Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სად არის „სამართლებრივი და ჰუმანური გამოსავალი“ - ჩაკეტილი წრე სააკაშვილის გარშემო


ფოტოკოლაჟი: სალომე ზურაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილი
ფოტოკოლაჟი: სალომე ზურაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილი

„ქართულ ოცნებას“ მოსწონს პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, არ შეიწყალოს პატიმარი ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი; თუმცა მმართველი პარტია ამჩნევს იმასაც, რომ ზურაბიშვილის განცხადებები და პოზიცია ძველებურად კატეგორიული აღარ არის.  

„დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია!“ - ეს არის კიდევ ერთი გზავნილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, რომელიც ამ შემთხვევაში პირადად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისკენ, ირაკლი კობახიძისკენ არის მიმართული. განცხადება ადრესატმა „ოხუნჯობად“ ჩათვალა.

შეწყალებას არ აპირებს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხისთვის უნდა გამოინახოს „სამართლებრივი და ჰუმანური გამოსავალი“, რადგან ამას საქართველოს მომავალი ეწირება.

„ჩაკეტილ წრეზე ტრიალი“

7 თებერვლის გვიან საღამოს გამოქვეყნებული განცხადებით სალომე ზურაბიშვილმა თითქმის სრულად გააქრო მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებში შემორჩენილი მკრთალი იმედი, რომ სასამართლოს უარის შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გადაევადებინა სააკაშვილის სასჯელი, ის პატიმარ პაციენტს შეიწყალებდა.

შეწყალების მოლოდინი ჰქონდა ასევე ექსპერტების ნაწილსაც, მაგრამ მათ შორის არასოდეს იყო „ქართული ოცნების“ კოალიციის ყოფილი წევრი, ყოფილი პოლიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი. მისთვის იმთავითვე ნათელი იყო, რომ მეხუთე პრეზიდენტი მესამეს არ შეიწყალებდა.

„[შეწყალებას] აზრი არა აქვს. ამით ის [მიხეილ სააკაშვილი] ვერ გათავისუფლდება, რადგან მას კიდევ არაერთ საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული... რეალურად, შეწყალება ვერ მოიტანდა შედეგს. მარტივად რომ ვთქვათ, პრეზიდენტს ეს ნაბიჯი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერად ჩაეთვლებოდა და სააკაშვილი მაინც იქ დარჩებოდა, სადაც არის“, - ეუბნება დავით ზურაბიშვილი რადიო თავისუფლებას. ის დარწმუნებულია იმაშიც, რომ შეწყალება პოლარიზაციას არათუ შეამცირებდა, არამედ გაზრდიდა, ვინაიდან „სააკაშვილის საკითხი წარმოადგენს "ფრონტის ერთ-ერთ მთავარ ხაზს" ხელისუფლებასა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის და, შესაბამისად, მათი მხარდამჭერებისთვისაც“.

დავით ზურაბიშვილს ქვეყნისთვის დამაზიანებლად მიაჩნია პროცესების არსებულ კალაპოტში გაგრძელებაც და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ყველაზე რეალურ გზად ევროკავშირის ჩართულობით კიდევ ერთი, ყველასთვის სანდო საექსპერტო დასკვნის მომზადება ესახება. ის ასევე ასახელებს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დროებითი ღონისძიების მექანიზმის ამოქმედებას.

სალომე ზურაბიშვილის 7 თებერვლის განცხადებიდან:
"პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების სამართლიანობა/უსამართლობის შესახებ არ და ვერ იმსჯელებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური შეფასება ყველას გვევალება - ერთი რამ ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართველ ხალხს მიესაჯა ჩაკეტილ წრეზე ტრიალი და ამ ვითარების მძევლად დარჩენ"
„პრეზიდენტისკენ ხელის გამოშვერა არაფრის მომტანია, თუ არა კიდევ ერთხელ საზოგადოების მოტყუების მცდელობა, ვითომ არ იცოდეს ყველამ, ან ერთმა, ან მეორემ, რომ პრეზიდენტის შეწყალებით მიხეილ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება (კიდევ სამ საქმეზე არის ბრალდებული) და, რაც მთავარია, ვითომც ამ ხელმოწერით ქვეყანა თავის სახეს და რეპუტაციას ვერ დაიბრუნებს და ვერც გადამწყვეტ შედეგს მიაღწევს ევროპულ გზაზე“;
- „[შეწყალება] პრეზიდენტის ინდივიდუალური და პერსონალური ნების გამოხატვაა და არა რეჟიმის ახალი მიდგომის ან რეალური დეპოლარიზაციის ნიშანი, რასაც ჩვენგან ითხოვს ევროპა“.
- „ნდობის აღდგენას უნდა სხვა ძალისხმევა, სხვა შეგნება: ხელისუფლებისგან, რომ ეს საკითხი [სააკაშვილის საკითხი] აზიანებს ქვეყანას და უნდა მოიძებნოს სამართლებრივი და ჰუმანური გამოსავალი; ოპოზიციისგან, რომ ერთხელ და სამუდამოდ სააკაშვილმა აღიაროს დანაშაული და პოლიტიკიდან წასვლის პირობით მძევლობიდან გაათავისუფლოს ქვეყანა და თვით ოპოზიცია“.

