Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავში ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციის უბნიდან გასახლებას ითხოვენ


არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ცხოვრება - საქართველოს“ წევრები და ამერიკელი მოხალისეები სამაგიდო თამაშის დროს
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ცხოვრება - საქართველოს“ წევრები და ამერიკელი მოხალისეები სამაგიდო თამაშის დროს

რუსთავში არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ცხოვრება - საქართველოს“ მიერ გახსნილი კლუბის დახურვას ითხოვენ. პრეტენზიის ავტორთა მტკიცებით, ორგანიზაცია საეჭვო, გარყვნილი საქმიანობით არის დაკავებული, თუმცა ეს ეჭვები მტკიცებულებებით არ არის გამყარებული. თავად არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერები ამბობენ, რომ კლუბის დახურვას არ აპირებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ცხოვრება - საქართველომ“, რომლის ერთ-ერთი კლუბი რუსთავში, მესხიშვილის ქუჩის მეორე გასასვლელში, მდებარეობს, გასული კვირის ბოლოს მედიასთან ერთად კლუბის მახლობლად მცხოვრებნი მიიწვია ორგანიზაციის საქმიანობის მიმართ ეჭვის გასაქარწყლებლად. რუსთავის ამ უბნის მცხოვრებნი მიწვევას არ გამოხმაურებიან. შორიახლოს შეკრებილი რამდენიმე ქალი კვლავ მოითხოვდა ორგანიზაციის უბნიდან გასახლებას. ერთ-ერთი მათგანის, სოფო ლელაძის, საჩივრის საფუძველზე, სამართალდამცავები ორგანიზაციის საქმიანობით დაინტერესდნენ და მისი წევრი გამოსაკითხად პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.

„ახალგაზრდული ცხოვრება - საქართველოს“ ოფისი რუსთავში
„ახალგაზრდული ცხოვრება - საქართველოს“ ოფისი რუსთავში

„ახალგაზრდული ცხოვრება - საქართველოს“ გამგეობის წევრი და ერთ-ერთი დამფუძნებელი ვირჯინია სტოლიარენკო ამბობს, რომ პოლიციამ გამოძიება დაიწყო:

“ჩვენ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. მე პირადად მოვიწვიე ექსპერტები. გამოძიების სამსახურთან ერთად გააღეს, დაათვალიერეს ოფისი, დაათვალიერეს ყოველი კუთხე, ვერაფერი საეჭვო ვერ ნახეს. თქვეს, კანონთან არ გვაქვს პრობლემებიო, თქვენ გაქვთ პრობლემები საზოგადოებასა და მათ ნდობასთანო. ამიტომ გვირჩიეს, მედიას მივმართოთ”.

ვირჯინია სტოლიარენკომ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მოსახლეობა უსაფუძვლო ჭორებსაა აყოლილი. მომჩივანი სოფო ლელაძე ვარაუდობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია გარყვნილებას ქადაგებს და იქვე მცხოვრებ მოზარდებსა და ბავშვებსკლუბში აწევრიანებს:

მარტო ტრენინგები და სემინარები არ გვაქვს. ვთამაშობთ გარეთ, გვაქვს სპორტული ღონისძიებები, ბანაკები, ფლეშმობები, ლაშქრობები. ამ ყველაფრით გვსურს ახალგაზრდები იყვნენ დაკავებულნი. პლუს, ეთნიკური უმცირესობისთვის არის კარგი საშუალება, რომ მათი ინტეგრაცია მოხდეს თანამედროვე საზოგადოებაში...
ვირჯინია სტოლიარენკო

„ისეთ ბავშვებს უქადაგებენ მეგობრობასა და სიყვარულს, რომლებსაც, ფაქტობრივად, მშობლები არ ჰყავთ. რატომ უნდა გარყვნან... იქ არიან ძირითადად რუსები და „აზერები“, როგორც გადავხედე, ქართველები - ძალიან ნაკლებად. აქედან გამომდინარე, მე მოვითხოვ კატეგორიულად დატოვონ მათ ეს ტერიტორია, იმიტომ რომ არ უნდა იყოს ასეთი გარემო აქ“.

სოფო ლელაძეს მხარს უჭერს მისი მეზობელი დალი მარკებლერაშვილი, რომელსაც ორგანიზაციის დაფინანსების წყარო აინტერესებს.

დალი მარკებლერაშვილის თქმით, თუ რუსთავის ხელისუფლება ორგანიზაციის მიმართ არსებულ პრეტენზიებს უყურადღებოდ დატოვებს, ის იქნება ერთ-ერთი ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციის გასახლების მოთხოვნაზე, რომელიც უბანში შეგროვდება .„ახალგაზრდული ცხოვრება - საქართველო“ 2012 წელს დაფუძნდა, თუმცა აქტიურობა 2014 წლიდან დაიწყო. მას კლუბები აქვს გახსნილი რუსთავში, ბორჯომსა და გარდაბანში. „ახალგაზრდული ცხოვრება - საქართველოს“ მიზნებსა და ამოცანებზე ვირჯინია სტოლიარენკომ გვიამბო:

„მარტო ტრენინგები და სემინარები არ გვაქვს. ვთამაშობთ გარეთ, გვაქვს სპორტული ღონისძიებები, ბანაკები, ფლეშმობები, ლაშქრობები. ამ ყველაფრით გვსურს ახალგაზრდები იყვნენ დაკავებულნი. პლუს, ეთნიკური უმცირესობისთვის არის კარგი საშუალება, რომ მათი ინტეგრაცია მოხდეს თანამედროვე საზოგადოებაში“.

ვირჯინია სტოლიარენკო ამბობს, რომ რუსთავში კლუბს არ დახურავენ.

ბადრი ცეტიაშვილი, რომლის სამივე შვილი „ახალგაზრდული ცხოვრება - საქართველოს“ წევრია, გვეუბნება, რომ შედეგით კმაყოფილია. მისი თქმით, ორგანიზაცია ქადაგებს იმას, რაც ქრისტიანულ მორალს არ ეწინააღმდეგება. ბადრი ცეტიაშვილი ამბობს, რომ მოზარდებს ესაუბრებიან მაგალითად, იმაზე, რომ თამბაქოს მოწევა ცუდია, ცუდია ხულიგნობა და რომ დანაშაული.არ უნდა ჩაიდინო.

​იმ დროს, როცა ბადრი ცეტიაშვილი რადიო თავისუფლებას ესაუბრებოდა, „ახალგაზრდული ცხოვრება - საქართველოს“ კლუბში რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ და ხელმძღვანელობას მოსთხოვეს, შენობაზე განთავსებული აბრა და სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნები შეუთანხმონ მერიის არქიტექტურის სამსახურს. რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ეს ატრიბუტიკა რეკლამად მიიჩნიეს.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG