ამ დაუდასტურებელ ცნობებს ეყრდნობა დისკუსიები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, რუსეთისა და ბელარუსის ერთმანეთთან, ან საერთო კავშირში შესაძლო გაერთიანების არაერთ ვარიანტზე, რასაც საოკუპაციო რეჟიმებისა და ბელარუსის ლიდერების მოსკოვში ერთდროული სტუმრობაც ასაზრდოებს.
რუსეთისა და ბელარუსის მიერ შექმნილ "სამოკავშირეო სახელმწიფოში" გაწევრიანების მზადყოფნა აფხაზეთის ე.წ-მა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ჯერ კიდევ ზაფხულში გამოთქვა.
- რა აქვს ჩაფიქრებული რუსეთს და ჩანს თუ არა გაერთიანების წინაპირობები?
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტს დიდი ყურადღება არ დაეთმობოდა, რომ არა რამდენიმე გარემოების თანხვედრა: მაშინ, როცა რუსეთში პუტინის ხმაურიანი გადაწყვეტილებებისთვის ემზადებიან და ვარაუდობენ, რომ ეს გადაწყვეტილებები ბელარუსსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსაც შეეხება, მოსკოვში თითქმის ერთდროულად ჩადიან ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ასლან ბჟანია და ალან გაგლოევი.
ამ პროცესს ერთგვარ იდუმალებას ისიც ჰმატებს, რომ ბჟანია მოსკოვში 14 თებერვალს გაემგზავრა, ხოლო ე.წ. პრეზიდენტის გვერდზე ეს ამბავი დაგვიანებით - 16 თებერვალს გამოქვეყნდა. იუწყებიან, რომ ის მოსკოვში დაახლოებით 10 დღის განმავლობაში დარჩება. კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინთან შეხვედრა არ იგეგმება, მაგრამ ბჟანიას განრიგში შედის შეხვედრები რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
პარალელურად, რუსულენოვანი მედია წერს, რომ უკრაინასთან ომის წლისთავზე პუტინი ახალი, მასშტაბური პროცესის დაწყებას გამოაცხადებს; ხოლო, ტელეგრამარხების თანახმად, „სპრავედლივაია როსიას“ («Справедливая Россия») წევრი, დეპუტატი დმიტრი კუზნეცოვი ამბობს, რომ მალე გადაწყდება „რუსეთის და ბელარუსის გაერთიანების ისტორიული საკითხი".
შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებულმა საკითხმა საგანგებო შეშფოთება გამოიწვია აფხაზეთში; დე ფაქტო ხელისუფლებას განმარტებების გაკეთება უწევს.
„ასეთი საკითხები ასე არ წყდება, რომ პრეზიდენტი წავიდა [მოსკოვში] და ჩვენ უკვე რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ვართ... ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც ამ თემის განხილვის საშუალებასაც კი არ გვაძლევს. გარდა ამისა, ასეთი საკითხების წამოყენებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული. ეს უბრალოდ არარეალურია“, - უთხრა ადგილობრივ მედიას ოკუპირებული აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ. თუმცა დაადასტურა, რომ ექსპერტების დონეზე განიხილება „ახალი ევრაზიული კავშირის“ შექმნის იდეა:
„ექსპერტების შეფასების დონეზე განიხილება სხვადასხვა საკითხი სამომავლო სავარაუდო კონფიგურაციების შესახებ ევრაზიულ კავშირში, ევროკავშირის მსგავსად. ჩვენ ჯერ არც მიგვიღია ასეთი შეთავაზება. ეს მხოლოდ ვარაუდებია და ახლა ამაზე მსჯელობა ძნელია... ოფიციალური პირებისგან ჩვენ მხოლოდ ის მოვისმინეთ, რომ აფხაზეთის აღიარება არ გადაიხედება“.
- სამოკავშირეო სახელმწიფოში გაერთიანებისთვის მზადყოფნა აფხაზეთის ე.წ-მა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ჯერ კიდევ 2022 წლის აგვისტოში გამოთქვა. „სამოკავშირეო სახელმწიფოს იდეა აფხაზი ხალხისთვის ახლობელია“. „ის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება“, - თქვა დე ფაქტო პრეზიდენტმა, 24 აგვისტოს, კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემა „სოლოვიოვ LIVE“-ის ეთერში.
- 2022 წლის ოქტომბერში, როცა დე ფაქტო საგარეო მინისტრი, ინალ არძინბა სამოკავშირეო სახელმწიფოს სახელმწიფო მდივანს, დმიტრი მეზენცევს შეხვდა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრი იტყობინებოდა, რომ „აფხაზეთი ყურადღებით შეისწავლის სამოკავშირეო სახელმწიფოს გამოცდილებას“. „თანამედროვე პირობებში ქვეყნების უდიდესი უმრავლესობა მონაწილეობს სხვადასხვა საინტეგრაციო გაერთიანებაში“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
შერწყმას ბევრი გამორიცხავს, მაგრამ თუკი რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეყვანის მოლოდინი გამართლდება, კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი გვეუბნება, რომ „მაშინ ბელარუსს მათი [ე.წ. დამოუკიდებლობის] აღიარება მოუწევს და ამას ძალიან სწრაფად გააკეთებს“. თუმცა თავად მას ასეთი მოლოდინი არ აქვს და ერთ-ერთ არგუმენტად თბილისის მიმართ მოსკოვის დღევანდელი მიდგომების ხასიათს ასახელებს.
„ამ ეტაპზე ვერ ვხედავ პოლიტიკურ წინაპირობებს, რაც ასეთ გადაწყვეტილებებს ყოველთვის უსწრებს წინ... ეს პირდაპირ იქნებოდა საქართველოსთან დაპირისპირება, საქართველოზე დარტყმა. ამ დროს კი, საქართველოს მიმართ მოსკოვიდან წამოსული სიგნალები არის ძალიან პოზიტიური განწყობის... თავისთავად, პუტინისგან ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ რაღაც ლოგიკა ყოველთვის არსებობს და მე ამას არ მოველი. თანაც რუსეთმა იცის, რომ ცხინვალით და აფხაზეთით არ აღდგება საბჭოთა კავშირი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ზურაბ ბენდიანიშვილი.
ზურაბ ბენდიანიშვილი ფიქრობს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების ლიდერები მოსკოვში შესაძლოა იმიტომ დაიბარეს, რომ იქ ლუკაშენკა ჩადის და, სხვა საკითხებთან ერთად, სოხუმში მისი ვიზიტის შედეგებიც უნდა შეჯამდეს. კონფლიქტოლოგი ფიქრობს, რომ ლაპარაკი ისევ იქნება, მათ შორის - აფხაზეთში შერჩეული სადავო ქონების რუსეთისთვის გადაცემის პერსპექტივებსა და სხვა სარგებელზე, რაც მოსკოვმა ოკუპირებული რეჟიმებისგან შეიძლება მიიღოს. სარგებელს შორის ბენდიანიშვილი საგანგებოდ გამოყოფს ომში გასაგზავნი მეომრების მაქსიმალური რაოდენობის მოთხოვნას, რაც, მისი შეფასებით, გაზრდის პროტესტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
როცა ანალიტიკოსები სამოკავშირეო სახელმწიფოს გაფართოების იდეასა და განახლებული „საბჭოთა კავშირის“ შემადგენლობაში, მათ შორის - საქართველოს, სომხეთის, ყაზახეთისა და სხვა სახელმწიფოების შეყვანის განზრახვაზე ლაპარაკობენ, ამ პერსპექტივას რამდენიმე ფაქტორით ხსნიან და მათ შორის - წამყვანია ის, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთი ამ სრულმასშტაბიან ომში, მიზანს უკვე ერთი წელია ვერ აღწევს და ახლა იძულებულია, გაწბილებულ მოქალაქეებს რაღაც ახალი შესთავაზოს.
არგუმენტად სახელდება ასევე ის, რომ ცივილიზებული მსოფლიოსგან იზოლირებული რუსეთი სანთლით ეძებს მოკავშირეებს, მათ შორის - მეტი სამხედრო ჩართულობისთვის.
ახალი კავშირის შექმნის აუცილებლობაზე რუსეთში საზოგადოების ყველა ფენაში მსჯელობენ. ახლო წარსულში სწორედ ამ თემაზე მსჯელობდა რუსეთში კარგად ცნობილი პუბლიცისტი, ექიმი და პოლიტიკოსი იგორ გუნდაროვი, საზოგადოებრივი მოძრაობა „მოსკოვის მშობლების“ იუთუბგადაცემაში. გუნდაროვი ფიქრობს, რომ დრო არ ითმენს, რადგან რეგიონში აშშ აქტიურდება:
„თუკი არ შევეცდებით ხელახლა აღვადგინოთ ძმური ოჯახი, მაშინ დავკარგავთ [ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს]... ნახეთ ირგვლივ, ბალტიისპირეთი უკვე აღარ არის ჩვენი, კავკასიაში მწიფდება ცუდი განწყობები... ასევე, ახლახან, ტაჯიკეთში, ჩვენი აზიური რესპუბლიკებიც მონაწილეობდნენ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ ორგანიზებულ სწავლებაში... მონაწილეობდნენ: ტაჯიკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, მონღოლეთი, პაკისტანი. ამერიკელებმა იქ თავიანთი სამხედრო ტექნიკა ჩაიტანეს. ვის წინააღმდეგ არის ეს სწავლება? თურქეთი ცალკე აპირებს თავისი კავშირის შექმნას. გვინდა ახლა ეს ჩვენ?!“
იგორ გუნდაროვს, რომელიც „REGIONAL COOPERATION 22“-ზე ლაპარაკობს, არ უთქვამს, რომ ეს წვრთნები, აშშ-ის ეგიდით, 2004 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და მას მხოლოდ კოვიდის პანდემიამ შეუშალა ხელი. მისთვის საგანგაშო მოცემულობაა, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, „რუსეთი მეგობრების გარეშე დარჩა“, სასწრაფოდ ეს მეგობრები უნდა მოიძიოს და ერთ კავშირში გააერთიანოს, რადგან უწინ ყველა „ერთ ძმურ ოჯახში ცხოვრობდა“.
ყველამ იცის, რომ ახალი კავშირის შექმნის გადაწყვეტილებას, თუკი პუტინი ასეთ ნაბიჯს გადადგამს, საერთაშორისო სამართლისთვის ნულოვანი ფასი ექნება ისევე, როგორც მანამდე იყო საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების, უკრაინაში კი - ჯერ ყირიმის ანექსიისა და შემდეგ კიდევ რამდენიმე ოლქის მიერთების შემთხვევაში. მაგრამ, ანალიტიკოსების აზრით, რუსეთს ჯერ კიდევ შესწევს ძალა, რომ წინასწარვე მარცხისთვის განწირული გადაწყვეტილებებით დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და დაძაბულობის კერები შექმნას.