Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
საქართველო PACE-ში მუშაობას წყვეტს - რას ნიშნავს ეს?

საქართველო PACE-ში მუშაობას წყვეტს - რას ნიშნავს ეს?


საქართველო ევროსაბჭოს წევრი 1999 წლიდანაა
საქართველო ევროსაბჭოს წევრი 1999 წლიდანაა

"ქართული ოცნება" ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს. მოგიყვებით, რას ნიშნავს ეს.

29 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოსადმი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო.

ასამბლეამ იმსჯელა, შეეწყვიტა თუ არა უფლებამოსილება ქართული დელეგაციისთვის და მიუხედავად იმისა, რომ ამას მხარი არ დაუჭირა, უფლებამოსილებები შეუზღუდა სადავო პარლამენტის დელეგაციას, პირობები დაუწესა და გადაწყვიტა, რომ ამ საკითხს აპრილში ხელახლა მიჰბრუნებოდა.

პასუხად, ქართული დელეგაციის სახელით იუსტიციის და კულტურის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა გამოაცხადა, რომ ასამბლეაში მუშაობას თავად შეწყვეტენ.

ევროსაბჭო და საპარლამენტო ასამბლეა

ჯერ იმის განმარტებით დავიწყოთ, თუ რა არის ევროსაბჭო.

ევროსაბჭო, იგივე ევროპის საბჭო, საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 46 ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის არის საქართველოც.

ევროსაბჭო არ უნდა აგვერიოს ევროკავშირში - მათ საერთო დროშა აქვთ, მაგრამ ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორგანიზაციები არიან.

თავის მხრივ, ევროსაბჭოს არ აქვს პირდაპირი გავლენა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე.

თუმცა ევროსაბჭოსა და ევროკავშირს შორის მაინც ბევრია საერთო. ეს პირველ ყოვლისა ის ღირებულებებია, რომელთა გარშემოც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ორგანიზაციები დაარსდა - დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა.

საქართველო ევროსაბჭოს 1999 წელს შეუერთდა, როცა პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ზურაბ ჟვანიამ, წარმოთქვა ცნობილი სიტყვები: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“.

მაშინ ევროსაბჭოს წევრობას საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. დიდი ხნით ადრე, სანამ საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას, თავისუფალ ვაჭრობას, ასოცირების ხელშეკრულებას, ბოლოს კი წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებდა, ევროსაბჭოში გაწევრება იმის მტკიცებულება იყო, რომ საქართველო ნამდვილად ევროპის ნაწილი იყო.

PACE კი ევროსაბჭოს საპარლამენტო ფრთაა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თავს უყრის პარლამენტის წევრებს ორგანიზაციის ყველა ქვეყნიდან და წელიწადში ოთხჯერ იკრიბება. ის განიხილავს და იღებს რეზოლუციებსა და რეკომენდაციებს მთავრობებისადმი. გარდა ამისა, ასამბლეა თავის რომელიმე წევრს ამა თუ იმ ქვეყანაში მიავლენს მომხსენებლად გარკვეული საკითხის შესასწავლად, რის შემდეგაც მომხსენებელი კოლეგებს დეტალურ ანგარიშს წარუდგენს.

ამ დოკუმენტებს სამართლებრივი ძალა არ გააჩნია და ძირითადად, სიმბოლური ხასიათისაა.

საპარლამენტო ასამბლეის გარდა,

რამ გააბრაზა „ოცნება“?

27 იანვარს, PACE-ს 2025 წლის ზამთრის სესიაზე, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მოხსენება წარადგინა ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, იულიან ბულაიმ.

კრიტიკულ შეფასებაში ის საუბრობდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე, ამომრჩევლის მოსყიდვაზე, დაშინებასა და დევნაზე.

„ჩვენი დასკვნით, ამ საკითხებმა მნიშვნელოვნად დააზიანა საარჩევნო პროცესის სამართლიანობა და ნდობა მისი შედეგის მიმართ, ასევე ეჭვქვეშ დააყენა შედეგების ლეგიტიმაცია“, - თქვა იულიან ბულაიმ.

მონიტორინგის კომიტეტმა განიხილა მოთხოვნა, არჩევნებამდე და შემდგომ განვითარებული მოვლენების გამო არ ეცნოთ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება

29 იანვარს კი საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელა.

ხანგრძლივი დებატების შემდეგ, რომლის დროსაც არაერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა მწვავედ გააკრიტიკა „ქართული ოცნება“, ასამბლეამ შესაბამისი სულისკვეთების რეზოლუცია მიიღო, რომლის თანახმადაც:

  • მოუწოდებდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, აპრილამდე გაეთავისუფლებინა ყველა პოლიტიკური პატიმარი
  • მოუწოდებდა „ქართულ ოცნებას“, დაენიშნა ახალი საპარლამენტო არჩევნები
  • ამ პირობებით და „შეზღუდული უფლებებით“ ცნო „ქართული ოცნების” დელეგაციის უფლებამოსილება და გადაწყვიტა, ამ საკითხს აპრილში მიჰბრუნებოდა

ქართული დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა ან არცნობა PACE-ში 29 იანვრის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი იყო.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სულ 306 წევრი ჰყავს, აქედან საქართველოს ექვსი ერგება. წესით, ეს ადგილები პროპორციულად უნდა ნაწილდებოდეს საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობაზე, მაგრამ იმის გამო, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები დღემდე საკამათოა და ოპოზიციური პარტიები სადავო პარლამენტშიც არ შესულან, ამჯერად ექვსივე ადგილი „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა განაყოფმა გაინაწილეს.

ასამბლეის დანარჩენი წევრების დიდი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ასამბლეას ქართული დელეგაციის უფლებამოსილება არ უნდა ეცნო. იმავე აზრზე იყვნენ ქართული ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

მეორე მხრივ, „ქართული ოცნება“ მოითხოვდა, რომ ასამბლეას უპირობოდ ეცნო მათი დელეგაციის უფლებამოსილება.

საბოლოო ჯამში, ასამბლეამ, მონიტორინგის კომიტეტის რეკომენდაციით, შუალედური პოზიცია დაიკავა - ქართული დელეგაციის უფლებამოსილება ცნო, თუმცა შეზღუდვებით, დროებით და პირობებით.

რეზოლუციაში, რომელიც ასამბლეამ საქართველოს შესახებ მიიღო, ნათქვამია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები, მათ შორის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევა და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დარბევა, ეწინააღმდეგება ევროსაბჭოში საქართველოს წევრობის ვალდებულებებს.

„ამიტომ კომიტეტს სურს მკაფიო გარანტიები ხელისუფლებისგან, რომ ისინი ნამდვილად მზად არიან, შეცვალონ დემოკრატიული უკუსვლა და შეასრულონ წევრობის ვალდებულებები“, - წერია დოკუმენტში.

„დიალოგის შენარჩუნებისადმი ღიაობის ნიშნად“, ასამბლეამ გადაწყვიტა, 2025 წლის აპრილის სესიაზე საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების საკითხი ხელახლა განეხილა.

„ქართული ოცნების” დელეგაციისთვის ეს პირობები მიუღებელი აღმოჩნდა. თეა წულუკიანმა „კატეგორიულად მიუღებელი“ უწოდა დათქმას ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის თაობაზე და დასძინა, ჩვენი მხრიდან ამ დათქმის მიღება ამომრჩევლის და საზოგადოების უმრავლესობის ღალატი იქნებოდაო.

რა მოხდება ახლა?

შედეგად, „ქართული ოცნება“ აღარ დაელოდება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს აპრილში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - მათ თქვეს, რომ თავად წყვეტენ PACE-ში მუშაობას.

ამის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ არ აპირებს, ევროსაბჭო დატოვოს.

რამდენად შესაძლებელია ეს?

საქართველოს შემთხვევა ძალიან ჰგავს აზერბაიჯანისას. შარშან აზერბაიჯანის დელეგაციამაც, რომელიც საქართველოს მსგავსად ერთპარტიული იყო, თავად გამოაცხადა, რომ PACE-ში საქმიანობას წყვეტდა, სანამ ასამბლეა მხარს არ დაუჭერდა მათი უფლებამოსილების ცნობას.

ამის მიზეზად ასამბლეამ დაასახელა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა, ოპოზიციის და დამოუკიდებელი მედიის დევნა და ქმედებები, რომლებმაც ყარაბაღიდან სომხური მოსახლეობის განდევნა გამოიწვია.

გარდა ამისა, აზერბაიჯანმა სათანადოდ არ ითანამშრომლა ასამბლეასთან, მათ შორის, მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს არ მისცეს, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ პირებთან შეხვედრის უფლება და ორგანიზაციის მეთვალყურეები არ მიიწვიეს საპრეზიდენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად.

აზერბაიჯანი მაინც რჩება ევროსაბჭოს სრულფასოვან წევრად.

მსგავსი პრობლემები ჰქონდა წარსულში რუსეთსაც, რომელიც 1996-2022 წლებში იყო ევროსაბჭოს წევრი.

PACE-მ რუსეთის დელეგაციას ორჯერ შეუჩერა ხმის მიცემის უფლება - პირველად 2000-2001 წლებში, ჩეჩნეთის მეორე ომისას და მეორედ 2014 წელს, როცა რუსეთმა უკრაინაში დაიწყო ომი.

2019 წელს, მწვავე კრიტიკის მიუხედავად, რუსეთს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხმის მიცემის უფლება აღუდგინეს.

ამ ყველაფრის ფონზე, რუსეთი რჩებოდა ევროსაბჭოს წევრად, ვიდრე 2022 წლის 25 თებერვალს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე დღეს არ გარიცხავდნენ.

ამდენად, საქართველო რჩება ევროსაბჭოს სხვა სტრუქტურებში. ამათგან, ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოა. რიგ შემთხვევებში, ის უკანასკნელი იმედია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სამართალს ვერ პოულობენ ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში, განსაკუთრებით იქ, სადაც სასამართლო არ არის დამოუკიდებელი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG