35-მილიმეტრიან ფირზე გადაღებულ, მანამდე უცნობი დოკუმენტური ფილმის სასინჯ ასლებს მიაგნეს ორიოდე დღის წინ რუსთავის კულტურის სახლის საწყობში, ერთ-ერთი კაპიტალური დალაგებისას. ფირი საბჭოთა პერიოდს ეკუთვნის. ჩადებულია სპეციალურ რკინის დისკში, მასზე დაკრული შტამპით, რომელსაც აქვს მინაწერი „რუსთავი-40“ და “II სასინჯი ასლი“. ფირი ეკუთვნის სახელმწიფო ორგანიზაცია “Грузия-Фильм“-ს („ქართული ფილმი“).
ადგილობრივი მერიის მიერ დაფუძნებული "ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის" დირექტორი გეგი ლიპარტელიანი ამბობს, რომ აღმოჩენილი ფირი, სავარაუდოდ, რუსთავზე გადაღებულ დოკუმენტურ კადრებს წარმოადგენს და მთლიანი ფილმის მესამე ნაწილია. პირველ და მეორე ნაწილს ვერსად მიაგნეს:
„ჩვენთვის უცნობია ნაპოვნი დოკუმენტური მასალის ქრონომეტრაჟი და შინაარსი, თუმცა ზედაპირული დათვალიერების დროს წავაწყდით რომელიღაც სხდომის კადრებს. მის გადაცემას მხარეთმცოდნეობის მუზეუმისთვის ვაპირებთ, ისინი მიხედავენ“.
რადიო თავისუფლების კითხვაზე, ხომ არ ნიშნავს მინაწერი „რუსთავი-40“ იმას, რომ დოკუმენტურ ფილმს 1988 წელს რუსთავის დაარსებიდან 40 წლის იუბილეს აღსანიშნავად იღებდნენ, გეგი ლიპარტელიანმა თქვა, შესაძლებელია, თუმცა ამაში დარწმუნებული არ ვარო.
გია პაპავას, რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ სპეციალური კორესპონდენტი იყო რუსთავში, კარგად ახსოვს 1988 წელს ქალაქის დაარსებიდან 40 წლის საიუბილეო დღეები. სადღესასწაულო ღონისძიებები მაშინ პირველად ჩატარდა, კომუნისტური პარტიის რუსთავის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად დაბრუნებული ჟიული შარტავას ინიციატივით, თუმცა საიუბილეო დღეებს თავად შარტავა არ დასწრებია - რუსთავში დანიშვნიდან „მალევე სხვაგან გადაიყვანეს“. გია პაპავამ დასძინა, რომ ის რუსთავში გაზეთის სპეცკორად შარტავამ ჩამოიყვანა.
პაპავას თქმით, „ საქართველოს ფილმი“ 1988 წლისთვის 35-მილიმეტრიან ფირს აღარ იყენებდა, მაშინ ფილმებს უფრო მაღალი ხარისხის მასალით და კინოაპარატებით იღებდნენ. მისი ვარაუდით, აღმოჩენილი კადრები უფრო ადრეული წლების უნდა იყოს - შესაძლებელია, 70-იანი ან 80-იანი წლების დასაწყისის.