რუსული პროპაგანდის გავრცელებას სახელმწიფო უფრო ქმედითად უნდა დაუპირისპირდეს და ამისთვის საჭიროა საკანონმდებლო ხვრელების ამოვსება, - გვითხრა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ. მან პროდასავლურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების პროცესში ჩართვა შესთავაზა და იმედი გამოთქვა, რომ საკანონმდებლო ინიციატივას მხარს საპარლამენტო უმრავლესობაც დაუჭერს.
რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ
ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა, რომელმაც რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი აამოქმედა, იყო მოლდოვა, სადაც მიმდინარე წლის თებერვალში მოლდოვურ არხებს რუსული საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამების ჩვენება აეკრძალათ;
2015 წლის აპრილში ლიტვის კომუნიკაციების მარეგულირებელი კომპანიის მიერ „რტრ პლანეტას“ დაბლოკვის ფაქტი, რაც უნიკალური გამოდგა იმ თვალსაზრისით, რომ არხის დაბლოკვა ისტორიაში პირველად ევროკავშირის აუდიოვიზუალური დირექტივის თანახმად განხორციელდა;
2014 წელს, ომის პროპაგანდის მიზეზით, უკრაინამ 14 რუსული ტელეარხი დაბლოკა;
რუსული არხების მაუწყებლობა 2008 წლის ომის შემდეგ რამდენიმე წლით შეჩერებული იყო საქართველოშიც.
„დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით, შესაძლოა საჯარო ინსტიტუციამ - მაგალითად, სიპმა ან აიპმა - რეკლამის სახით რაღაც განათავსოს პრორუსულ გამოცემაში და ბიუჯეტის გადამხდელების ფულით დააფინანსოს იგი. რაც მთავარია, ამის შესახებ თითქმის ვერავინ გაიგებს, იმიტომ რომ მათ არ აქვთ შეტყობინების ვალდებულება, გაასაჯაროონ ასეთი ტიპის ინფორმაცია. ანუ ასეთი ტიპის ჩავარდნები მრავლად არის და ამის ამოვსება უნდა მოხდეს საკანონმდებლო ინსტრუმენტებით“, - აღნიშნავს სერგი კაპანაძე და აქვე არ გამორიცხავს, რომ, მთელ რიგ კანონებში შესწორებების შეტანის გარდა, დღის წესრიგში დადგეს ასევე საპარლამენტო რეზოლუციის მიღების საკითხიც.
რუსული პროპაგანდისა და რბილი ძალის გააქტიურება, მისი შეფასებით, ბოლო რამდენიმე კვირაა, განსაკუთრებით თვალშისაცემია, პროცესის ერთგვარი კულმინაცია კი იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართულ მედიაბაზარზე შესაძლოა რუსული სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ მედიაჰოლდინგმა დაიწყოს მაუწყებლობა. შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, ინიციატივის ავტორთა შეფასებით, კანონმდებლობის გამკაცრებას უნდა ითვალისწინებდეს ორი ისეთი ძირითადი მიმართულებით, როგორიცაა რუსული პროპაგანდის გამავრცელებელი მედიასაშუალებებისათვის დაფინანსების შეზღუდვა და რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურისთვის საქართველოში მედიასაშუალების დაფინანსებისა და პირდაპირი მაუწყებლობის შესაძლებლობის გართულება-შეზღუდვა.
შესაბამისად, იმ კანონთა შორის,რომლებიც რუსული პროპაგანდისა და რბილი ძალის შესაჩერებლად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას პოტენციურად დაექვემდებარებიან, არის მაუწყებლობის შესახებ კანონი და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონი. შესწორებების პოტენციურ ობიექტად „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მედიაპროგრამის მენეჯერის, მამუკა ანდღულაძის, შეფასებით, შესაძლოა ასევე განიხილებოდეს „ოკუპაციის შესახებ კანონი“ იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ქვეყნის ოკუპანტი ჰიბრიდულ ომს ეწევა და მედიას ინსტრუმენტად იყენებს.
პროცედურულად კომიტეტში შევიდა და პრინციპების დონეზე მოწონებულია, მაგრამ საკანონმდებლო ინიციატივად არ დარეგისტრირებულა...მამუკა ანდღულაძე
რუსეთის მიერ საქართველოს განვითარების დასავლური კურსის შეცვლისა და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე გავლენის მოხდენის პირდაპირი და ირიბი მეთოდების ნეიტრალიზების მიზნით, 2016 წელს საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომაც“ მიმართა. კანონპროექტის ძირითადი მოთხოვნა იყო აიკრძალოს წინასაარჩევნო აგიტაცია, მათ შორის რეკლამის გადაცემა, რეკლამისა, რომელიც შეიცავს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და კონსტიტუციური წყობის, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დარღვევის ან ოკუპაციის ლეგიტიმაციის საფრთხეს. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი, მისი ავტორების აზრით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად, იგი პარლამენტში დღესაც თაროზეა შემოდებული.
„პროცედურულად კომიტეტში შევიდა და პრინციპების დონეზე მოწონებულია, მაგრამ საკანონმდებლო ინიციატივად არ დარეგისტრირებულა“, - გვითხრა მამუკა ანდღულაძემ, რომლის თანახმადაც, საქართველოში რუსული პროპაგანდის გავრცელების წინააღმდეგ საკანონმდებლო რეგულაციების შემოღების მოთხოვნის პარალელურად იხსნება, ასევე, საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიაც და სხვადასხვა ორგანიზაციებში ამ თემებზე უკვე აქტიურად მსჯელობენ - მსჯელობენ, მათ შორის, მეგობარი ქვეყნებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.
ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა, რომელმაც რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი აამოქმედა, იყო მოლდოვა, სადაც მიმდინარე წლის თებერვალში მოლდოვურ არხებს რუსული საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამების ჩვენება აეკრძალათ; განსაკუთრებით საყურადღებო იყო 2015 წლის აპრილში ლიტვის კომუნიკაციების მარეგულირებელი კომპანიის მიერ „რტრ პლანეტას“ დაბლოკვის ფაქტი, რაც უნიკალური გამოდგა იმ თვალსაზრისით, რომ არხის დაბლოკვა ისტორიაში პირველად ევროკავშირის აუდიოვიზუალური დირექტივის თანახმად განხორციელდა; 2014 წელს, ომის პროპაგანდის მიზეზით, უკრაინამ 14 რუსული ტელეარხი დაბლოკა; რუსული არხების მაუწყებლობა 2008 წლის ომის შემდეგ რამდენიმე წლით შეჩერებული იყო საქართველოშიც.
რუსულ პროპაგანდასთან დაპირისპირების ინსტრუმენტებზე მუშაობის აუცილებლობა აქტუალობას არ კარგავს, თუმცა იქნება თუ არა ეს ინსტრუმენტი საკანონმდებლო რეგულაცია, უახლოეს მომავალში გამოჩნდება. რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგო საკანონმდებლო პაკეტის პარლამენტში ინიცირება საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე იგეგმება.