Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეგიონებში პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ საინფორმაციო კამპანია იწყება


ლაგოდეხი
ლაგოდეხი

ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობა” პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ რეგიონებში საინფორმაციო კამპანიას იწყებს. კახეთის რეგიონალურ ორგანიზაციაში გვითხრეს, რომ ისინი მოსახლეობას ამ სისტემის უპირატესობაზე მიაწვდიან ინფორმაციას. გარდა ამისა, მათი მიზანია მივიდნენ, პირველ რიგში, იმ მუნიციპალიტეტებში, რომელთა დეპუტატებმაც კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს. „სამოქალაქო მოძრაობის” წამომადგენელი გელა გელაშვილი გვეუბნება, რომ, მისი ინფორმაციით, კანონპროექტი ჩააგდეს იმ მაჟორიტარებმა, რომელთა კომპანიებიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან მილიონობით ღირებულების ტენდერებს იგებენ. გელა გელაშვილს ამჯერად კონკრეტული მაჟორიტარები არ დაუსახელებია, თუმცა ამბობს, რომ ამას საზოგადოება მალე გაიგებს:

„პირველი, სადაც ჩვენ ჩავალთ, იქნება ის მუნიციპალიტეტები, რომელთა მაჟორიტარებმაც მხარი არ დაუჭირეს პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ჩვენ მიერ სააშკარაოზე იქნება გამოტანილი ყველა ის დეტალი, რა კონკრეტული ინტერესებიც ამოძრავებთ მაჟორიტარებს. მათ საბიუჯეტო ქალაქებში 80-90-მილიონიანი ტენდერები აქვთ მოგებული და ეს არის ის მიზანი, რის გამოც პროპორციულ სისტემას ეწინააღმდეგებიან. სოფლებში, ქალაქებში და უბნებში კარდაკარ შევხვდებით მოსახლეობას და ავუხსნით, რატომ არის კარგი პროპორციული სისტემა. მართალია, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა, მაგრამ ჩვენ შევეცდებით შევინარჩუნოთ პროპორციული სისტემა, სისტემა, რომელიც რამდენიმე თვის უკან მოვიპოვეთ. კანონსპროექტის ჩავარდნის შემდეგ დაწყებული პროცესი შეუქცევადია და ქვეყანა აუცილებლად უნდა გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე“.

ლაგოდეხში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხული რესპონდენტების დიდმა ნაწილმა განაცხადა, რომ არ იცნობენ დეპუტატს და მისი სახელი და გვარიც კი არ იციან.

14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა. მას შემდეგ პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამ აქციების ექო კი, როგორც თავად მოსახლეობის ნაწილი ამბობს, კარგად ისმის რეგიონებშიც. თელავში გამოკითხული რიგითი ადამიანები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოება მოატყუა და ისინი სრულად იზიარებენ იმ მოთხოვნებს, რომელთაც კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და საზოგადოება აყენებენ.

თელავი
თელავი

„დაპირება, რაც ბიძინა ივანიშვილმა ხალხს მისცა, აუცილებლად უნდა შესრულდეს. მაჟორიტარები პარლამენტში არიან მუქთამჭამელები და მარტო თავისი ნათესავების გვერდში მდგომები. პროპორციული სისტემა მაინც გაიტანონ?! როგორ შეიძლება ამდენი დაპირებები და არაფერი - შესრულებული?“

„ეს 70 მაჟორიტარი არაფრის გამკეთებელი არ არის. საერთოდ, რატომ არიან?“

ერთ-ერთი მაჟორიტარი დეპუტატი კახეთიდან, ვინც პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტზე კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღო, ლაგოდეხ-ყვარლის მაჟორიტატი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილია, თუმცა მანამდე ის პროპორციული სისტემის დადებით მხარეებზე აქტიურად ლაპარაკობდა. ჩვენ მის საარჩევნო ოლქში მოსახლეობის ნაწილს ვკითხეთ, იცნობენ თუ არა მაჟორიტარ დეპუტატს და როგორ აფასებენ მის მუშაობას.

ლაგოდეხში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხული რესპონდენტების დიდმა ნაწილმა განაცხადა, რომ არ იცნობენ დეპუტატს და მისი სახელი და გვარიც კი არ იციან. 10 გამოკითხულიდან მხოლოდ ორმა თქვა, რომ მაჟორიტარ მაჭარაშვილს იცნობს.

"სამოქალაქო მოძრაობის" ოფისი თელავში
"სამოქალაქო მოძრაობის" ოფისი თელავში

ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობა” პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ რეგიონებში საინფორმაციო კამპანიას რამდენიმე დღეში დაიწყებს. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ თავად მაჟორიტარი დეპუტატებიც აპირებენ მოსახლეობასთან შეხვედრების დაწყებას. მაჟორიტარების ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყანა არათუ პროპორციულ სისტემაზე საერთოდ არ უნდა გადავიდეს, ამჟამად არსებული შერეული სისტემა უნდა გაუქმდეს და სრულად მაჟორიტარული გახდეს.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG