Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული გაზი არც ისე ძვირია, მაგრამ საშიშია - საქართველო კი იმპორტს ისევ ზრდის


უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როდესაც ევროპამ გაზის ალტერნატიული წყაროების მოძიება დაიწყო, ერთ-ერთი აზერბაიჯანი აღმოჩნდა.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როდესაც ევროპამ გაზის ალტერნატიული წყაროების მოძიება დაიწყო, ერთ-ერთი აზერბაიჯანი აღმოჩნდა.

შარშან რუსეთიდან გაზის იმპორტი ისევ გაიზარდა.

596 მლნ მ3 რუსულ გაზში 110 მლნ დოლარია გადახდილი, 18%-ით მეტი 2022 წელთან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ 1000 მ3 რუსულ გაზში დაახლოებით 185 დოლარი გადავიხადეთ. რუსეთისგან განსხვავებით, გაზის იმპორტი შემცირდა აზერბაიჯანიდან, რომელიც უკვე წლებია ქვეყნისთვის გაზის მთავარი მომწოდებელია.

ამ სტატიაში ვარკვევთ:

  • რატომ გაიზარდა რუსეთიდან გაზის იმპორტი;
  • რა რისკი ახლავს რუსულ გაზზე მზარდ დამოკიდებულებას;
  • რატომ შეამცირა აზერბაიჯანმა საქართველოსთვის გაზის მოწოდება, როცა ევროკავშირს და თურქეთს გაუზარდა.

დავიწყოთ იმით, რომ გაზი ქვეყანაში ყველაზე მოხმარებული რესურსია, მაგრამ, რადგან ადგილობრივი მოპოვება უმნიშვნელოა (2022 წელს გაზის მოხმარებაში ადგილობრივი წარმოების წილი მხოლოდ 0.5% იყო), ქვეყანა სრულად იმპორტირებულ გაზზეა დამოკიდებული.

საქართველოში ბუნებრივი აირის შემოტანის ორი წყარო არსებობს: აზერბაიჯანი და რუსეთი. ამ ორ ქვეყანასთან საქართველოს მილსადენები აკავშირებს, რომლითაც გაზს არა მხოლოდ იღებს, არამედ სომხეთსა და თურქეთში ატარებს კიდეც.

გაზს რამდენიმე ტიპის მოხმარებელი ჰყავს: საყოფაცხოვრებო (მოსახლეობა); არასაყოფაცხოვრებო (ბიზნესი) და თბოსადგურები. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში მათ 2.97 მილიარდი მ3 მოცულობის გაზი მოიხმარეს, ეს თითქმის სრულად იმპორტირებული იყო. შარშან გაზის იმპორტი 424 მლნ დოლარი დაჯდა.

რატომ გაიზარდა რუსეთიდან გაზის იმპორტი და რა რისკი ახლავს რუსულ ბუნებრივ აირს?

სანამ რუსეთიდან გაზის იმპორტის ზრდის მიზეზებს გავარკვევდეთ, უნდა ვთქვათ, რომ რუსეთთან საქართველოს ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენი აკავშირებს, საიდანაც სომხეთი რუსულ გაზს იღებს. ეს გაზსადენი სომხეთისთვის გაზის მიღების მთავარი წყაროა. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, 2023 წელს გაზსადენით გატარებული გაზის მოცულობა 2.3 მილიარდ მ3-მდე შემცირდა.

ადრე, გატარების სანაცვლოდ, საქართველო ბუნებრივ აირს იღებდა (გატარებული გაზის 10%-ს), თუმცა შემდეგ „გაზპრომ ექსპორტმა“ ფულის გადახდა დაიწყო. რუსულ სახელმწიფო კომპანიასთან ხელშეკრულება კომერციული საიდუმლოს საბაბით არ საჯაროვდება, შესაბამისად, პირობები უცნობია.

როგორც სემეკის მიერ რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებული სტატისტიკიდან ჩანს, ბოლო ხუთ წელში რუსეთიდან გაზის იმპორტი 3-ჯერ გაიზარდა.

უნდა ითქვას, რომ 2019 წელთან შედარებით ასევე გაზრდილია გაზის მოხმარებაც, მაგრამ არა ამ მასშტაბით. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) კვლევაში წერია, რომ ბოლო წლებში საქართველოს ბუნებრივი აირის მოხმარება ეტაპობრივად იზრდებოდა, მაგრამ რუსეთიდან იმპორტირებული გაზის რაოდენობა ბუნებრივი აირის მოხმარების ზრდას აჭარბებდა.

„რუსეთიდან იმპორტირებუულმა გაზმა გარვეკულ შემთხვევებში აზერბაიჯანიდან იმპორტირებული აირის ნაწილი ჩაანაცვლა, თუმცა ე.წ. „სოციალური გაზის” შეძენა საქართველოს შეზღუდული რაოდენობით შეუძლია, რამაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იძულებული გაგვხადოს, გაზი რუსეთიდან შემოვიტანოთ“, - წერია მათ მიერ მომზადებულ კვლევაში.

რაც შეეხება ფასს, სტატისტიკიდან ასევე ჩანს, რომ რუსული გაზის მოცულობის ზრდასთან ერთად, ბუნებრივია, იზრდებოდა რუსებისთვის გადახდილი თანხაც.

ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ რუსეთიდან გაზი მხოლოდ მინიმალურად, აუცილებელი მოცულობით შემოდის დანაკლისის შესავსებად. თანაც ძირითადად ზამთარში, როცა ქვეყანაში ყველაზე მეტ გაზს მოიხმარენ.

„არ უნდა ჩავარდე ისეთ დამოკიდებულებაში, რომელსაც დიდი ზიანის მიყენება შეუძლია. 20%-იანი დამოკიდებულება რუსულ გაზზე ნამდვილად არ მგონია კრიტიკული. აზერბაიჯანზე 100%-იანი დამოკიდებულებაც არ არის მაინცდამაინც სასიამოვნო. 2006 წლის მაგალითი იცით, რაც რუსეთმა გააკეთა… ისეთი ვითარება არ უნდა შექმნა, რომ სხვა გამოსავალი არ გქონდეს“, - ამბობს ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი.

2006 წელი, რაზეც მარგველაშვილი საუბრობს, ნამდვილად მძიმე აღმოჩნდა, ზამთარში ქვეყანა რამდენიმე დღე გაზის გარეშე დარჩა, რადგან რუსეთმა საქართველოს მისი მიწოდება შეუწყვიტა. მაშინდელი ხელისუფლების შეფასებით, მილსადენის აფეთქებით რუსეთი საქართველოზე პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზეწოლას ახდენდა.

„შეიძლება ჰქონდა კიდეც [რუსეთის გარდა სხვა ალტერნატივა], მაგრამ აქედან უფრო იაფი იყო. ჩვენ ევროკავშირის სანქციებს მიერთებულნი არ ვართ, რომ რუსეთიდან გაზი არ მივიღოთ. მორალური და რაღაც სხვა მოსაზრებებით შეიძლებოდა ეს გაეკეთებინათ, მაგრამ რომ მიიღო რუსული გაზი, ამაში დიდ უარყოფითს ან დანაშაულს ვერ ვხედავ. სიმართლე რომ გითხრათ, მეც არ მსიამოვნებს, მაგრამ რეალობა ასეთია“, - ამბობს მარგველაშვილი.

შარშან აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტი თითქმის 100 მლნ მ3-ით არის შემცირებული. საქართველოსგან განსხვავებით, აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტი გაზარდეს როგორც თურქეთში, ისე ევროპაში.

ზუსტი მიზეზის დადგენა, რატომ შემცირდა აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტი, რთულია და მხოლოდ ვარაუდებზე შეიძლება საუბარი, - ამბობს მარგველაშვილი და ამატებს: „როცა ბაზარზე გამჭვირვალე წესები არ არის, მერე უკვე სპეკულაცია იწყება. თეორიების აწყობა იმაზე, რომ ეს რომელიმე ერთმა მიზეზმა გამოიწვია, არასწორია“.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როდესაც ევროპამ გაზის ალტერნატიული წყაროების მოძიება დაიწყო, ერთ-ერთი აზერბაიჯანი აღმოჩნდა. 2022 წელს დადებული შეთანხმებით, აზერბაიჯანულმა მხარემ განაცხადა, რომ 2027 წლისთვის 20 მილიარდ მ3-მდე გაზს მიაწვდის ევროკავშირს, ანუ თითქმის გააორმაგებს ექსპორტის მოცულობას. თუ მართლაც ასე გაზრდის აზერბაიჯანი ევროკავშირში ექსპორტს, საქართველო მეზობლისგან უფრო მეტ იაფ გაზს მიიღებს. აგიხსნით, რატომ.

საქართველო აზერბაიჯანული მხარისგან ბუნებრივ აირს სხვადასხვა წყაროდან იღებს. უმთავრესი კი სამხრეთკავკასიური გაზსადენია, რომლითაც შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზი საქართველოს გავლით თურქეთსა და ევროკავშირს მიეწოდება. ანუ ამ გაზსადენით აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი მთავარ ბაზრებზე ხვდება. გატარების სანაცვლოდ საქართველო ორი კონტრაქტით იაფად იღებს გაზს. მათგან უმთავრესი „ოფციური“ გაზია. მისი მოცულობა ყოველწლიურად აზერბაიჯანიდან თურქეთში გატარებული გაზის მიხედვით ითვლება.

ეს კონტრაქტი საშუალებას იძლევა, შეღავათიან ფასად გატარებული გაზის 5%-მდე იყიდოს ქვეყანამ. დამატებითი გაზის მოცულობა კი ფიქსირებულია, ეს ნიშნავს, რომ მილსადენში გატარებული გაზის მოცულობის მიუხედავად, საქართველო ყოველწლიურად 500 მლნ მ3 გაზს იღებს.

კომერციული მომხმარებელი, ანუ ბიზნესი, აზერბაიჯანიდან კერძო კონტრაქტების საფუძველზეც იღებს გაზს. ვინაიდან ქვეყანაში გაზის ბირჟა არ არსებობს, ფასი საჯარო არ არის.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, შარშან ამ მილსადენში 21 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტმა გაზმა გაიარა, რაც ბოლო 13 წლის რეკორდული მაჩვენებელია. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ოფციური გაზის კონტრაქტით იაფად უფრო მეტს გაზს იყიდის, ვიდრე წინა წლებში.

XS
SM
MD
LG