იურისტებმა რადიო თავისუფლებას სხვადასხვა დროს განუმარტეს, რომ პრეზიდენტს შეუძლია შეიწყალოს მსჯავრდებული, თუკი მას სხვა საქმეებზე წინასწარი პატიმრობა არა აქვს შეფარდებული, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაშია. თუმცა, ტექნიკურად ისიც იოლია, რომ შეწყალების შემდეგ, რომელიმე მიმდინარე საქმეზე იმდენად სწრაფად შეეფარდოს პატიმრობა, რომ მსჯავრდებულმა საპატიმროსა და ქვეყნის დატოვება ვერ მოასწროს.

„მაინც უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა [მიხეილ სააკაშვილი] და ვფიქრობ, რომ, ადრე თუ გვიან, ეს მაინც ასე მოხდება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი. მისი შეფასებით, შეწყალება პოლარიზაციის საკითხსაც მოაგვარებდა.

„აზრი ყოველთვის აქვს კეთილ საქმეს. შეიძლება შედეგი ბოლომდე არ იქნას მიღწეული, მაგრამ უნდა გააკეთო ის, რაც გევალება... ახლა გამოდის, რომ პრეზიდენტმა ხელები დაიბანა მანამდე, ვიდრე რაიმეს ცდიდა... ჩვენ ხომ არ ვიცით, თუკი შეიწყალებს, შემდეგ მართლა შეუფარდებენ თუ არა ხელმეორედ პატიმრობას [სააკაშვილს]?! ქვეყნისთვის ჯობია, რომ სააკაშვილი წავიდეს უცხოეთში... პრეზიდენტი ამბობს, სააკაშვილმა, გათავისუფლების შემდეგ, შესაძლოა ქვეყანა დააზარალოსო. ქვეყანა ახლა ბევრად უფრო ზარალდება, პატიმრის მიერ [კლინიკა „ვივამედიდან“] თავისი საშინელი ფიზიკური მდგომარეობის დემონსტრირებით და ეს ფოტოები მერე მსოფლიოში ვრცელდება“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი.

„ყოფილი პრეზიდენტის განცხადებების გათვალისწინებით და მის მიერ არ აღიარებული, არ მონანიებული დანაშაულების შედეგად, მოსალოდნელია, მისი გათავისუფლების შემთხვევაში, იგი იქცეს აქტიურ მოწინააღმდეგედ, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ რეალურად ქვეყნის რეპუტაციის და მაშასადამე მისი ევროპული შანსების ... ქვეყნის ამ მდგომარეობაში ჩაძირვის პასუხისმგებლობა ერთნაირად ნაწილდება მათზე, ვინც დაარწმუნეს ყოფილი პრეზიდენტი შემოსულიყო, და მათზე, ვინც შემოუშვა და რეალურად აღარ უშვებს“ - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა 7 თებერვალს.

"აღარ არის საჭირო ზედმეტად გაბრაზება"

სალომე ზურაბიშვილის მიერ, შეწყალების მექანიზმის არაეფექტიანობის შესახებ, 7 თებერვალს გაკეთებულ განცხადებას წინ უსწრებდა ცნობები იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო დავა შეწყვიტა.

გოგოლაშვილი არ ფიქრობს, რომ მთავრობისა და პრეზიდენტის სვლები შეთანხმებული იყო, თუმცა ვარაუდობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს, შესაძლოა, ერთგვარი პრევენციული ნაბიჯი იყოს - „დაძაბულობის განმუხტვისთვის“.

საკონსტიტუციო დავის შეწყვეტის მიზნად ასევე დაძაბული ფონის შემსუბუქება წარმოუდგენია დავით ზურაბიშვილს. წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ის დაახლოებით ასეთ სცენარს ვარაუდობს: „დარეკავს ბიძინა [ივანიშვილი] და ეტყვის - არ გინდათ ახლა, გამოიტანეთ [სარჩელი] და მორჩა. ეს მის ხასიათზეა დამოკიდებული მხოლოდ. შეიძლება ჩათვალა [ბიძინა ივანიშვილმა], რომ პრეზიდენტი ძალიან გაბრაზებული იყო და აღარ არის საჭირო ზედმეტად გაბრაზება, თორემ მართლა მტრის [ოპოზიციის] მხარეს არ გადავიდეს“.

დაძაბულობა რჩება

ერთი მხრივ, „ოცნებაში“ კმაყოფილებით აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციას „ცივი წყალი გადაასხა“; ხოლო, მეორე მხრივ, „ცუდ ამბად“ თვლიან, რომ პრეზიდენტი, შეწყალებასთან მიმართებით, აღარ იმეორებს წარსულში რამდენჯერმე ნათქვამ ფრაზას - „არა და არასოდეს!“. „გუშინ, მაგალითად, ასეთი განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მას სათანადო პოზიცია აქვს, ჩვენ მეტ სიღრმეში არ შევალთ“, - უთხრა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებს, 8 თებერვალს.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება "გლობალურ ომის პარტიას" სურს, არეულობის მოწყობისა და საბოლოოდ საქართველოს მიერ "მეორე ფრონტის" გახსნის მიზნით. სალომე ზურაბიშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ "მეორე ფრონტის" გახსნის გეგმებზე ლაპარაკი სრულიად უსაფუძვლოა.

პრეზიდენტის განცხადებამდე, სააკაშვილის შესაძლო შეწყალების შესახებ შეკითხვის საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს იქნებოდა სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და ასეთ აქტზე „უმძიმესი რეაქცია“ ექნება როგორც საზოგადოებას, ასევე პირადად მასაც.

„დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია!“, - უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა მმართველი პარტიის თავმჯდომარეს მისი ადმინისტრაციის სახელით ცალკე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელშიც ირონიულად არის ციტირებული თავად კობახიძის ერთგვარი თვითწარდგენა საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის გამოცხადებისას.

„ეს იყო მცირე ოხუნჯობა, რაც შეიძლება, პრეზიდენტს წელიწადში ერთხელ ეპატიოს“, - ასეთი იყო კობახიძის პასუხი პასუხზე.

მანამდე, დეკემბერში, ასევე მუქარად შეფასდა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადება, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის შეწყალების გადაწყვეტილების მიღება „იქნება ძალიან მძიმე, პირადად მისთვის და მისი კარიერისთვის”. ზურაბიშვილმა ირონიული ღიმილით თქვა, რომ ის კარიერაზე აღარ ფიქრობს.
პრეზიდენტმა დეკემბრის მიწურულს მიანიშნა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების ორგანიზებული იყო საპროტესტო აქცია (ლოზუნგით - "არ გაბედო!"), რომელიც ორბელიანების სასახლესთან, სააკაშვილის არშეწყალების მოთხოვნით გაიმართა. „აქ რომ მომივარდით ვიღაცის ჭორებზე“, - ასე მიმართა, 28 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი ბოლო განცხადებაში, ოპოზიციასთან ერთად, ქვეყნის დისკრედიტაციაში ხელისუფლებასაც სდებს ბრალს. ახსენებს რუსეთის მიმართ „გაუგებარ ლმობიერებას“, „ზედმეტ სიფრთხილეს", „სანქციების არიდების დაჟინებულ რიტორიკას“ თუ „ფრენების აღდგენის პოზიტიურად შეფასებას“, „რომელიც უპირისპირდება უკრაინელებისა და ჩვენ პარტნიორების მიმართ მკაცრ და ხშირად შეურაცხმყოფელ კრიტიკას“.

„არ მუშავდება ხელისუფლების მიერ აუცილებელი სტრატეგია - არც ჩვენი ცოცხალი ძალების, მეტწილად ახალგაზრდების ქვეყნიდან გადინების მზარდ ტენდენციებზე და არც რუსეთიდან მასობრივად შემოდინებაზე და მის შესაძლო საფრთხეების აღსაკვეთად. გაჩნდა ჩვენ შესახებ - ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის სრულიად შეურაცხმყოფელი კითხვა და ეჭვები - „ნუთუ საქართველო მიჰყვება თავის გაცხადებულ ორიენტაციას თუ უბრუნდება რუსეთის ორბიტას“, - აცხადებს ზურაბიშვილი.

პრეზიდენტ ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ საერთაშორისო პარტნიორები და ევროპარლამენტარებმა ეს, დეკემბერში დამტკიცებულ ბოლო რეზოლუციაშიც ჩაწერეს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG