Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში სპორტის სასახლეების მშენებლობის საქმე  ლონდონის არბიტრაჟში მიდის


თელავში სპორტის სასახლის მშენებელ კანადურ კომპანიასთან სპორტის სამინსტრომ კონტრაქტი შეაჩერა. ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ სპორტის სასახლის ზოგიერთი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს. სპორტის სამინისტრო კი კომპანიას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას ედავება. თელავის მსგავსი პრობლემებია გორშიც. კანადური კომპანია კი ბრალდებებს არ იზიარებს და სამართლებრივი დავის დაწყებას ლონდონის არბიტრაჟში გეგმავს.

თელავში 2016 წელს დაწყებული სპორტის სასახლის მშენებლობა დასრულდა, თუმცა იბიექტი ჯერ არ ფუნქციონირებს, რადგან, როგორც ირკვევა, მშენებლობის პროცესში დაშვებულია შეცდომები და მშნებლობის დამკვეთი სპორტის სამინისტრო მას, როგორც დასრულებულ ობიექტს, არ იბარებს.

სამუშაოების 90% დასრულებულია, მაგრამ კონტრაქტორის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები ვერ შესრულდა. კერძოდ, მათ ვერ წარმოადგინეს შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა და პროექტის ნაწილი.
შალვა გოგოლაძე

თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი ამბობს, რომ „ახლადაშენებულ სპორტის სასახლეში გარკვეული დეტალები ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს“. აღსანიშნავია, რომ მშენებლობა ჯერ კიდევ 2017 წლის ბოლოს უნდა დასრლებულიყო. თელავის სპორტის სასახლეში იგეგმებოდა ხელბურთში ევროპისა და მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატების გამარვა, თუმცა პრობლემების გამო ჩემპიონატი ვეღარ ჩატარდა.

თელავში, გორსა და ბათუმში მულტიფუნქციურ სპორტის სასახლეებს კანადური კომპანია „ბეჰლენი“ აშენებდა, თუმცა საქართველოს მთავრობამ ამ კომპნიასთასთან კონტრაქტი შეაჩერა. როგორც განათლების, მეცნიერების, კუტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ, გვითხრა, კონტრაქტორის მხრიდან არ შესრულდა მის მიერ ნაკისრი ძირითადი ვალდებულება, სამინისტროს არ წარუდგინა პროექტი და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ამაჟამად თელავში სპორტის სასახლის სამუშაოების 90 პროცენტი დასრულებულია, დარჩენილის მშენებლობას კი სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს.

„სამუშაოების 90% დასრულებულია, მაგრამ კონტრაქტორის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები ვერ შესრულდა. კერძოდ, მათ ვერ წარმოადგინეს შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა და პროექტის ნაწილი. სახელმწიფომ მიზანშეწონილად ჩათვალა კონტრაქტი შეჩერებულიყო, ვინაიდან მხარის მიერ ვერ შესრულდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოთხოვნები. სამუშაოებს ახლო მომავალში განაახლებს თავად სახელმწიფო და ჩემი ვარაუდით, სპორტის სასახლე სექტემბერში შევა ექსპლოტაციაში“.

სამუშაოების დროულად შეუსრულებლობა გამოწვეული იყო თავად სამინისტროსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობით.
ნატალი ჩიკვილაძე

საქართველოში ახალი სპორტის სასახლეების მშნებელი კანადური კომპანია „ბეჰლენი“ სახელმწიფოს გადაწყვეტილებას მათთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ არ ეთანხმება. საქართველოში კომპანიის წარმომადგენელი ნატალი ჩიკვილაძე ამბობს, რომ ისინი მთავრობასთან ლონდონის არბიტრაჟში სამართლებრივ დავას იწყებენ. ნ. ჩიკვილაძის თქმითვე, კომპანია ცდილობდა სამინისტროს მიერ წამოყენებული პრეტენზიები მოლაპარაკებისა და მუშაობის შედეგად მოეგვარებინა, თუმცა სპორტის სამინისტროსგან ირიბად უარი მიიღეს.

„სამუშაოების დროულად შეუსრულებლობა გამოწვეული იყო თავად სამინისტროსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობით. კერძოდ, სამინისტრო ვალდებული იყო სამშენებლო ობიექტები უზრუნველეყო კომუნალური მომსახურებით - ელექტროენერგიით, გაზითა და წყლით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ნაცვლად ობიექტი ელექტროენერგით, გაზითა და წყლით უზრუნველყვეს 2018 წლის გაზაფხულზე, ათთვიანი დაგვიანებით. ამ და კიდევ სხვა გარემოებებიდან გამომდინარე კომპანია „ბეჰლენი“ ვერ ხედავს სხვა გამოსავალს, გარდა იმისა, რომ ხელშეკრულების შესაბამისად მიმართოს ლონდონის საერთაშორისო არბიტრაჟს, რათა აღიდგინოს თავისი ფინანსური დანაკარგი და რეპუტაცია“.

სპორტის სამინისტროში ამბობენ, რომ თელავის ანალოგიური პრობლემებია გორში, სადაც იგივე კომპანია სახელმწიფოს დაკვეთით მულტიფუნქციურ სპორტის სასახლეს აშენებდა. პროექტისთვის სახელმწიფომ 33 მილიონ დოლარზე მეტი გამოყო. კანადურ კომპანიას ამ თანხის დაახლეობით 60 პროცენტი აქვს მიღებული. როგორც სპორტის სამინისტროში ამბობენ, დარჩენილ თანხას უცხოური კომპანია ვეღარ მიიღებს და ამ ფულით სახელმწიფო სამუშაოებს მიმდინარე წლის სექტემბრამდე თავადვე დაასრულებს.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG