Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო და საამიროები „ყოვლისმომცველ ეკონომიკურ პარტნიორობაზე“ შეთანხმდნენ


საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ეკონომიკურ პარტნიორობაზე შეთანხმება გააფორმეს
საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ეკონომიკურ პარტნიორობაზე შეთანხმება გააფორმეს

საქართველოს მთავრობამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან „ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება გააფორმა.

„საქართველოსთვის გაიხსნება 10-მილიონიანი სამომხმარებლო, მაღალ მსყიდველობისუნარიანი ბაზარი“, - აცხადებს ეკონომიკის სამინისტრო.

ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახალი ბაზრის გახსნა ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვას დაუყოვნებლივ მნიშვნელოვნად ვერ გაზრდის, თუმცა შეთანხმებას იწონებენ და გარკვეული პრობლემების გადაჭრის შემთხვევაში, ზრდის იმედსაც იტოვებენ.

მარტივად აგიხსნით:

  • რას ითვალისწინებს შეთანხმება;
  • როგორია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო დინამიკა;
  • რას ყიდის საქართველო საამიროებში და რას ყიდულობს მისგან.

რას მოიცავს შეთანხმება

„ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ“ (CEPA) შეთანხმება საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა სამშაბათს, 10 ოქტომბერს ქალაქ დუბაიში გააფორმეს.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და ემირატების საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდმა. დისტანციურად ესწრებოდნენ საქართველოსა და ემირატების პრემიერ-მინისტრები.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და ემირატების საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდმა. დისტანციურად ესწრებოდნენ საქართველოსა და ემირატების პრემიერ-მინისტრები.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოდან ემირატებში ექსპორტისას ტარიფის გარეშე შევა ქართული პროდუქციის 97.5%.

სამინისტროს ცნობითვე, შეთანხმების ამოქმედებისას მოიხსნება საიმპორტო ტარიფი შემდეგ პროდუქტებზე:

  • საქონლისა და ცხვრის ხორცი;
  • თაფლი;
  • თხილი;
  • მინერალური წყალი;
  • ხილ-ბოსტნეულის კონსერვები;
  • უალკოჰოლო სასმელები;
  • აზოტოვანი სასუქები;
  • ტექსტილის ნაწარმი.

„5-წლიანი გარდამავალი პერიოდის გასვლის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ქართული წარმოშობის პროდუქტი ისარგებლებს სატარიფო შეღავათით“, - აცხადებენ სამინისტროში.

„ჰერიტეჯის“ ფონდის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ თანახმად, ემირატები მსოფლიოში 24-ე ადგილზეა ყველაზე თავისუფალ ეკონომიკებს შორის. ახლო აღმოსავლეთი/ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში ის პირველ ადგილს იკავებს.

ამავე ინდექსში საქართველოს 35-ე ადგილი უკავია.

სავაჭრო ურთიერთობები

თუკი პანდემიის პერიოდში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 140 მლნ აშშ დოლარამდე იყო შემცირებული, 2022 წლისთვის თითქმის 2.5-ჯერ გაიზარდა და 314 მლნ-ს მიაღწია.

ბრუნვის მოცულობა ნომინალურად გაზრდილია ათწლიან პერსპექტივაშიც - $222 მლნ-დან $314 მლნ-მდე.

10 წლის განმავლობაში ყოველწიურად ბრუნვის მოცულობა საშუალოდ $215 მლნ იყო.

სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი დომინირებს და სავაჭრო სალდო მუდმივად უარყოფითია, - საქართველო მეტს ყიდულობს ემირატებისგან, ვიდრე იქ ყიდის.

და სავაჭრო ბრუნვაც სწორედ იმპორტის ზრდის ხარჯზეა გაზრდილი - საქართველომ 2022 წელს ორჯერ მეტი ღირებულების პროდუქცია იყიდა ემირატებისგან, ვიდრე 2021 წელს.

რითი ვაჭრობენ თბილისი-დუბაი?

საქართველო ემირატებში ძირითადად ავტომობილებს ყიდის - მსუბუქ ავტომობილებზე ემირატებში საქართველოს ექსპორტის 36% მოდის.

მსუბუქ ავტომობილებს მოსდევს ნაქსოვი ხალიჩები (7%), სპირტიანი სასმელები (6%) და ცხვრები და თხები (4.8%).

ღვინო მხოლოდ მე-10 ადგილს იკავებს - ექსპორტის საერთო ღირებულების მხოლოდ 1.8%-ით.

რა შეიძლება შეიცვალოს?

დავით ცირდავა, აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის ვიცე-პრეზიდენტი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ მარტივი არ არის ემირატების ბაზარზე კონკურენციაში შესვლა.

მისი თქმით, ამ მხრივ ქართულ პროდუქციას სამი პრობლემა აქვს:

  1. წარმოების ფასი - ქართული პროდუქციის ფასი გარკვეული ქვეყნების პროდუქციის ფასზე უფრო მაღალია;
  2. არასტაბილური მიწოდება - სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე, მაგალითად, მოცვზე, რაოდენობის პრობლემა გვაქვს. მათ სჭირდებათ სტაბილური ციკლები;
  3. ლოგისტიკა.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საამიროების ყველაზე მსხვილი საიმპორტო პარტნიორი ჩინეთია - 14.9%-ით.

ჩინეთისგან ქვეყანამ 2021 წელს 51 მლრდ აშშ დოლარის პროდუქცია იყიდა. ანუ 2475-ჯერ მეტი, ვიდრე საქართველოდან 2021 წელს.

საამიროების უმსხვილეს საიმპორტო პარტნიორებში ჩინეთს მოსდევენ ინდოეთი (6%), აშშ (4.8%), იაპონია (3.12%) და თურქეთი (2.75%).

„თუმცა, მას შემდეგ, რაც ეს შეთანხმება ამოქმედდა და ტექნიკური ბარიერები შემცირდა, რადიკალურად შეიძლება შეიცვალოს სურათი, გაფართოვდეს ექსპორტ-იმპორტის მასშტაბები. ამის პოტენციალი რეალურია“, - ამბობს დავით ცირდავა.

მისი თქმით, „უკვე შეღავათია, რომ ამ რთულ, მაღალკონკრეუნტულ გარემოში, ქართული პროდუქცია ტარიფის გარეშე, ნულოვანი დაბეგვრით შევა საამიროების ბაზარზე“.

დავით ცირდავა, აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველი ვიცე-პრეზიდენტი
დავით ცირდავა, აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველი ვიცე-პრეზიდენტი

ამასთან, ცირდავას თქმით, ეს აჩენს შესაძლებლობას, რომ ბიზნესის წარმომადგენლებმა პროდუქციის ხარისხზე მეტი იფიქრონ.

აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის ვიცე-პრეზიდენტი ასევე იმედოვნებს, რომ მსგავსი შეთანხმებები დაიდება სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC-ის) სხვა ქვეყნებთანაც. ამ გაერთიანებაში 6 ქვეყანაა:

  • არაბთა გაერთიანებული საამიროები,
  • საუდის არაბეთი,
  • ქუვეითი,
  • კატარი,
  • ომანი,
  • ბაჰრეინი.

„ეს გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიიღო არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა. ვიმედოვნებთ, რომ საუდის არაბეთის მიმართულებითაც იქნება მსგავსი ნაბიჯები“, - გვეუბნება იგი და დასძენს, რომ მისი ინფორმაციით, სახელმწიფო ამაზეც მუშაობს.

XS
SM
MD
LG