რასიზმისა და საპოლიციო სისასტიკის წინააღმდეგ მსოფლიოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ინგლისის ქალაქ ბრისტოლში დემონსტრანტებმა ჩამოაგდეს ბრიტანელი მონებით მოვაჭრის, ედვარდ კოლსტონის, ძეგლი და ის მდინარე ევონში ჩააგდეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრიტი პატელმა, ეს აქტი დაგმო, თუმცა მას ევროპულ პრესაში ყველა კომენტატორი არ ეთანხმება. ევროპულ პრესაში ბევრი იწერება იმის შესახებ, უნდა დარჩეს თუ არა კოლონიური ძალაუფლების სიმბოლოები ხელუხლებელი და რას ნიშნავს მათი ჩამოგდების აქტები, ისტორიისა და მისი გაგრძელების პერსპექტივიდან.
ედვარდ კოლსტონის ძეგლის ჩამოგდება ისტორიაზე თავდასხმა კი არ არის, თავად არის ისტორიაო, წერს ისტორიკოსი დევიდ ოლუსოგა ბრიტანეთში გამომავალ მემარცხენე-ცენტრისტულ The Guardian-ში 8 ივნისს: „1895 წლის შემდეგ დღეს პირველი დღეა, როცა მასობრივი მკვლელის ძეგლის ჩრდილი აღარ ეცემა ბრისტოლის ცენტრს. მათ, ვინც ამ დღის მოსვლას განიცდის და კვირას მომხდარით შოკირებულია, საკუთარ თავს რამდენიმე რთული შეკითხვა უნდა დაუსვან. ნუთუ მართლა სჯერათ, რომ ბრისტოლი გუშინ უკეთესი ადგილი იყო იმის გამო, რომ მის ცენტრში მონებით მოვაჭრის ძეგლი იდგა? ნუთუ მართლა არ ესმით, - დღემდე, - თუ რატომ მიიჩნევდნენ კოლსტონის მსხვერპლთა შთამომავლები მის ძეგლს შეურაცხყოფად და რატომ ითხოვდნენ მის აღებას ათწლეულების განმავლობაში? ... რაც უნდა ითქვას მომავალი დღეების განმავლობაში, ძეგლის ჩამოგდება არ ყოფილა ისტორიაზე თავდასხმა. ეს აქტი თავად არის ისტორია, ერთ-ერთი იშვიათი მომენტი ისტორიაში, რომლის დადგომაც ნიშნავს, რომ ვითარება აღარასოდეს დაუბრუნდება უწინდელ სურათს“.
ბრბოს მხრიდან კულტურული ცენზურის დაწესება მიუღებელიაო, წერს ასევე ბრიტანეთში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის The Times-ი 8 ივნისს: „კოლსტონს, როგორც მონებით მოვაჭრეს, საზარელი ისტორია ჰქონდა, მაგრამ ვანდალიზმი და ხულიგანიზმი მიუღებელია და დამნაშავეები კი არ უნდა გავამართლოთ, ისინი უნდა დაისაჯონ. კოლსტონის ძეგლის განადგურება ბოლო შემთხვევაა კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს ყველა იმ ფიგურის ძეგლის განადგურებას, რომლებიც თეთრკანიანთა რასიზმს წარმოადგენენ. ნაცვლად იმისა, რომ ამ ძალისმიერ აქტებს დაუპირისპირდნენ, უნივერსიტეტებისა და კულტურის მესვეურები, როგორც წესი, ეთანხმებიან ისტორიის ამგვარ ცენზურას. ეს, თავის მხრივ, ლოგიკური შედეგია განათლების, როგორც კულტურის თაობიდან თაობისთვის გადამცემი სისტემის, შეგნებული განადგურებისა, რაც, უკვე ათწლეულებია, გრძელდება“.
კოლონიალიზმის სიმბოლოთა ძეგლების ჩამოგდების კამპანიას 8 ივნისის ნომერში მხარს უჭერს გერმანიაში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის The Tagesspiegel-ი: „ბრიტანელების უმრავლესობამ მხოლოდ ახლა გაიგო, ვინ იყო კოლსტონი. რეალურად, მონებით ვაჭრობის ისტორია თითქმის არ ფიგურირებს ბრიტანელების თვითაღქმაში და ეს ვითარება მხოლოდ ახლა იცვლება. პირიქით, გუშინდელი მონებით მოვაჭრეები ადგილობრივ გმირებად და კეთილდღეობის მომტან ფიგურებად აღიქმებიან. .... ამ თვალსაზრისით, კოლსტონის ძეგლის ჩამოგდებამ შესაძლოა ბრიტანეთის მეხსიერების კულტურაში მოიტანოს უკვე დიდი ხნით დაგვიანებული შემობრუნება, ვინაიდან სინამდვილეში ეს ძეგლი იქ რაიმეს გასახსენებლად კი არა, სწორედ დასავიწყებლად იდგა. ის იდგა სიჩუმისთვის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რელატივიზაციისთვის. ახლა კი ის ბრისტოლის პორტშია და სწორედ იქაა მისი ადგილი“.
ბელგიაში გამომავალ მემარცხენე ორიენტაციის გამოცემაში De Morgen 8 ივნისს ინგლისური ენის პროფესორი, ლივენ ბოისი, აქვეყნებს წერილს, რომელშიც ამბობს, რომ ესმის ძეგლის ჩამოგდების მიზეზები, თუმცა დემონსტრანტებს აფრთხილებს, დიდ ოპტიმიზმს ნუ გამოიჩენენ: „ამგვარი ნაბიჯები გამოღვიძებისკენ მოწოდებაა ფართო მოსახლეობისთვის - ისინი მათ აფრთხილებს, სიმბოლოებს ნუ აღიქვამენ ერთ განზომილებაში. მაგრამ თუკი ამ ნაბიჯებს აღიქვამ თავდასხმად (უწინარესად, თეთრკანიან) ბრიტანულ იდენტობაზე, ამით მხოლოდ გაამყარებ იმ წინასწარ ფორმირებულ შეხედულებებს, რომლებსაც ებრძვი. დიახ, სიმბოლოებს კითხვები უნდა დავუსვათ, მაგრამ აუცილებელია გვჯეროდეს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში დარწმუნების ძალა უფრო მეტს მიაღწევს, ვიდრე შიშველი ძალა. და, რაც მთავარია: სიმბოლოების გარშემო ბრძოლა ხშირად საბაბს აძლევს პოლიტიკოსებს, სერიოზულად არ მოეკიდონ რეალურ პრობლემას - კერძოდ, რასიზმს და სოციო-ეკონომიკურ ჩაგვრას“.