-იან წლებში სამხედრო სამსახურს გადიოდა გაეროს სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ანგოლაში, მოქმედი სამხედრო-საჰაერო ძალების ან საარმიო ავიაციის ქვედანაყოფებში. ვიქტორ ბუტი ასევე მსახურობდა ანგოლაში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში, სადაც თარჯიმნის მოვალეობას ასრულებდა. მაგრამ ანგარიშში არ არის მითითებული, მუშაობდა თუ არა ბუტი რუსეთის სპეცსამსახურებზე.

„ანტონოვის“ ინვესტიციები

1900-იან წლებში ბუტი კერძო ბიზნესს იწყებს და ქმნის ავიაკომპანიას, რომელიც საბჭოთა „ანტონოვის“ კლასის სატვირთო და სამგზავრო თვითმფრინავებით კონფლიქტის ზონებში ადამიანებისა და ტვირთების შორ მანძილებზე გადაყვანას უზრუნველყოფდა. გაეროს ანგარიშების თანახმად, ბუტს ეკუთვნოდა „ანტონოვის“ თვითმფრინავების მსოფლიოში ყველაზე მსხვილი პარკი, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფებოდა.

„მე ინვესტორი არასოდეს მყოლია. ჩემთვის არასოდეს არ იყო რთული ფულის შოვნა“, - აღნიშნავდა ვიქტორ ბუტი 2003 წელს The New York Times-თან ინტერვიუში.

2007 წელს გამოცემული წიგნის „სიკვდილით მოვაჭრე“ თანახმად, ვიქტორ ბუტი საბჭოთა კავშირის აეროდრომებზე დარჩენილი სამხედრო თვითმფრინავების შესყიდვის ბიზნესს ეწეოდა.

დასავლეთის დაზვერვის ექსპერტები და რეპორტიორები, რომლებიც ბუტის კარიერას სწავლობდნენ, ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ „ანტონოვის“ თვითმფრინავებზე წვდომა არის სწორედ ის წონიანი მტკიცებულება, რომელიც რუსეთის ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებსა და რუსულ სპეცსამსახურებთან ბუტის კავშირებს ადასტურებს. თავად ვიქტორ ბუტი უარყოფდა თავის კავშირებს საბჭოთა კაგებესა და მის ძირითად მემკვიდრე - რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან.

რაც შეეხება ბუტის ბიზნესს, ის მრავალგვარი იყო: ზოგჯერ ის დაკავებული იყო ჰუმანიტარული საქმიანობით, როგორიც იყო სამშვიდობო კონტინგენტების ტრანსპორტირება, ზოგჯერ კი კომერციულით: მის კომპანიას გადაჰქონდა IKEA-ს ავეჯი, სამხრეთაფრიკული გლადიოლუსები, ფანქრები და გაყინული ქათმები.

პარალელურად, ბუტმა სახელი გაითქვა კონფლიქტის ზონაში იარაღისა და აღჭურვილობის ჩატანით, რაც ზოგჯერ საერთაშორისო სამართლისა და ემბარგოს დარღვევით ხდებოდა.

მაგრამ მის მიერ შეძენილმა გამოცდილებამ, მის კუთვნილებაში არსებულმა თვითმფრინავების პარკმა და მზადყოფნამ, ნებისმიერ დროს ჩაეტანა ტვირთები ისეთ კონფლიქტურ ქვეყნებში, როგორიცაა ანგოლა, ლიბერია, რუანდა, ავღანეთი და კოლუმბია, ბუტი როგორც კანონიერი, ისე უკანონო ტვირთების სასურველ მიმწოდებლად აქცია.

სხვადასხვა დროს ბუტის კლიენტებს შორის იყვნენ გაერო, აშშ, რუსეთი და სხვა ქვეყნები.

არსებობს ცნობები, რომ 1990-იან წლებში ვიქტორ ბუტი თალიბანთან ბრძოლაში იარაღით ამარაგებდა ავღანელი მეამბოხეების ცნობილ ლიდერს, ახმად შახ მასუდსა და ჩრდილოეთის ალიანსს. ასევე მას გადაჰყავდა გაეროს მშვიდობისდამცველები სომალისა და აღმოსავლეთ ტიმორში. ხოლო აშშ-ის 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტების დროს აშშ-ის მთავრობამ ბუტის კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა ერაყისთვის საჰაერო გზით მასალების მიწოდებაზე.

„ძალიან ცოტა თუ იყო ისეთი ადამიანი, ვისაც შეეძლო ისეთი ტვირთების ჩატანა, რაც შეეძლო ბუტს, განსაკუთრებით აფრიკის კონტინენტზე, და ასევე ავღანეთში, სადაც არ არის არც გზები, არც რკინიგზა და არც გადაადგილების სხვა საშუალება არსებობს“, - განაცხადა 2010 წელს რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურთან ინტერვიუში დუგლას ფარახმა, ერთ-ერთმა თანაავტორმა წიგნისა „სიკვდილით მოვაჭრე“.

„სანქციების მთავარი დამრღვევი“

ვიქტორ ბუტის მიმართ სამართალდამცველთა მომეტებული ყურადღება განაპირობა მისმა საქმიანობამ ლიბერიაში, სადაც ის მჭიდროდ დაუკავშირდა მხედართმთავარსა და პოლიტიკოსს, ჩარლზ ტეილორს, რომელსაც მეზობელ სიერა-ლეონეში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს, მეამბოხეების შეიარაღებასა და მხარდაჭერაში ედება ბრალი.

ტეილორთან კავშირის გამო ბუტის საქმიანობა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა.

ბელგიამ, სადაც ვიქტორ ბუტი ცხოვრობდა, 2002 წელს მისი დაპატიმრების ორდერი გასცა. მაგრამ ბუტი გაიქცა რუსეთში, რომელმაც უარი თქვა ინტერპოლის ორდერის შესრულებაზე. 2004 წელს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა ბუტს და გაყინა მისი აქტივების ნაწილი.

„ვიქტორ ბუტი მართლაც არის სანქციების მთავარი დამრღვევი და სიკვდილით მოვაჭრე, რომელიც მის მფლობელობაში არსებული ავიაკომპანიით იარაღსა და სხვა მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებებს აწვდიდა მეამბოხეებს ანგოლასა და სიერა-ლეონეში და გაჰქონდა ალმასები, რომელსაც იგი იარაღის მიწოდების საფასურად იღებდა“, - განაცხადა 2000 წელს გამართულ საპარლამენტო მოსმენაზე ბრიტანელმა პოლიტიკოსმა და თანამეგობრობის საგარეო ოფისის სახელმწიფო მინისტრმა პიტერ ჰაინმა.

„სიკვდილით მოვაჭრის“ და „სანქციების დამრღვევის“ გარდა, ექსპერტების წრეში, ვიქტორ ბუტი ცნობილია კიდევ ერთი მეტსახელით - „იარაღით ვაჭრობის მაკდონალდსი“, რაც ნიშნავს, რომ იარაღით ვაჭრობის სფეროში ბუტი გავრცელებულ „სავაჭრო ნიშნად“ ითვლებოდა.

ბუტის პოპულარობა საყოველთაო აღტაცების საგნადაც იქცა. ამბობენ, რომ 2005 წელს გადაღებული ჰოლივუდის ფილმი „იარაღის მეფე“, რომელიც იარაღის საერთაშორისო ვაჭარზე გვიამბობს, სწორედ ვიქტორ ბუტის თავგადასავალს დაეფუძნა.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, 2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის მარტამდე, ვიქტორ ბუტმა სამხრეთ ამერიკაში ჩაიტანა მილიონობით დოლარის იარაღი, რომელიც აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობილი კოლუმბიის რევოლუციური ძალების, FARC-ისათვის იყო განკუთვნილი.

იარაღით ცნობილი მოვაჭრე ვიქტორ ბუტი პოლიციამ ტაილანდში 2008 წელს დააპატიმრა და, აშშ-ის თხოვნით, მისი ექსტრადიცია მოახდინა. 2011 წლის ნოემბერში კი ნიუ-იორკის სასამართლომ ვიქტორ ბუტი დამნაშავედ ცნო და 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ტერორისტული ორგანიზაციებისათვის იარაღის მიყიდვის მცდელობის გამო.

ვიქტორ ბუტი მთელი ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

2017 წელს ციხეში ყოფნის დროს მიცემულ იშვიათ ინტერვიუში, რომელმაც აღაშფოთა აშშ-ის ციხის წარმომადგენლები, ბუტმა კვლავ განაცხადა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია.

„დანაშაული არ ყოფილა! აქ ლაპარაკია გონებაში მომხდარ დანაშაულზე! ეს რაღაც სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმია - თქვენ გასამართლებენ რომელიღაც სამომავლო სამართალდარღვევისთვის. სასამართლოზე მე ძირითადად ბრალს მდებდნენ იმაში, რაც ჩემს გონებაშია. მათ სასამართლო სხდომაზე ჰყავდათ ფიქტიური აგენტი! მათ შეუძლიათ ყველაფრის ფაბრიკაცია, რაც მოესურვებათ. თქვენ კი არაფერი შეგიძლიათ - ამ თამაშში თქვენ ვერ გაიმარჯვებთ, რადგან ის მათი პირობებით ტარდება. და ეს თამაში უპატიოსნოა“, - უთხრა ვიქტორ ბუტმა პროპაგანდისტურ ინგლისურენოვან ტელეარც Russia Today-ს.

რუსეთის ხელისუფლება სრულიად იზიარებდა ვიქტორ ბუტის ამ შეფასებებს.

და მას შემდეგ, რაც ბუტს სასჯელი შეუფარდეს, რუსეთის ხელისუფლება სხვადასხვა სიხშირითა და სხვადასხვა ტრიბუნიდან ლაპარაკობდა მისი შესაძლო გაცვლის შესახებ აშშ-ის იმ მოქალაქეებში, რომლებიც რუსეთის ციხეებში იხდიდნენ სასჯელს.

და ეს მოხდა 8 დეკემბერს. რუსეთმა საპატიმროდან გაათავისუფლა ამერიკელი კალათბურთელი, ბრიტნი გრეინერი, რის სანაცვლოდაც, ციხიდან გაუშვეს აშშ-ში გასამართლებული რუსი იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტი.

მანამდე ორ ქვეყანას შორის კიდევ ერთი გაცვლა მოხდა.

2022 წლის აპრილის ბოლოს რუსეთმა კოკაინის გადაზიდვის მომზადებისთვის აშშ-ში გასამართლებული მფრინავი კონსტანტინ იაროშენკო გაცვალა აშშ-ის ყოფილ საზღვაო ქვეით ტრევორ რიდზე, რომელიც მოსკოვში პოლიციელზე თავდასხმისთვის არის გასამართლებული.

9 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პატიმრების შემდგომი გაცვლა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის კვლავ შესაძლებელია და რომ ორი ქვეყნის დაზვერვის სამსახურებს შორის კონტაქტები გაგრძელდება.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG