Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია: ქუთაისის სასამართლოს განჩინებები ნაკლებად დასაბუთებულია


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ქუთაისში თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, გორისა და თელავის საქალაქო და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის მონიტორინგის ანგარიშიწარმოადგინეს. ეს რიგით მე-13 ანგარიშია. არასამთავრობო ორგანიზაცია მონიტორინგს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებს. დაკვირვების მიზანია საქართველოს სასამართლოებში სისხლის სამართალწარმოების გამჭვირვალობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების გაზრდა.

საიას სისხლის სამართლის ანალიტიკოსი მერაბ ქართვველიშვილი განმარტავს, რომ ანგარიშში მიმოხილულია 2018 წლის მარტიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით 2700-ზე მეტ სასამართლო პროცესზე დაკვირვების შედეგი. ქართველიშვილის განცხადებით, მონიტორინგი ცხადყოფს, რომ სისხლის სამართალწარმოება ხარვეზებით მიმდინარეობს. პრობლემად რჩება ის, რომ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების ორ სახეს - გირაოსა და პატიმრობას - იყენებს და, ფაქტობრივად, ალტერნატიული ზომები არ გამოიყენება. მერაბ ქართველიშვილის თქმით, „ქუთაისის სასამართლოში ტენდენციად გამოიკვეთა აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას მსჯელობის დაუსაბუთებლობა. სტატისტიკის თანახმად, ქუთაისის სასამართლოში, სხვა სასამართლოებთან შედარებით, ყველაზე ხშირად გამოიყენება აღკვეთის ღონისძიებად გირაოს დაუსაბუთებლად შეფარდება“.

საიას სისხლის სამართლის ანალიტიკოს მერაბ ქართვველიშვილისავე განცხადებით, შეინიშნება პროკურატურის მხრიდან პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებლის ზრდა და კრიტიკულად მაღალია სასამართლოს მიერ პატიმრობის მოთხოვნის დაკმაყოფილების მაჩვენებელი. ასევე გამოიკვეთა ტენდენცია, რომ სასამართლო ნაკლები გულმოდგინებით ეკიდება პატიმრობის პერიოდული გადასინჯვის საკითხს და თითქმის ყველა შემთხვევაში უცვლელად ტოვებს, ამასთან, უმრავლეს შემთხვევაში არ ასაბუთებს პატიმრობის ვადის გაგრძელების აუცილებლობას. სასამართლოს გადაწყვეტილებების დასაბუთების ნაკლებობაზე ლაპარაკობს ადვოკატი სოფიო ყუბანეიშვილიც. მისი შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილებების დასაბუთება მნიშვნელოვანია გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ნდობისთვის. სოფიო ყუბანეიშვილის განცხადებით, „ნაკლებად დასაბუთებული განაჩენების მიზეზად ხშირ შემთხვევაში სახელდება სასამართლოს გადატვირთულობა და მოსამართლეთა რაოდენობის სიმცირე, რაც სისტემის მნიშვნელოვანი ხარვეზია“.

გადაწყვეტილების დასაბუთების სიმწირეს ქართული მართლმსაჯულების „აქილევსის ქუსლს“ უწოდებს იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი გელა სიორდია. მისი განცხადებით, ბოლო წლებში ქართველი მოსამართლეები გადაწყვეტილების დასაბუთებისას სულ უფრო ხშირად იყენებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, „თუმცა ამასაც ფორმალური ხასიათი აქვს და ხშირად არ შეესაბამება კონკრეტულ საქმეს“.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, საპროცესო შეთანხმების სხდომებზე სასამართლო იშვიათად მსჯელობს სასჯელის კანონიერებასა და სამართლიანობაზე. საიამ იდენტიფიცირება მოახდინა შემთხვევებისა, როდესაც დარღვეული იყო კანონით გათვალისწინებული საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების 24-თვიანი ვადა. საიას წარმომადგენელთა ინფორმაციით, ქუთაისში გამართულ პრეზენტაციაზე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების წარმომადგენლები მიიწვიეს, თუმცა, გასული წლებისგან განსხვავებით, მოსამართლეები შეხვედრაზე არ მისულან.

XS
SM
MD
LG