Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკანონმდებლო რეკომენდაციები საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად


ქუთაისში ორგანიზაციების ადგილობრივი ოფისების წარმომადგენლებმა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის სამი არასამთავრობო ორგანიზაციის - “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ შემუშავებული საკანონმდებლო რეკომენდაციები წარუდგინეს თვითმმართველობის, მესამე სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წევრებს.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ქუთაისის ოფისის კოორდინატორის თეონა გოგიშვილის განცხადებით, რეკომენდაციების ორი პაკეტი მოიცავს საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს და მიზნად ისახავს ორგანიზაციების მიერ საარჩევნო პროცესებზე დაკვირვების შედეგად და პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას. თეონა გოგიშვილის ინფორმაციით, რეკომენდაციები უშუალოდ ეხება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესსა და კრიტერიუმებს, აგიტაციისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რეგულაციებს, საარჩევნო დავებსა და გადასატანი ყუთის სიას. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ კოორდინატორი განმარტავს რეკომენდაციას, რომლის მიხედვით საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებისას უნდა შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიების მიერ წევრის დანიშვნის წესი და ამ უფლებით ისარგებლოს ბოლო საერთო პროპორციულ არჩევნებზე საუკეთესო შედეგის მქონე ექვსმა საარჩევნო სუბიექტმა. ამასთან, საარჩევნო კომისიაში წევრის ასარჩევად უნდა დადგინდეს დამატებითი კრიტერიუმები:

საარჩევნო კოდექსით დადგენილი აგიტაციის ცნება უნდა დაკონკრეტდეს და განისაზღვროს, რომ აგიტაციაა ასევე სოციალური ქსელის პირადი გვერდის მეშვეობით პოლიტიკური მოწოდებების გავრცელება...
თეონა გოგიშვილი

„როდესაც საარჩევნო ადმინისტრაციები ირჩევენ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს, ზოგჯერ საზოგადოებაში ჩნდება ბევრი კითხვა, რადგან ის წევრები, რომლებსაც დისციპლინური ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ, კვლავ არიან საარჩევნო ადმინისტრაციაში. როდესაც არჩევნების დღეს დაშვებულ ხარვეზებზე და პროცედურულ დარღვევებზე ვსაუბრობთ, ეს მუდმივად არ უნდა გაგრძელდეს და ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ გადაცდომები აღმოიფხვრას“.

თეონა გოგიშვილის ინფორმაციით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის 382 წევრს ჰქონდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დისციპლინური პასუხისმგებლობა დაკისრებული, რაც არასახარბიელო ფაქტია და პირდაპირი გავლენა შეიძლება იქონიოს კომისიების გამართულად მუშაობაზე. გოგიშვილი „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ იმ რეკომენდაციასაც გამოყოფს, რომლის მიხედვით უნდა დაზუსტდეს აგიტაციის ცნება და მოიცვას საჯარო მოხელეების მხრიდან სოციალური ქსელის პირადი გვერდის საშუალებით პოლიტიკური მოწოდებების გავრცელება:

„საარჩევნო კოდექსით დადგენილი აგიტაციის ცნება უნდა დაკონკრეტდეს და განისაზღვროს, რომ აგიტაციაა ასევე სოციალური ქსელის პირადი გვერდის მეშვეობით პოლიტიკური მოწოდებების გავრცელება. აგიტაციის ცნება უნდა მოიცავდეს ასევე ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს დაქვემდებარებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა წინასაარჩევნო ღონისძიებებზე დასწრების შეზღუდვას, რაც აღმოფხვრის არსებულ გაუგებრობებს“.

საარჩევნო პროცესებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების რეკომენდაციებით, ასევე უნდა დადგინდეს სპეციალური ნორმები საქველმოქმედო ორგანიზაციების მხრიდან უკანონო აგიტაციის თავიდან აცილებისთვის და საარჩევნო კამპანიაში უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობისას პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ პირს, ვინც მოქალაქე აგიტაციაში ჩართო. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რისკების მინიმუმამდე შესამცირებლად კანონმდებლობამ ასევე მკაფიოდ უნდა გაავლოს ზღვარი პარტიულ საქმიანობასა და საჯარო სამსახურს შორის. არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება ასევე არჩევნების შედეგების შეჯამებას, საარჩევნო დავებს და ამ მიმართულებით პრაქტიკაში არსებულ პრობლემებს. „საქართველოს ახალგაზრდა იურიტთა ასოციაციის“ ქუთაისის ოფისის იურისტის სალომე სალდაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ შემაჯამებელ ოქმში გადასწორებულია სუბიექტების მიერ მიღებული ხმები, ამომრჩეველთა რაოდენობა ან ბათილი ბიულეტენები, ან სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობის ჯამი აღემატება არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას, საარჩევნო კომისია ვალდებული უნდა იყოს გადასინჯოს საარჩევნო დოკუმენტაცია და არჩევნების შედეგი:

