Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის თვითმმართველობის უარი მთავარ პროკურატურას


იალღუჯის ფერდობზე განაშენიანებული მწვანე ზოლი
იალღუჯის ფერდობზე განაშენიანებული მწვანე ზოლი

რუსთავის საკრებულომ 13 სექტემბერს გამართულ სხდომაზე მხარი დაუჭირა ადგილობრივი მერიის უარს, ქალაქის მიმდებარე იაღლუჯის ფერდობზე რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 20 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ბიზნესმენ გიორგი ონიანს საკუთრებაში გადაეცეს, რის შუამდგომლობითაც ადგილობრივ ხელისუფლებას მთავარმა პროკურატურამ მიმართა. ის კი არა, საკრებულომ იქით შეუტია და ქონების მართვის სააგენტოსგან იაღლუჯის ფერდობის 110 ჰექტარი მიწის ფართობის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა ითხოვა.

გადმოწერა

საქმე ისაა, რომ ბიზნესმენი გიორგი ონიანი ჯერ კიდევ 2011 წლის 17 თებერვლის სასამართლო განაჩენით დამნაშავედ ცნეს მიწის ნაკვეთის თაღლითურად ხელში ჩაგდების ფაქტზე: 2005 წელს, გამგეობაში წარდგენილი ყალბი დოკუმენტებისა და ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე, მან საკუთრებაში დაირეგისტრირა გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მდებარე 228 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. სასმართლოს განჩინებით ონიანს მაშინ 130 ჰექტარი მიწის ფართობი ჩამოართვეს, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოს მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა უწყებამ - სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა - გიორგი ონიანის საქმე ხელახლა შეისწავლა და ის დაზარალებულად ცნო. მიმდინარე წლის თებერვალში პროკურატურამ შესაბამისი შუამდგომლობით თბილისის სააპელაციო სასამართლოსაც მიმართა ბიზნესმენისთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმების მოთხოვნით.

გიორგი ონიანი
გიორგი ონიანი

ამა წლის 20 აგვისტოს მთავარმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა რუსთავის მერიასაც და გიორგი ონიანისთვის, როგორც დაზარალებულისთვის, 20 ჰექტარი მიწის ფართობის გადაცემის რეკომენდაცია მისცა. პროკურატურამ ონიანს ქონების მართვის სააგენტოსთანაც უშუამდგომლა მისთვის იაღლუჯის ფერდობზე არსებული 110 ჰექტარი მიწის ფართობის გადაცემის შესახებ.

საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის წევრები კატეგორიულები იყვნენ. თავმჯდომარე ლევან ონიანმა განაცხადა:

„ცალსახად, ეს ქონება არ უნდა იყოს გასხვისებული, რადგანაც ქალაქისთვის და იმ სტრატეგიისთვის...კერძოდ, გამწვანების მიმართულებით და ეკოლოგიური კატასტროფების გათვალისწინებით, ეს 20 ჰექტარი არ უნდა იყოს გასხვისებული“.

იალღუჯის ფერდობი
იალღუჯის ფერდობი

ლევან ონიანის პოზიცია მისმა მოადგილემ დავით რეხვიაშვილმა ეკოლოგიური მოტივით გაამყარა:

„არ მახსოვს იაღლუჯიდან წამოსულიყოს ქალაქის დატბორვისთვის ნებისმიერი რიგითი წვიმაც და არა კოკისპირული. მოხდა რაღაც ცვლილებები და ამან გამოიწვია ის, რომ წვიმისა და ღრუბლის ყოველ წამოსვლაზე ფეხზე ვდგავართ და ღამეს ვათენებთ. ამიტომ ამის გასხვისება კი არა, ქვეყნის მასშტაბით დავაყენეთ საკითხი, განგაშია ატეხილი, რომ სანიაღვრეები მოეწყოს, განაშენიანდეს მწვანე ზოლი, რომ რაღაცნაირად ავიცილოთ რუსთავის უმეტესი ნაწილის დატბორვა“.

დავით რეხვიაშვილმა გაიხსენა მიმდინარე წლის 2 ივნისის სტიქიაც, როცა უხვი ნალექის გამო თითქმის მთელ ქალაქს იაღლუჯის მთიდან წამოსული ნიაღვარი მოედო. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, კომერციული ობიექტები, გზებზე გადაადგილება შეუძლებელი გახდა.

ბონდო მამულაშვილი
ბონდო მამულაშვილი

სხდომაზევე საკრებულოს უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარე ბონდო მამულაშვილმა ფრაქციის სახელით მოუწოდა კოლეგებს, მიმართონ მთავრობას, რათა რუსთავს საკუთრებაში გადასცენ ნარგავებით განაშენიანებისთვის მიმდებარე ფერდობი მთლიანად:

„რუსთავი, როგორც ძველი ინდუსტრიული და ნაკლებად გამწვანებული ქალაქი, ეკოლოგიური მდგომარეობისა და ატმოსფერული დაბინძურების მხრივ, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. იაღლუჯის მთის თითქმის მთლიანი ტერიტორია დაფარულია გაფხვიერებული ნიადაგით და ქარის დროს ქალაქი ძალიან იმტვერება, რასაც ადასტურებს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევები. დადგინდა, რომ მტვრის კონცენტრაცია ჰაერში ნორმას სამჯერ აღემატება“.

ბონდო მამულაშვილმა იქვე შეახსენა კოლეგებს, რომ მერიამ იმ 20 ჰექტარ მიწაზე, რომელსაც ბიზნესმენი გიორგი ონიანი ითხოვს, გამწვანებისთვის 200 ათასი ლარი უკვე დახარჯა.

საკრებულოს სხდომა
საკრებულოს სხდომა

საბოლოოდ, საკრებულომ მხარი დაუჭირა მერიის პოზიციას და მწვანეების ინიციატივასაც. თავი შეიკავა ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მისმა წევრმა ნანა შატბერაშვილმა საკითხის შესასწავლად დრო ითხოვა:

ახლა მოუნდათ [რუსთავის ხელისუფლებას] ყველაფრის გამწვანება... რა ვიცი, მე რომ დაზარალებული ვარ, ეს ფაქტია, აღიარა სასამართლომაც და პროკურატურამაც.
გიორგი ონიანი

„ის, რომ თქვენ [საკრებულოს უმრავლესობა] ამ [მერიის] პოზიციას ცალსახად ეთანხმებით, ესაა თქვენი უფლება. ძალიან გთხოვთ, მოგვეცით უფლება, რომ ჩვენ ფრაქციის სახელით წარმოვადგინოთ ჩვენი მოსაზრება...ეს არის ჩვენი უფლება“.

სხდომას ესწრებოდა თავად ბიზნესმენი გიორგი ონიანიც, რომელსაც სიტყვით გამოსვლა უნდოდა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა.
სხდომის შემდეგ მან რადიო თავისუფლებასთან საუბარში გაკვირვება გამოთქვა უმრავლესობის უარისა და ოპოზიციის პოზიციის გამო.

„ახლა მოუნდათ [რუსთავის ხელისუფლებას] ყველაფრის გამწვანება... რა ვიცი, მე რომ დაზარალებული ვარ, ეს ფაქტია, აღიარა სასამართლომაც და პროკურატურამაც“, თქვა გიორგი ონიანმა იქვე მდგომი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გასაგონად.

იაღლუჯის მთის ფერდობზე ფიჭვის ნერგების დარგვა 2016 წლიდან დაიწყეს. ნარგავების მორწყვა-პატრონობა რუსთავის მერიის „სერვისცენტრს“ აქვს დავალებული. მისი დირექტორი გიორგი გოროზია ამბობს, რომ მშრალი ნიადაგის გამო ნარგავებს დღეში ორჯერ რწყავენ:

„დღეში ორჯერ ვრწყავთ შავ ფიჭვებს, [ფერდობზე] ხუთტონიანი ავზები გვაქვს განთავსებული. დღეში ორჯერ ადის ჩვენი ათტონიანო ბოილერი, ავტომანქანა, რომელიც ავსებს ავზებს და აქედან ხდება სარწყავი „შლანგებით“ ნერგების მორწყვა“.

გიორგი გოროზია ამბობს, რომ მერიამ გამწვანებისთვის 200 ათასი ლარი უკვე დახარჯა და სამომავლოდ სამელიორაციო სისტემის მოწყობასაც აპირებს. ამ მიზნით შესაბამის სამინისტროებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG