Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სასწრაფოს ფუნქციას ითავსებენ მაღალჩინოსნები, რომ პაციენტი სადმე დააწვინონ" - რატომ არის ფსიქიატრიული საწოლების დეფიციტი ქვეყანაში?


სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი
სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი

შუაღამე გადასული იყო, ანამ სოციალურ ქსელში რომ დაწერა: „ლუკა გართულდა... არცერთ კლინიკაში ადგილი არ არის. არც ერთში...

მთავრობავ, თბილ სავარძლებში მოკალათებულო ჩინოვნიკებო, ისედაც უმძიმეს პირობებში მყოფი მენტალური პრობლემის მქონე ადამიანების კლინიკებში რომ ადგილი არ არის და გადავსებულია, რაიმე ტიპის პასუხისმგებლობას გრძნობთ? ვინ მომცემს გარანტიას, რომ ჩემი სუიციდისტი შვილი უფრო არ დამძიმდება, რა ვუშველო?“

დილით ისევ დაწერა ანამ: „ამხელა ხმაურის ატეხვა დამჭირდა, ერთი პაწაწინა კუთხის გამოსანახად. რა ხდება უხმაურო ადამიანების ცხოვრებაში?“

ანამ მთელი ღამე ეძება თავისუფალი ადგილი ფსიქიატრიულ კლინიკებში, რომ შვილი, რომელსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ბოლო დღეების განმავლობაში მისი მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა, სტაციონარში დაეწვინა. მისი შვლისთვის კლინიკაში თავისუფალი ადგილის საპოვნელად კი დასჭირდა პირადი ნაცნობების, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების ჩართვა. და ეს იმიტომ არა, რომ რომელიმე კლინიკას ანას შვილის მიღება არ სურდა. უბრალოდ, იმ ღამეს ფსიქიატრიულ სტაციონარებში თავისუფალი ადგილი არ იყო.

ანას ბრძოლა ერთი საწოლისთვის

ლუკა 36 წლისაა. პროფესიით მხატვარი. უკვე ათი წელია პარანოიდული შიზოფრენიის დიაგნოზით ცხოვრობს. წელიწადში ერთხელ მისი მდგომარეობა რთულდება და ოჯახს ლუკას სტაციონარში გადაყვანა უწევს. ლუკას სუიციდისკენ მიდრეკილება აქვს. ორჯერ სცადა თვითმკვლელობა. მისი მდგომარეობის გართულება ნელ-ნელა იწყება, ჯერ ხმები ჩაესმის, შემდეგ კი იწყება შეუჩერებელი სიცილი.

ანა მიქაძემ, ლუკას დედამ, კარგად იცის, რომ როდესაც მის შვილს მსგავსი სიმპტომები ეწყება, ლუკას სახლის პირობებში გაკონტროლება შეუძლებელი ხდება და წინასწარვე იჭერენ თადარიგს, რომ ის სტაციონარში გადაიყვანონ. ასე მოხდა 31 იანვრის ღამესაც. ანა მიყვება, რომ ათი წლის განმავლობაში, ლუკას სტაციონარში მოთავსების პრობლემა არასდროს შეჰქმნიათ, თუმცა, 31 იანვრის ღამეს, მისი შვილისთვის ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა და განყოფილებებში ადგილი ვერ გამოინახა:

ანა მიქაძე
ანა მიქაძე

„ლუკა უცნაური პაციენტია. არ იღებს წამლებს, არ ცნობს ამ ავადმყოფობას, არ აღიარებს მას. ამბობს, რა მოხდა, ყველას აქვს ხასიათის ცვლილება და ეს ბუნებრივი მდგომარეობააო. სრულად აქვს შენარჩუნებული ინტელექტი, ამიტომ რთულია მასთან, როგორც პაციენტთან მუშაობა. შესაბამისად, იმის ფონზე, რომ ლუკა უარს ამბობს მედიკამენტებზე, წელიწადში ერთხელ, მისი მდგომარეობა მძიმდება და აუცილებელი ხდება კლინიკაში გადაყვანა. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ლუკას კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით პრობლემა შემექმნებოდა"- გვიყვება ანა.

"როდესაც მისი მდგომარეობა გართულდა და მივხვდით, რომ მის გაკონტროლებას ვეღარ მოვახერხებდით, დავრეკეთ კლინიკაში, ქავთარაძეზე, სადაც ის ათი წელია მკურნალობს. მის პირად ექიმს ველაპარაკეთ, რომელმაც მითხრა, რომ კლინიკაში ექვსი პაციენტი იატაკზე ჰყავდათ მოთავსებული და ლუკას ადგილი ფიზიკურად აღარ იყო. თავდაპირველად მეგონა, რომ მომესმა. ცოტა ხანში თავადვე დამირეკა და მითხრა, რომ გადაამოწმა სხვა კლინიკებიც და არსად არ იყო ერთი ადგილიც კი. ნახევარი საქართველოს ჩარევა მომიწია, რომ მისთვის ერთი ადგილი მაინც გამონახულიყო, სასულიერო პირებიდან დაწყებული, სამინისტროთი დამთავრებული. მე ხმაურიანი ადამიანი ვარ და შვილის გამო მთებს გადავდგამ, მაგრამ ვისაც ასეთი ანა მიქაძე არ ჰყავს, იმან რა უნდა ქნას, მთელი დღეა ეს კითხვა მაწუხებს“.

ანა ახლა იმაზეც კი მადლობელია, რომ მისი შვილი კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ და პოლიციამ წინა წლებისგან განსხვავებით, ზედმეტი ძალის გამოყენების გარეშე გადაიყვანა:

„ძალიან ძნელია იმის წარმოდგენა, რისი გავლა უწევს ოჯახს, როდესაც მათი საყვარელი ადამიანი ძალის გამოყენებით გადაჰყავთ კლინიკაში. მე ვცდილობ ხოლმე ამ პროცესს არ დავესწრო, რადგან შემდეგ ნანახი კადრებისგან გათავისუფლება მიჭირს. შარშან პოლიცია იძულებული გახდა, ლუკა იატაკზე დაეწვინათ, ხელბორკილები დაედოთ და ისე გადაეყვანათ კლინიკაში. ახლა, საბედნიეროდ, ასე არ მოხდა. ორი საათის განმავლობაში ისხდნენ პოლიციელები ჩვენთან, მშვიდად ისმენდნენ ლუკას ლაპარაკს და თან უხსნიდნენ, რომ თუკი ლუკა თავისი ნებით არ გაჰყვებოდა, მაშინ მათ მოუწევდათ ბორკილებისა და წიწაკის „სპრეის“ გამოყენება, რისი სურვილიც არ ჰქონდათ. საბოლოოდ, ყველაფერი შედარებით უმტკივნეულოდ დასრულდა“.

ანას უკვე მერამდენედ უწევს წერა და ხმამაღლა ლაპარაკი იმაზე, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს მხოლოდ მედიკამენტოზური მკურნალობა და ერთჯერადი ჩარევები არ შველის და ამისათვის ქვეყანაში სხვა, პრევენციული ღონისძიებებია გასატარებელი, რაც ფსიქიკური დიაგნოზის მქონე პაციენტებსა და მათ ახლობლებს დაეხმარებათ სტაციონარს გარეთ მართონ დაავადება. და რაც მთავარია, საზოგადოებამ ადრეულ ეტაპზევე ისწავლოს დაავადების ამოცნობა და მათი ოჯახის წევრების პრობლემების მოსმენა:

„ლუკა ძალიან გონიერი ბავშვი იყო. და იყო ძალიან მგრძნობიარეც. მისი დიაგნოზის დასმის შემდეგ, სულ ვიხსენებ, როგორი დამოკიდებულება და მიჯაჭვულობა ჰქონდა ჩემს მიმართ. უსულო ნივთებზეც კი კითხულობდა ხოლმე, ამას დედა ჰყავს, იმას დედა ჰყავს? სამწუხაროდ, ჩვენი ცხოვრების სტილი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შვილებთან იმაზე მეტი დრო გავატაროთ, ვიდრე ეს შეგვიძლია. არადა, მე რომ მცოდნოდა, სადამდე მივიდოდა ლუკას ეს ემოციური მდგომარეობა, როგორც აფრიკელი ქალები დაატარებენ თავიანთ შვილებს მუცელზე მიკრულს, მეც ასე ვატარებდი. ფსიქიატრები და ფსიქოლოგები ყველგან უნდა ისხდნენ, საბავშვო ბაღებიდან დაწყებული, სკოლებით და უნივერსიტეტებით დამთავრებული, რათა თავიდანვე დავიჭიროთ პრობლემა და მას არ მივცეთ გაღრმავების საშუალება“.

„საათობით დაგვატარებდა სასწრაფო იმ იმედით, რომ სადმე ადგილი გამოჩნდებოდა“

თვეში ორჯერ, ხანდახან სამჯერაც, გელა მთივლიშვილი საკუთარი მანქანით დასდევდა უკან სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადის ავტომობილს, რომელიც საათობით დაატარებდა მისი ოჯახის ახლობელს, რომ სადმე თავისუფალი ადგილი ეპოვათ და 20 წლის ბიჭი კლინიკაში დაეწვინათ. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტის კლინიკაში მოთავსება, ფაქტობრივად, შეუსრულებელ მისიად იქცეოდა ხოლმე და გელას, რომელიც ჟურნალისტია და პროფესიიდან გამომდინარე, „ბევრი კონტაქტი“ აქვს სხვადასხვა უწყებაში, სწორედ ამ კონტაქტების გამოყენება უწევდა გამოსავლის საპოვნელად:

გელა მთივლიშვილი
გელა მთივლიშვილი

„სრულიად წარმოუდგენელია იმის აღწერა, რა ტიპის პრობლემებსაც ჩვენ ამ დროს ვაწყდებით. პირველი, მიუხედავად იმისა, რომ მაქვს უამრავი კონტაქტი, შემიძლია ამ ჩემი კონტაქტებით უამრავი ადამიანის შეწუხება, ისეთ დაბრკოლებებს ვაწყდები, რომ წარმოუდგენელია ამ ბარიერების გადალახვა შეძლოს ადამიანმა, რომელსაც არანაირი კონტაქტები არ აქვს. ბევრჯერ დავმდგარვარ იმ ფაქტის წინაშე, რომ რომ არა ჩემი ჩართულობა, გადაწყვეტილების მიმღები პირების შეწუხება სატელეფონო ზარებით ან მესიჯებით, ცოტა უხეშადაც კი, რადგან სხვა გზა აღარ გრჩება, მოგვიწევდა, რომ პაციენტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანიდან ჩამოგვეყვანა და საკუთარი ავტომობილით დაგვებრუნებინა უკან, სახლში და მერე რაც მოხდებოდა, მოხდებოდა“, - მიყვება გელა, რომელსაც წლების განმავლობაში იმდენად მძიმე გამოცდილება დაუგროვდა ფსიქიკური პრობლემების მქონე ახლობლისთვის დახმარების აღმოჩენის პროცესში, რომ როგორც ამბობს, თავადაც შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები.

დამატებით პრობლემა იყო ისიც, რომ ფსიქიკური დიაგნოზის მქონე ბიჭს, რომელსაც სხვა სომატური პრობლემებიც აწუხებს, მულტიპროფილური კლინიკები არ იღებდნენ:

„მის დიაგნოზს ახლავს ისეთი ტიპის გართულებები, რომ ბიჭს სჭირდება მრავალპროფილურ კლინიკაში მოთავსება, რადგან ფსიქიატრიულ კლინიკაში არ აქვთ იმ ტიპის სერვისები, რაც მოცემულ მომენტში ამ პაციენტს შეიძლება სჭირდებოდეს. ფსიქიატრიული დიაგნოზი და ეს სტატუსი, მრავალპროფილური კლინიკებისთვის არის განმსაზღვრელი, დამღა, ფარი, რომ ასეთი ტიპის პაციენტები არ მიიღონ. როგორც კი მრავალპროფილურ კლინიკებში, იქნება ეს რეგიონში თუ თბილისში, გაიგებენ, რომ პაციენტს აქვს ფსიქიკური პრობლემები, მაშინვე უარს გვეუბნებიან მიღებასა და მკურნალობაზე და გვეუბნებიან, რომ ფსიქიატრიულ კლინიკას უნდა მივაკითხოთ. გვქონია შემთხვევები, როდესაც კატასტროფის ბრიგადის მიერ გადაყვანილი ბიჭი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსება საჭიროებდა, მაგრამ უარი უთქვამთ ჩვენს მიღებაზე“.