დღეს მოქმედებს რეგულაცია, რომლის მიხედვით, გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა საერთო რაოდენობის 3 %-ს არ უნდა აღემატებოდეს და თუ აღემატება, საოლქო საარჩევნო კომისია სხდომაზე დამსწრეთა ხმების ორი მესამედი ხმით იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენი რეკომენდაციით, ასეთი გამონაკლისი შემთხვევისას უნდა განისაზღვროს ვალდებულება...
დარინა სალდაძე

„რეკომენდაციები ეხება იმას, რომ კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს შემთხვევები, როდესაც საარჩევნო კომისია ვალდებული იქნება გადასინჯოს საარჩევნო დოკუმენტაცია და არჩევნების შედეგები, ასევე დადგინდეს საარჩევნო კომისიის მიერ უფლებამოსილი პირების მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენაზე უარის სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა და შემუშავდეს სასამართლოში საარჩევნო დავაზე წარდგენილი საჩივრის გამარტივებული ფორმები“.

კიდევ ერთი საკანონმდებლო რეკომენდაცია, რომელსაც საია აყენებს, გადასატან ყუთს შეეხება. ორგანიზაციის იურისტის დარინა სალდაძის განმარტებით, სასურველია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა ბინაზე გადაამოწმონ გადასატანი სააჩევნო ყუთის სიაში შეყვანილ ამომრჩეველთა მდგომარეობა, რათა სიაში არ იქნენ შეყვანილი ის პირები, ვისაც ეს არ სჭირდება. დარინა სალდაძის განცხადებით, გასულ არჩევნებზე მსგავსი არაერთი ფაქტი დაფიქსირდა :

„დღეს მოქმედებს რეგულაცია, რომლის მიხედვით, გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა საერთო რაოდენობის 3 %-ს არ უნდა აღემატებოდეს და თუ აღემატება, საოლქო საარჩევნო კომისია სხდომაზე დამსწრეთა ხმების ორი მესამედი ხმით იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენი რეკომენდაციით, ასეთი გამონაკლისი შემთხვევისას უნდა განისაზღვროს ვალდებულება, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა გადაამოწმონ ადგილზე, არის თუ არა რეალურად გადასატანი ყუთის ამომრჩეველთან მიტანის საჭიროება“.

შეხვედრის მონაწილის, პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეების“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ივანე კაპანაძის განცხადებით, თუ რეკომენდაციები კანონის მნიშვნელობას შეიძენს, შესაძლებელია საარჩევნო გარემო ნაწილობრივ გაუმჯობესდეს, თუმცა აუცილებელია ცვლილებები განხორციელდეს ისე, რომ წინასაარჩევნო გარემო და კენჭისყრის დღემდე მიმდინარე პროცესები გაჯანსაღდეს:

„რეალურად, საქართველოში კენჭისყრის დღემდე წყდება არჩევნების ბედიც. საუბარია ფინანსებზე, რომელიც მხოლოდ ერთ ძალას აქვს განუსაზღვრელი რაოდენობით; ასევე რეკლამის საშუალება, რომელიც ასევე ერთი ძალის ხელშია და ადმინისტრაციული რესურსი. შესაბამისად, ამ ყველაფრის შეკრებით, კენჭისყრის დღეს მხოლოდ შედეგების გაფორმებაა. ეს თემები უმნიშვნელოვანესია. ალბათ, დადგება დღის წესრიგში. ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული, რომ ერთ მშვენიერ დღეს ოპოზიციაში მოხვედრის შემდეგ არ იყოს დაკნინებული და ყველაფერი გამჭვირვალედ ხდებოდეს“.

სამი არასამთავრობო ორგანიზაციის რეკომენდაციები შეეხება როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესსა და კრიტერიუმებს, აგიტაციისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რეგულაციებს, საარჩევნო დავებსა და გადასატანი ყუთის სიას, ასევე პარტიების დაფინანსების წესებს, სარეკლამო დროისა და სხვა სარგებლისთვის საარჩევნო ბლოკების ხელოვნურად შექმნას და სხვა საკითხებს.

XS
SM
MD
LG