საქართველოს სახელმწიფო დროშისთვის სადგამის დასამონტაჟებლად ქუთაისის მერიამ წელს უკვე მეორედ გამოაცხადა 65 651 ლარის ტენდერი. თავდაპირველად დროშის სადგამი ნიკეას ქუჩაზე უნდა გაეკეთებინათ, დღეს კი ადგილად მითითებულია ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია. აპრილში გამოცხადებული პირველი ტენდერი მერიამ თავად შეწყვიტა. სატენდერო კომისიამ 25 აპრილს გამართულ სხდომაზე დროშის სადგამის მოსაწყობად ელექტრონული შესყიდვა მიზანშეწონილად არ მიიჩნია, თუმცა მიზეზი არ განუმარტავს. გიგია შუშანია, ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი, ამბობს, რომ სახელმწიფო დროშის სადგამისთვის გამოცხადებული ტენდერის ღირებულება არარეალურია და ის შესაძლო კორუფციული გარიგების ეჭვებს ბადებს:
„ქუთაისის მერია ხან ერთ ადგილას ცდილობს 65-ათასლარიანი ბოძის დადგმას და ხან მეორეზე და მე მექმნება შთაბეჭდილება, რომ საქმე გვაქვს შესაძლო კორუფციულ გარიგებასთან მერიასა და კონკრეტულ პიროვნებას შორის“.
ფასი დადგენილია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საპროექტო ორგანიზაციის მიერ. ადგილმდებარეობის ცვლილებაზე კამათიც არ შეიძლება, რადგან ადგილს, სადაც დროშის განთავსებას ვაპირებთ, შინაარსობრივად აქვს დატვირთვა და ვიზუალური ეფექტი ექნება მეტი.
სახელმწიფო დროშის სადგამისთვის 65 ათას ლარზე მეტი თანხის დახარჯვას არამიზნობრივად მიიჩნევს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია. მისი განცხადებით, ქუთაისში არსებული სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების სიმრავლის ფონზე მერია დროშის სადგამისთვის ამდენ ფულს არ უნდა ხარჯავდეს:
„ეს კატასტროფულად დიდი თანხაა, არ შეიძლება ეს სადგამი ღირდეს 65 ათასი. მიზანი რა არის, განგვიმარტონ. უპასუხისმგებლობაა და ღალატი ქალაქში ამ სადგამის გაკეთება“.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საპასუხოდ ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ბაგრატის ტაძრის მახლობლად სახელმწიფო დროშის აღმართვას სიმბოლური დატვირთვა აქვს. მერიის ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის მირზა ხიდაშელის განცხადებით, დროშის სადგამის პროექტი „სამართლებრივი ანალიზისა და ექსპერტიზის ცენტრმა“ მოამზადა და პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხა დაადგინა:
„ფასი დადგენილია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საპროექტო ორგანიზაციის მიერ. ადგილმდებარეობის ცვლილებაზე კამათიც არ შეიძლება, რადგან ადგილს, სადაც დროშის განთავსებას ვაპირებთ, შინაარსობრივად აქვს დატვირთვა და ვიზუალური ეფექტი ექნება მეტი. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ 65 ათასი ლარი ძვირია დროშის სადგამის მოსაწყობად, გვაჩვენებს ტენდერის შედეგები: თუ თანხა დიდია, მაშინ ბევრი პრეტენდენტი მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც სურვილი ექნება ნაკლებ თანხაში შეასრულოს სამუშაო“.
სახელმწიფო დროშის აღსამართავად საჭირო კონსტრუქციისთვის 65 ათასი ლარის დახარჯვას არაერთგვაროვნად აფასებენ რადიო თავისუფლების ქუთაისელი რესპონდენტები, თუმცა დიდი ნაწილისთვის, სოციალური პრობლემების გათვალისწინებით, მიუღებელია სადგამში რამდენიმე ათეული ათასი ლარის გადახდა.
სახელმწიფო დროშის სადგამის მოსაწყობად ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა კომპანიებს 27 ივლისამდე შეუძლიათ. სატენდერო დოკუმენტაციით, გამარჯვებულმა კომპანიამ 30 დღის ვადაში უნდა განახორციელოს პროექტი, რომლის მიხედვითაც, შერჩეულ ადგილზე ექსკავატორით უნდა მოჭრას 3 კუბური მეტრი მიწა და ტვირთმზიდი მანქანებით გაიტანოს, მოაწყოს საძირკვლის წყალგაუმტარი მონოლითური რკინის კონსტრუქციები და დაამონტაჟოს ორმოცდაექვს-ნახევარი მეტრი სიმაღლის უჟანგავი ლითონის სვეტი სახელმწიფო დროშისთვის.