თუმცა, როგორც ჩანს, პირადი კონტაქტების დახმარებით, ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვედრის შემდეგაც არ მთავრდება პრობლემები. გელა მთივლიშვილი, წლებით დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე ამბობს, რომ ფსიქიატრიულ კლინიკებში პაციენტების მკურნალობა არაჰუმანურია და ის არა პაციენტის გამოჯანმრთელებისკენ, არამედ მისი „გათიშვისკენ“ არის მიმართული:

„როგორც პაციენტის ახლობელს, საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, რაც ხდება და როგორც ხდება ფსიქიატრიულ კლინიკებში. ერთი სიტყვით რომ დავახასიათო იქ არსებული ვითარება, ვიტყოდი, რომ ეს არის კატასტროფა. მაგალითად, ჩემს თვალწინ, ადამიანებს ემართებოდათ გულყრის ტიპის შეტევები, ეცემოდნენ დერეფნებში, ჰქონდათ უნებლიე შარდვა და ამ დროს, იქ მომსახურე პერსონალის რეაქცია იყო, ფაქტობრივად, ნული. ვიდრე ყვირილი არ დავიწყე და არ ვთქვი, რომ ჟურნალისტი ვარ და ამას ასე არ დავტოვებ-მეთქი, მანამდე ყურადღებას არ აქცევდნენ. ეს მხოლოდ ერთი დაწესებულება და ერთი შემთხვევა არ ყოფილა. რაც შეეხება პაციენტების მკურნალობის პროცესს, ადამიანებს აძლევენ იმ რაოდენობის მედიკამენტს, რომ სრულად გაითიშოს. პაციენტებს აბეჩავებენ. არანაირ რეაბილიტაციაზე საქართველოში ლაპარაკი არ არის. არავის ვუსურვებ ამ გამოწვევის წინაშე დადგომას. ძალიან ძნელია, რომ ამას გაუძლო და შენც, პაციენტის ახლობელი, არ გახდე აგრესიული, ვინმეს შეურაცხყოფა არ მიაყენო. ჩვენ მოვახერხეთ, რომ უცხო ქვეყნის ფსიქიატრებთან გავიარეთ კონსულტაცია და აქ დანიშნული მკურნალობა გარკვეულწილად დააკორექტირეს, თორემ მე არ ვიცი, აქაური მკურნალობით ახლა სად ვიქნებოდით“.

რატომ არის ქვეყანაში ფსიქიატრიული საწოლების დეფიციტი?

90-იან წლების მიწურულში დაწყებული რეფორმებისა და მოგვიანებით, დიდი ფსიქიატრიული დაწესებულებების დახურვის შემდეგ, დღეს ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პაციენტებისთვის, საქართველოს მასშტაბით სულ 1394 საწოლია გამოყოფილი (1995 წლამდე საწოლების რაოდენობა 5000-ს შეადგენდა). დარგის სპეციალისტების თქმით, მათი ნაწილი, დაახლოებით 30% უკავიათ პაციენტებს, რომლებიც არ საჭიროებენ სტაციონარულ მკურნალობას და ისინი მცირე ტიპის საცხოვრისებში გადაყვანას საჭიროებენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 2021 წლის მონაცემებით, ქვეყანაში რეგისტრირებულია ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე 84 142 ადამიანი. 2020 წელთან შედარებით, თითქმის 3000-ით მეტი.

დღეს, ქვეყნის მასშტაბით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტების სტაციონარული მკურნალობა 10 დაწესებულებასა და ფსიქიატრიულ განყოფილებაშია შესაძლებელი. მათ შორის, სამი დაწესებულება და განყოფილება თბილისშია, დანარჩენი, რეგიონებში.

  • თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი
  • თბილისის #5 კლინიკური საავადმყოფო
  • თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი
  • იმერეთში ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი
  • ბათუმის სამედიცინო ცენტრი
  • რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი
  • ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი იმერეთში
  • სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი
  • აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი
  • იმერმედი - იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი

ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსებისთვის 2023 წელს ბიუჯეტში 50 მილიონი ლარია გამოყოფილი. წინა წლებთან შედარებით მეტი (2020 - 26 მლნ.ლარი; 2021 - 29 მლნ. ლარი; 2022 - 35 მლნ.ლარი).

ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, რეალურად, ინფლაციის ფონზე, ბიუჯეტის ზრდა მინიმალურია, 2023 წლის ბიუჯეტი დაახლოებით 17 მილიონ ევროს შეადგენს, რაც დასავლეთის ქვეყნებში ერთი კლინიკის ბიუჯეტის ტოლფასია.

დღეს საქართველოში ფსიქიატრიული სტაციონალური კლინიკებისათვის გამოყოფილი წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 23 მილიონ ლარს შეადგენს.

ის, რომ ქვეყანაში ფსიქიატრიული პაციენტებისათვის განკუთვნილი საწოლები რეალურად მცირეა, ამას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ადასტურებს მანანა შარაშიძე, ფსიქიატრი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის“ ხელმძღვანელი.

მისი თქმით, სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა მას შემდეგ, რაც ბოლო ხუთ წელში, თბილისში ორი ფსიქიატრიული განყოფილება დაიხურა და საწოლების რაოდენობა დაახლოებით 80-ით შემცირდა.

როგორც მანანა შარაშიძე გვიხსნის, ქვეყანაში, სადაც სათანადოდ არ არის განვითარებული სათემო ამბულატორიული ფსიქიატრიული მომსახურება, თემზე დაფუძნებული მობილური გუნდების რეაგირება, კრიზისული გუნდების მუშაობა და ა.შ. აუცილებელია, რომ საწოლების რაოდენობა მაინც იყოს იმდენი, რომ მწვავე პაციენტები სათანადო მკურნალობის გარეშე არ დარჩნენ:

მანანა შარაშიძე
მანანა შარაშიძე

„ჩვენ დღეს ეს საწოლები გვაკლია. მინდა, რომ საზოგადოებამ სწორად გაიგოს, დღეს ჩვენ ფსიქიატრიული კლინიკები კი არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება საწოლები ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებისათვის მულტიპროფილურ კლინიკებში. ბოლო წლებში, ამგვარ მრავალპროფილურ კლინიკებში ორი განყოფილება დაიხურა. 2017 წელს ღუდუშაურში არსებული განყოფილება, 40-საწოლიანი. 2021 წელს 31-ე ქარხნის საავადმყოფოში არსებული განყოფილება, დაახლოებით 30-საწოლიანი. ამ კლინიკების ხელმძღვანელებმა თქვეს, რომ დაფინანსების თვალსაზრისით, ფსიქიატრიული განყოფილებების არსებობა მათ ხელს არ აძლევდა. ჩვენ დაახლოებით 70 საწოლი დავკარგეთ მაშინ, როდესაც მოსახლეობის მოთხოვნილება ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე იზრდება. მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებიც გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებია, არის პოლიტიკური და სოციალური ძვრები, ასეთ ქვეყნებში დეპრესიის და პოსტ ტრავმული სტრესის რაოდენობა მომატებულია. ანუ ჩვენ გვჭირდებოდა სერვისების გაზრდა და მივიღეთ პირიქით, სულ სხვა სიტუაცია. ჩვენ გვჭირდება სათანადო სერვისების განვითარება - დღის ცენტრები, მობილური ჯგუფების ეფექტიანი მუშაობა, ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტების სტაციონარს გარეთ მხარდაჭერა“.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ბოლო პერიოდი, ქვეყანაში ფსიქიატრიული საწოლების დეფიციტზე ალაპარაკდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტების ოჯახის წევრები, მანანა შარაშიძის თქმით, უკავშირდება სტაციონარული კლინიკების დაფინანსების ახალ მოდელს, რომელიც კლინიკების ხელმძღვანელებს უბიძგებს, რომ სტაციონარებში საწოლების რაოდენობა მუდმივად შევსებული იყო.

რას გულისხმობს დაფინანსების ეს მოდელი?

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის პირველი იანვრიდან შეიცვალა სტაციონარული სამსახურების დაფინანსების მეთოდოლოგია.

ამ მოდელის შესახებ დეტალურად, მისი მმართველობის ქვეშ მყოფი კლინიკის მაგალითზე უყვება რადიო თავისუფლებას მანანა ელიაშვილი, რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი.

„დაფინანსება საწოლდღით“, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, თითოეული საწოლი, რომელიც პაციენტს არ აქვს დაკავებული, ნიშნავს ნაკლებ დაფინანსებას. შესაბამისად, კლინიკები ცდილობენ, რომ სტაციონარში არსებული საწოლების რაოდენობა მუდმივად შევსებული იყოს და კლინიკაში საწოლი პაციენტის გარეშე არასდროს დარჩეს.

რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში 22 საწოლი დგას. კლინიკა ყოველთვიურად მიიღებს 44 330 ლარს, თუკი სტაციონარში თვეში 30-31 დღის განმავლობაში 22-ივე საწოლი იქნება დაკავებული:

„მოდელი ასეთია ჩემს კლინიკაში არსებული 22 საწოლი უნდა გავამრავლოთ მაგალითად, 31-ზე და გავამრავლოთ ერთი საწოლის ღირებულებაზე - პატარა კლინიკებისთვის ეს დღეში 65 ლარია, დიდი კლინიკებისთვის - 49. ეს ნიშნავს, რომ მე ყოველ დღე დაკავებული უნდა მქონდეს 22 საწოლი და თუკი ერთ პაციენტს გავწერ, უნდა ვიცოდე, რომ მაშინვე შემოდის მეორე. თუკი საწოლი ცარიელი რჩება, შესაბამისად, დაფინანსების თანხა იკლებს. ვერ გეტყვით, რომ ეს ჯანსაღი ინტერესია, მაგრამ დაწესებულებების ხელმძღვანელებისთვის ჩვეულებრივი ინტერესია და ამას სისტემაც გკარნახობს, რომ მისთვის გამოყოფილი დაფინანსება მაქსიმალურად მიიღოს. დღეში ერთი საწოლისთვის გამოყოფილი 65 ლარი გულისხმობს, რომ ამ თანხით, პაციენტს უნდა აჭამო, პერსონალს ხელფასი გადაუხადო, კომუნალური გადაიხადო, შეიძინო მედიკამენტი, ჩაატარო კვლევები, ყველა მომსახურება სწორედ ამ თანხაზე მოდის. არავისკენ ხელს არ ვიშვერ, რატომ აკეთებენ ამას. აბსოლუტურად გასაგებია, რატომაც ხდება ეს. გვყავს პაციენტები, რომელთა უდიდესი ნაწილი არავის უნდა, ოჯახებს ვგულისხმობ. მანამდე თუ ვეჭიდავებოდით ოჯახებს, რომ წაეყვანათ პაციენტები, ახლა არავის აღარ ეჭიდავები, თუკი თავად პაციენტი არ აპროტესტებს კლინიკაში ყოფნას. ეს ხალხი კლინიკაში შესაძლოა, თვეების განმავლობაშიც დარჩნენ. საწოლები მუდმივად სავსე იქნება, დაფინანსებასაც სრულად აიღებ, შრომაც ნაკლები იქნება, რადგან ახალი და მწვავე პაციენტის ნაცვლად, გეყოლება დასტაბილურებული პაციენტები. სამაგიეროდ, ზარალდებიან პაციენტები. პაციენტები, რომლებსაც რეალურად დახმარება სჭირდებათ, სასწრაფოებში სხედან საათობით და ვერ პოულობენ ადგილებს“.

მანანა ელიაშვილი ადასტურებს, რომ იანვრიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც სტაციონარების დაფინანსების მოდელი შეიცვალა, ფსიქიატრიულ კლინიკებსა და დაწესებულებებში თავისუფალი ადგილების რაოდენობა, ფაქტობრივად, განულებულია და პაციენტის მისაღებად კლინიკებს თავად მაღალჩინოსნები უკავშირდებიან:

„ასეთი რამ არ მომხდარა არასდროს. მგონი, პრემიერს არ დაურეკავს, თორე მის გარდა, ყველა რეკავს. სასწრაფოს ფუნქციას ითავსებენ სხვადასხვა თანამდებობის პირები, რომ პაციენტი სადმე დააწვინონ“, - ამბობს ის.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, კლინიკებში შექმნილი რთული სიტუაციიდან და თავისუფალი საწოლების დეფიციტიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს, რომ სტაციონარების დაფინანსების ახლადშემოღებული მოდელი მარტის თვიდან შეცვალოს.

ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად და ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით არსებულ სხვა გამოწვევებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად რადიო თავისუფლებამ ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურს მიმართა, თუმცა, მათგან პასუხი კითხვებზე ვერ მივიღეთ.

XS
SM
MD
LG