დამწვარი და ნახევრად დანგრეული სახლები, დაცხრილული კედლები და უიმედო ადამიანები - რამდენიმე სიტყვით ასე შეიძლება დახასიათდეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ზარდიაანთკარი. ომის შემდეგ აქ პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა, ადგილობრივი მოსახლეობა კი ხელისუფლების დახმარებას ათი წელია უშედეგოდ ითხოვს. ეს ყველაფერი დღეს საკუთარი თვალით ნახა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, რომელიც საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს ესტუმრა.
ზარდიაანთკარელების მთავარი პრობლემა დაზიანებული სახლებია. ტარიელ თაზიაშვილი ამბობს, რომ მაროდიორებმა სახლებიდან დენის ჩამრთველებიც კი მოხსნეს, სახლებს არც კარები აქვს და არც ფანჯრები.
ზარდიაანთკარელები დღეს ათი წლის წინანდელ ამბებსაც იხსენებდნენ. სოფელი ჯერ დაბომბეს, შემდეგ კი იქ მაროდიორები და რუსეთის არმიის წარმომადგენლები შევიდნენ, რომლებიც სახლებს ძარცვავდნენ და წვავდნენ. ზოია გაბლიშვილის სახლსაც ცეხლი წაუკიდეს. მას მერე ოჯახს ჰპირდებიან, რომ დაეხმარებიან, მაგრამ გაბლიშვილები ამ დაპირებითაც დაიღალნენ.
ომამდე სოფელში 40 კომლამდე ცხოვრობდა, ახლა 25 ოჯახიღა შემორჩა. გორის სოფლებიდან ოკუპაცია ზარდიაანთკარში ყველაზე მეტხანს გაგრძელდა. ოჯახების დიდი ნაწილი გორში ერთ-ერთ საბავშვო ბაღში გაიხიზნა. აქ ოკუპაცია 2012 წელს დასრულდა.ოჯახების ნაწილი სოფელს დაუბრუნდა და ნახევრად დანგრეულ სახლებში გააგრძელა ცხოვრება, ნაწილი კი საცხოვრებელი პირობების არარსებობის გამო ისევ საბავშვო ბაღში უსტატუსო დევნილადცხოვრობს.სახელმწიფო მათ იძულებით გადაადგილებულ პირებად არ აღიარებს, რადგან ამჟამად სოფელს საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს, კომპენსაცია კი იმ სახლების მფლობელებმა მიიღეს, ვისაც ქონება სრულად გაუნადგურდათ. ნახევრად დამწვარი და დაზიანებული სახლების მფლობელებს ფინანსური დახმარება არ მიუღიათ.
ზარდიაანთკარელების ნაწილი სახლების აღსადგენად კომპენსაციას ითხოვს, ნაწილი კი სამშენებლო მასალას. ციცინო ელიკაშვილის სახლი ნახევრად დანგრეულია და იქ ცხოვრება საშიშია.
სახალხო დამცველმა საკუთარი თვალით ნახა განადგურებული სახლები. ნინო ლომჯარიას თქმით,არაერთი წელია ამ პრობლემაზე საუბარი მიდის, მაგრამ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულებს პრობლემები არ ეხსნებათ.
სოფელ ბერშუეთში სახალხო დამცველი ასევე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათგან მოისმინა, რა პრობლემებიაწუხებთ: სასმელი წყალი, დანგრეული გზა, საბავშვო ბაღის არარსებობა. ნინო ლომჯარია იმ ადამიანებსაც შეხვდა, ვინც ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევის გამო ცხინვალის იზოლატორში იმყოფებოდა. თამაზ აბდულაევი რამდენიმე წლის წინ სოფელ კირბალის ტყესთან დააკავეს, ცხინვალში მან ჯარიმის გადახდა ვერ შეძლო, ამის გამო ის ცხინვალიდან პრაქტიკულად შიშველი გამოუშვეს.
სახალხო დამცველის აზრით, არაადამიანური მოპყრობის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს რეაქცია უნდა იყოს მყისიერი. ლომჯარიამ სოფლებში არსებული პრობლემები კიდევ ერთხელ ჩაინიშნა, რაც სახალხო დამცველის ანგარიშში კვლავ პოვებს ასახვას.