რუსთავის ტრანსპორტის მართვისა და კონტროლის განყოფილებამ, მოქალაქეთა პეტიციის საფუძველზე, რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მგზავრთა გადამყვანი კომპანია „ინტერტრანსის“ მონიტორინგი დაიწყო. პეტიციაში ლაპარაკია გადამზიდავი კომპანიის მიერ სატენდერო პირობების შეუსრულებლობასა და მძღოლების უხეშობაზე.
30 ივლისს, რუსთავის საკრებულოს ტრანსპორტის საკითხების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, რომელიც რუსთაველთა პეტიციაში მოყვანილი ფაქტებისა და მოთხოვნების განხილვასაც დაეთმო, მერიის ტრანსპორტის მართვისა და კონტროლის განყოფილების უფროსმა დავით გიორგაძემ თქვა, რომ კომპანია „ინტერტრანსის“ საქმიანობის მონიტორინგის შედეგები მიმდინარე კვირის ბოლოს გამოქვეყნდება:
„ყველა სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ემსახურება შესაბამის სვლაგეზს, იქნება შემოწმებული, თუ რამდენად არის დაცული ჰიგიენური ნორმები დამატებით სავარძლებზე, ასევე, როგორ მუშაობს ცხელი ხაზი სატრანსპორტო კომპანიაში, ასევე, კონდიცირების სისტემა რამდენად არის გამართული“.
დავით გიორგაძემ თქვა, რომ 2014 წლიდან „ინტერტრანსი“ 11-ვე მარშრუტზე დაჯარიმდა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის. რუსთაველების მიერ სოციალური ქსელით 24 ივლისს გავრცელებულ პეტიციაშიც წერია, რომ „რუსთაველი მოსახლეობის უკმაყოფილება უკვე მრავალ წელს ითვლის, თუმცა ამჯერად მოთმინება უკვე აღარ არის საკმარისი იმ უპასუხისმგებლობის და არაპროფესიონალიზმის ასატანად, რასაც მგზავრები ყოველდღიურად აწყდებიან კომპანიის მფლობელობაში არსებული ტრანსპორტით სარგებლობისას“.
პეტიციის ერთ-ერთმა ავტორმა, ქეთევან სინჯიკაშვილმა, რომელსაც ყოველდღე უწევს რუსთავი- თბილისის მარშრუტით მგზავრობა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პიკის საათებში სასურველ მიკროავტობუსს დიდხანს ელოდება.
„წარმოიდგინეთ, დგახარ გაჩერებაზე, ტრანსპორტი არ არის და არც იცი, როდის მოვა, პასუხს ვერავინ ვერ გცემს. „ინტერტრანსში“ რეკავ, კონკრეტულ პასუხს ვერავინ გცემს. „იცით, არ გვაქვს ამ ეტაპზე ინფორმაცია“ - ეს რა პასუხია? აბა, ვის უნდა ჰქონდეს [ინფორმაცია]? რა ფუნქცია აქვს, საერთოდ, „ინტერტრანსს“? რატომ შემოვიდა რუსთავში, რატომ აიღო ამხელა პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ მთელი ეს სატრანსპორტო სისტემა მოეწესრიგებინა, ხომ?“
’ინტერტრანსი’ ამბობს, რომ ყველა [კონდიციონერი] მწყობრშია, მაგრამ როგორ შეიძლება ყოველდღე ადამიანი მგზავრობდეს და ერთ მომუშავე კონდიციონერიან მარშრუტკაში ვერ მოხვდეს...მანანა ოქროპირიძე
ქეთევან სინჯიკაშვილის თქმით, პეტიციის გამოქვეყნებამდე კომპანიას წერილობითაც მიმართა, მაგრამ პასუხი არ გასცეს. არ მუშაობს არც კომპანიის ცხელი ხაზი. პეტიციის კიდევ ერთმა ავტორმა, მანანა ოქროპირიძემ, რომელიც თბილისში, ტვირთების გადამზიდავ ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს, სხვა პრობლემებთან ერთად ყურადღება გაამახვილა მიკროავტობუსებში კონდიცირების სისტემის გაუმართაობაზე:
„’ინტერტრანსი’ ამბობს, რომ ყველა [კონდიციონერი] მწყობრშია, მაგრამ როგორ შეიძლება ყოველდღე ადამიანი მგზავრობდეს და ერთ მომუშავე კონდიციონერიან მარშრუტკაში ვერ მოხვდეს. ყოველდღე ვეკითხები [მძღოლებს], რატომ არ მუშაობს, გვეუბნებიან, გაფუჭებულია. „ინტერტრანსი“ ჩვენ გვავალებს გაკეთებას, მაგრამ ამის სახსრები არ გაგვაჩნია“.
ამასთან, მანანა ოქროპირიძეს გული სწყდება, რომ 24 ივლისიდან პეტიციას ხელი მოაწერა მხოლოდ 400-მა ადამიანმა.
საგულისხმოა, რომ 30 ივლისს „ინტერტრანსის“ ხელმძღვანელები ღია ცის ქვეშ შეხვდნენ კომპანიის მძღოლებს და ადგილობრივი ჟურნალისტებიც მიიწვიეს.
ღია თათბირს კომპანიის გენერალური დირექტორი ალექსანდრე ჯაფარიძე უძღვებოდა. მან მძღოლებს მოუწოდა მაქსიმალური მოთმინება გამოეჩინათ პრეტენზიული მგზავრების მიმართ და დაეცვათ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები:
„იმიტომ ხართ აქ ყველა ხაზის წარმომადგენელი შეკრებილი, რომ გითხრათ: რაც არ უნდა სიცხე იყოს მანქანაში და მოქალაქეებიდან მოთხოვნა იყოს ამოსასვლელი კარის გაღების ან ფეხზე დადგომის, დაუშვებელია, რადგან ეს არის ავტობანი. ერთი არასწორი მოძრაობა და შეიძლება ადამიანი დავაზიანოთ“.
ალექსანდრე ჯაფარიძის ამ შეგონებას მძღოლების არგუმენტი მოჰყვა. მაგალითად, გელა გოზალიშვილმა ე. წ. „ხიშნიკების“ პრობლემა წამოსწია. მისი თქმით, „მინივენის“ ტიპის ავტომობილები, რომლებსაც ლიცენზია არ აქვთ, კომპანიის მძღოლებს მგზავრებს ართმევენ:
სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს შარშანდელი დასკვნით, ერთი მგზავრის გადაყვანა რეალურად გვიჯდება 1,8 ლარი. ამ დროს მგზავრებს ვემსახურებით 1,5 ლარად. აქედან დასკვნა თქვენ გააკეთეთ...ალექსანდრე ჯაფარიძე
„დილით ხომ უნდა გავავსოთ ავტომანქანები [მგზავრები]? საწვავში ვიხდით 2,3-2,4 ლარს, მაგრამ ხიდიდან რომ დავიწყებ [მოძრაობას] და ყოველ მეორეს, დიდ თუ პატარა მანქანას, აწერია „აჭარა“, „გონკაობა“ რომ გვიწევს ამხელა „სპრინტერით“, ორი კაცი რომ არ ამაცალოს, რა ვქნათ, მითხარით. მინდა მუშაობა და ვერ ვმუშაობ“.
მძღოლ გელა გოზალიშვილის პრეტენზია „ინტერტრანსის“ გენერალურმა დირექტორმაც გაიზიარა. მეტიც, ალექსანდრე ჯაფარიძის თქმით, კომპანია, ფაქტობრივად, ზარალზე მუშაობს:
„სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს შარშანდელი დასკვნით, ერთი მგზავრის გადაყვანა რეალურად გვიჯდება 1,8 ლარი. ამ დროს მგზავრებს ვემსახურებით 1,5 ლარად. აქედან დასკვნა თქვენ გააკეთეთ“.
„ინტერტრანსის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ თენგიზ სანიკიძემ ყურადღება საწვავისა და მარაგნაწილების გაძვირებაზე გაამახვილა. მისი თქმით, საწვავის ფასი არარეალურ ნიშნულამდე ავიდა. თენგიზ სანიკიძის განცხადებით, ზარალის მიუხედავად, კომპანია ცდილობს მიკროავტობუსები კონდიცირების სისტემით უზრუნველყოს, თუმცა სისტემა დატვირთვას ხშირად ვერ უძლებს:
„სერიოზულ დატვირთვას ეს კონდიციონერები ვერ უძლებენ. როცა 15-17 მგზავრი ზის მიკროავტობუსში, კონდიციონერი გამოდის მწყობრიდან. მძღოლი ვალდებულია მეორე დღეს გააჩეროს მანქანა და კონდიციონერი შეაკეთოს, მაგრამ ამ გაჩერებამ გამოიწვია ის, რომ ხაზებზე მანქანები გვაკლდება და ამიტომ შარტავაზე [შარტავას მოედანზე] იკრიბება ამდენი ხალხი“.
რუსთავის საკრებულოს ტრანსპორტის საკითხების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი გურამ კვარაცხელია კი ამბობს, რომ მგზავრთა უნებართვო გადაყვანა ოფიციალური რეგულირების სფეროს განეკუთვნება, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ „ინტერტრანსს“ ბევრი გაუმართავი მანქანა ჰყავს, რომლის დანაკლისს სწორედ ე.წ. „ხიშნიკები“ ავსებენ.
„რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა ვებრძოლოთ უკანონო გადაზიდვებს, მაგრამ იმ პირობებში, როცა დავიწყებთ უკანონო გადამზიდავების გაჩერებას, მაშინ როცა მგზავრი ფეისბუკზე აქვეყნებს პრეტენზიას, რომ 40-50 წუთი გაჩერებაზე დგას და ვერ მიჰყვება ტრანსპორტს, გამოვა ისე, რომ ჩვენ ხალხის წინააღმდეგ მივდივართ.“
გურამ კვარაცხელიამ დასძინა, რომ დაელოდებიან მერიის შესაბამისი სამსახურის მონიტორინგის შედეგებს, რასაც რუსთავის საკრებულოს ტრანსპორტის საკითხების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციები მოჰყვება.