დღეს, დილის 07:00 საათიდან დღის 12:00 საათამდე, რეგიონებში განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო. ქალაქების ცენტრალურ ქუჩებზე ავტომობილების საცობები, სასურსათო და ხორცპროდუქტების მაღაზიებთან კი, ასევე აფთიაქებთან, გრძელი რიგები იდგა. ზოგ შემთხვევაში მოქალაქეებს რიგში დგომა ერთ საათს მოუწიათ. ქუჩაში ის ხალხიც კი გამოვიდა, ვინც მოწოდებას „დარჩი სახლში“ დიდხანს ითვალისწინებდა.
დღის 12:00 საათიდან მთავრობის მიერ დაწესებული ახალი გამკაცრებული ზომები შევიდა ძალაში. ახალი გადაწყვეტილებით, მთელი საქართველოს მასშტაბით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება 21 აპრილის ჩათვლით სრულიად აიკრძალა.
ადამიანები ცდილობდნენ 12:00 საათამდე მოესწროთ საჭირო პროდუქტების შეძენა. ჩვენ მიერ გამოკითხული მოქალაქეების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ დისკომფორტს შეძლებისდაგვარად უმკლავდებიან, თუმცა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს შეზღუდვა ზედმეტია.
„დღეს ქუჩებში დიდ თავყრილობებს ვხედავ. ძალიან კარგია, რომ ავტომობილით გადაადგილება აიკრძალა! აქ პატარა რაიონია, ყველაფერი ახლოს არის და ხალხმა ფეხით იაროს, არაფერი გვიჭირს. მე ვფიქრობ, რომ ზომების კიდევ უფრო გამკაცრებაც შეიძლება“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, რომელიც ლაგოდეხში, სასურსათო მაღაზიასთან, რიგში იდგა.
საქართველოში დღეს ამოქმედებული პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ ხელმოწერილი დადგენილება, რომელიც კორონავირუსის მასობრივად გავრცელების შესაჩერებლად ახალ აკრძალვებსა და წესებს მოიცავს, ყველა ადამიანს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარებას ავალდებულებს, მათ შორის, თუკი მოქალაქე შედის აფთიაქსა ან სასურსათო მაღაზიაში.
დღეს კახეთში სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებთან მისული ადამიანების დიდი ნაწილი პირბადით იყო, მაგრამ იყვნენ ისეთები, ვინც მაღაზიაში უპირბადოდ შედიოდა. ერთ-ერთი რესპონდენტი გვეუბნება, რომ საპოლიციო რესურსი არასაკმარისია. შესაბამისად, დარღვევების დიდ ნაწილზე რეაგირება ვერ ხდება:
„დღეს წასული ვიყავი სოფელ კაბალის ბაზარში და რაც მე იქ ვნახე, ეს იყო სრული ქაოსი. მე პოლიციელსაც შევთავაზე, რომ მდგომარეობის დარეგულირებაში დავეხმარებოდი. დაწესებული აკრძალვები ყველამ უნდა გავითვალისწინოთ და პოლიციელებს საქმე შევუმსუბუქოთ, თუმცა, როგორც ვუყურებ, პირიქით ხდება“.
ზოგადად, სააღდგომო დღესასწაულების დროს რეგიონებში ყოველ წელს განსაკუთრებული ხალხმრავლობაა, რადგან თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში სამუშაოდ და საცხოვრებლად წასული ადამიანები მშობლიურ დასახლებებში ბრუნდებიან, სადღესასწაულო სუფრებს ამზადებენ და საფლავებზე გადიან.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, თბილისისა და კიდევ რამდენიმე დიდი ქალაქის ჩაკეტვის გამო, რეგიონებში ადამიანები წელს უფრო ადრე დაბრუნდნენ, თუმცა სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში, ირაკლი ქადაგიშვილი, გვეუბნება, რომ „დაწესებული აკრძალვების გამო, წელს სასაფლაოზე მისვლას ვერავინ შეძლებს, რადგან ეს აკრძალულია, კანონდამრღვევი მოაქალაქეებისთვის კი 3 000-ლარიანი ჯარიმაა დაწესებული“.
აღსანიშნავია, რომ კახეთის რეგიონი, სადაც, დაახლოებით, 300 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რჩება ე.წ. მწვანე ზონად. რეგიონში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ არის გამოვლენილი.