რუსთავის სკოლებსა და ბაგა-ბაღებში 7 ივლისს 60 ცალი სანაგვე ურნა შეიტანეს, პლასტმასის საკვები ჭურჭლის სეპარირების მიზნით.
გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „რუსთავის ინოვაციების ჰაბი“ რუსთავის მერიასთან პარტნიორობით ახორციელებს, მოსწავლეებისა და აღსაზრდელების მიერ მეორადი საკვები პლასტმასის ჭურჭლის ჩაბარებას გულისხმობს.
ალკოჰოლური თუ უალკოჰოლო სასმელების პლასტმასის ჭურჭელს სკოლის მოსწავლეები თუ აღსაზრდელები სპეციალურ სტიკერებიან ურნებში ჩაყრიან. სეპარირების ურნები იმ სკოლებში შეიტანეს, რომლებიც შემოღობილია.
რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მერია წაახალისებს ცალკეულ მოსწავლეს, ბაღს თუ მთლიანად სკოლებს, რომლებიც ნარჩენების შეგროვებაში იაქტიურებენ.
„გაეროს განვითარების პროგრამის კვლევით, რომელიც ჩვენ დავუკვეთეთ, ყოველთვიურად რუსთავიდან 70 ათასი ტონა ნაგავი გააქვთ. აქედან 4-5 პროცენტი პლასტმასის ჭურჭელია. ეს დიდი ციფრია“, თქვა ირაკლი ტაბაღუამ.
პროექტის მხარდამჭერია ასევე კომპანია „სანიტარი“, რომელიც ბრიტანული ნავთობკომპანია ბი-პის კონტრაქტორია, ნარჩენების მართვის კუთხით. კომპანია „სანიტარის“ გარემოსდაცვისა და უსაფრთხოების მენეჯერმა გიორგი ბარძიმაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი კომპანია რუსთავში საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირებას იწყებს.
„რუსთავში დავიწყეთ მყარი ნარჩენების სეპარირება-გადამუშავება. ეს არის ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც ხელს შეუწყობს, რუსთავში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას“, - თქვა გიორგი ბარძიმაშვილმა.
პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, „რუსთავის ინოვაციების ჰაბიდან“, რევაზ ბარბაქაძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მათი პროექტი ახალგაზრდებზე, ასევე სკოლებსა და ბაგა-ბაღებზეა გათვლილი.