Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის მერის რეაგირება მოქალაქეების მოთხოვნაზე


მწყობრიდან გამოსული „ინტერტრანსის“ მიკროავტობუსები
მწყობრიდან გამოსული „ინტერტრანსის“ მიკროავტობუსები

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ გამოსცა ბრძანება, შემოწმდეს მგზავრთა გადამზიდავი კომპანია „ინტერტრანსის“ მიმართ მერიაში შესული მოქალაქეების წერილობითი პრეტენზიები და ინტერნეტში გავრცელებულ პეტიციაში მოყვანილი ფაქტები.

რუსთაველი მოსახლეობის უკმაყოფილება უკვე მრავალ წელს ითვლის, თუმცა ამჯერად ჩვენი მოთმინება უკვე აღარ არის საკმარისი იმ უპასუხისმგებლობის და არაპროფესიონალიზმის ასატანად, რასაც მგზავრები ყოველდღიურად ვაწყდებით ამ კომპანიის მფლობელობაში არსებული ტრანსპორტით სარგებლობისას...
პეტიცია

რუსთავის მერიაში რადიო თავისუფლებას ასევე უთხრეს, რომ ბრძანების საფუძველზე შემოწმდება, რამდენად ასრულებს გადამზიდავი კომპანია ადგილობრივ თვითმმართველობასთან დადებული ხელშეკრულების პირობებს.

24 ივლისს ინტერნეტით გავრცელდა პეტიცია, სადაც რუსთაველები კომპანია „ინტერტრანსის“ ხელმძღვანელებს მიმართავენ და „ისეთივე არაკომფორტული“ ყოველდღიურობის შექმნით ემუქრებიან, როგორიც მგზავრებს კომპანიის ტრანსპორტით სარგებლობისას ექმნებათ, თუკი მათი მოთხოვნები დაუკმაყოფილებელი დარჩა.

​„რუსთაველი მოსახლეობის უკმაყოფილება უკვე მრავალ წელს ითვლის, თუმცა ამჯერად ჩვენი მოთმინება უკვე აღარ არის საკმარისი იმ უპასუხისმგებლობის და არაპროფესიონალიზმის ასატანად, რასაც მგზავრები ყოველდღიურად ვაწყდებით ამ კომპანიის მფლობელობაში არსებული ტრანსპორტით სარგებლობისას“, - ნათქვამია პეტიციაში.

რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-ვე მარშრუტით მგზავრთა გადაყვანაზე გამოცხადებულ კონკურსში შპს "ინტერტრანსმა" 2014 წელს გაიმარჯვა. კომპანიამ მაშინ თავის საკუთრებაში არსებული დაახლოებით 280 M-2 კატეგორიის (მიკროავტობუსი) სატრანსპორტო საშუალება შემოიყვანა. ბევრი მანქანა დღეისთვის მწყობრიდან არის გამოსული.

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის მართვისა და კონტროლის განყოფილებაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ, 2018 წელს მოქალაქეების წერილობითი მიმართვებისა და ცხელ ხაზზე მიღებული შეტყობინებების საფუძველზე, რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მფლობელის მიერ ვალდებულებების შესრულების კონტროლის განხორციელების მიზნით, მიმდინარეობდა საკითხის შესწავლა. მოკვლევის შედეგად კომპანია “ინტერტრანსი” ათჯერ დაჯარიმდა. ამავე დროს, კომპანიასთან ხელშეკრულება 2018 წლის ბოლომდე გაგრძელდა, გარკვეული დათქმით, რომ „ინტერტრანსი“ ხარვეზებს გამოასწორებდა.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG